ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.027.016990
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
494
16/01/2020
ვებგვერდი, 17/01/2020
010240060.22.027.016990
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2020 - 06/01/2023)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №494

2020 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად და ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის თაობაზე ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნას ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. 
2. დამტკიცდეს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მიმდინარე წელს უზრუნველყოს „ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად 2 თანამშრომლის აყვანა.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (შემდგომ – მონიტორინგის ცენტრი) იქმნება ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით.

2. თავისი საქმიანობისას მონიტორინგის ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით, საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. მონიტორინგის ცენტრის შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. მონიტორინგის ცენტრის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

1. მონიტორინგის ცენტრი იქმნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომ – უწყებათაშორისი საბჭო) ფარგლებში უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. მონიტორინგის ცენტრს ხელმძღვანელობს უწყებათაშორისი საბჭოს მდივანი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.

3. მონიტორინგის ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია მონაცემთა კვლევის დანაყოფი და საკონსულტაციო დანაყოფი.

4. მონიტორინგის ცენტრის საქმიანობის ორგანიზებასა და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო, რომელიც შედგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან.

5. მონიტორინგის ცენტრის საქმიანობაში, ცენტრის ხელმძღვანელის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ცენტრის წევრი და არაწევრი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აგრეთვე, შესაბამისი დარგის ექსპერტმა.

 მუხლი 3. ცენტრის მიზანი და ფუნქციები

1. მონიტორინგის ცენტრის მიზანია ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ან/და უკანონო გავრცელების თაობაზე ინფორმაციის შეგროვება და შეფასება, აგრეთვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საბჭო უზრუნველყოფს:

ა) ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (შემდგომ – EMCDDA) მიერ განსაზღვრული ინდიკატორების გათვალისწინებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების დამუშავებას, მათი მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასებას;

ბ) ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების საკითხზე ყოველწლიური და სპეციალური ანგარიშების მომზადებას და უწყებათაშორისი საბჭოსათვის წარდგენას;

გ) საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, „EMCDDA“-თან, ინფორმაციის გაცვლასა და ანგარიშგების წარმოებას;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. ანგარიშვალდებულება და კონფიდენციალობა

1. მონიტორინგის ცენტრი ანგარიშვალდებულია უწყებათაშორისი საბჭოს წინაშე.

2. მონიტორინგის ცენტრის ფარგლებში დამუშავებული დოკუმენტებისა და სხვა შესაბამისი მასალის შინაარსი კონფიდენციალურია. დაუშვებელია მათი შინაარსის მესამე პირისათვის გამჟღავნება ცენტრის მიერ აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე.

მუხლი 5. მონაცემთა კვლევის დანაყოფი

1. მონაცემთა კვლევის დანაყოფის საქმიანობის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ნარკოვითარების მონიტორინგის მიზნით ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ცენტრის სპეციალური და ყოველწლიური ანგარიშების შემუშავება.

2. მონაცემთა კვლევის დანაყოფი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, ჯანდაცვის სექტორთან და თემატურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებთან, სერვისის მიმწოდებელ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან/და კერძო დაწესებულებებთან.

3. მონაცემთა კვლევის დანაყოფის შემადგენლობაში შედის ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების, ადიქტოლოგიის, სოციოლოგიის, სტატისტიკის ან ეპიდემიოლოგიის დარგის 5 წარმომადგენელი.

4. მონაცემთა კვლევის დანაყოფის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსის წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 6. საკონსულტაციო დანაყოფი

1. საკონსულტაციო დანაყოფის ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა, ამავე დანაყოფის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტებსა და ანგარიშებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება და პროფესიული კონსულტაცია.

2. საკონსულტაციო დანაყოფი იკრიბება საკუთარი ინიციატივით, ან ცენტრის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

3. საკონსულტაციო დანაყოფი შედგება ქვემოდასახელებული სახელმწიფო უწყებების 6 წარმომადგენლისაგან:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურა;

ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში დასახელებული უწყებები 2 წლის ვადით უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენენ უწყების იმ თანამშრომელს, რომელსაც აქვს ნარკოვითარებისა და ნარკომოხმარებასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. საკონსულტაციო დანაყოფის წევრის ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად სახელმწიფო უწყება, რომლის თაობაზეც წერილობით ეცნობება უწყებათაშორის საბჭოს.

5. საკონსულტაციო დანაყოფის მუშაობაში, ცენტრის ხელმძღვანელის მოწვევით, მონაწილეობას იღებს ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების ან/და ადიქტოლოგიის, ასევე, მომიჯნავე დარგების 5 ექსპერტი.