დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 513 |
დოკუმენტის მიმღები | შინაგან საქმეთა სამინისტრო |
მიღების თარიღი | 08/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 13/09/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 370.012.003.089 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №513
1997 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ“ /თან ერთვის/.
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „კრიმინალური ქრონიკის“ ფურცლებზე.
3. ბრძანება გაეცნოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების პირად შემადგენლობას.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
1. საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო (შემდგომში „ეროვნული ბიურო“) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც წარმართავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების (შემდგომში ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები), შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ორგანიზაციულ-მეთოდურ საქმიანობას.
2. შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონულ ორგანოებში ფუნქციონირებენ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს წინაშე.
3. ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველია:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- 1993 წლის 27 ივლისი კანონი „პოლიციის შესახებ“;
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის კანონი;
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის კანონი;
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 1993 წლის 3 ივნისის კანონი;
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოს რესპუბლიკიდან დროებითი გასვლის და საქართველოს რესპუბლიკაში შემოსვლის შესახებ“ 1993 წლის 7 დეკემბრის კანონი;
- „საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ 1993 წლის 27 ივლისის კანონი;
- „საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციის კანონი“ (1993 წლის 27 ივლისი);
- „საქართველოს რესპუბლიკის იმიგრაციის კანონი“ (1993 წლის 20 ივლისი);
- „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს № 515 დადგენილებით დამტკიცებული დებულება;
- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 23 დეკემბრის №937 დადგენილება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 7 მარტის № 286 დადგენილებით დამტკიცებულ დროებით დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე“;
- დებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ“;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება „საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელების რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“;
- სხვა ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
4. ეროვნულ ბიუროს გააჩნია უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გამოიხატება მოსახლეობის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის, უცხოელთა გასვლა-შემოსვლის ვიზების გაფორმება-გაცემის, საქართველოსა და უცხოელი მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ, რეგისტრაციის წესების დაცვის ორგანიზაციულ-პრაქტიკულ უზრუნველყოფაში.
5. ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს ღერბის, სახელწოდებისა და ნომრის გამოსახულებით, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების, სამსახურებრივი შტამპები. ეროვნული ბიუროს დაფინანსება, სამინისტროსთან ერთად, ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
თავი II
ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ორგანიზაციული სტრუქტურა
6. ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობენ ეროვნული ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
7. ეროვნული ბიუროს სტრუქტურასა და შტატს, ეროვნული ბიუროს უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს და მათში ცვლილებებს ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
8. ეროვნული ბიუროს სტრუქტურაში შედის :
8.1. საპასპორტო-სავიზო განყოფილება, რომელიც მოიცავს;
ა) საპასპორტო ქვეგანყოფილებას;
ბ) სავიზო ქვეგანყოფილებას.
8.2. მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილება;
8.3. ორგანიზაციულ-ტექნიკური განყოფილება, რომელიც მოიცავს ტექნიკურ ქვეგანყოფილებას;
8.4. ემიგრაციის ქვეგანყოფილება;
8.5. უზრუნველყოფის ჯგუფი;
8.6. კანცელარია;
8.7. საინფორმაციო-სამისამართო განყოფილება.
9. შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის სტრუქტურაში შედის:
ა) საპასპორტო სამსახური;
ბ) მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური;
გ) სავიზო სამსახური.
10. შიანაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების სტრუქტურასა და შტატს, ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონულ ორგანოებთან წინასწარი შეთანხმებით, საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს წარდგინებით ამტკიცებს და მათში ცვლილებებს ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
11. შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების ხელმძღვანელები, მათდამი დაქვემდებარებული საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების საშტატო და საკადრო საკითხებს წყვეტენ ეროვნული ბიუროს უფროსთან წინასწარი კონსულტაციისა და მისი თანხმობის მიღების შემდეგ.
თავი III
ეროვნული ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მოვალეობები
12. ეროვნული ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
12.1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის კანონით და „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულებით, აგრეთვე ამ დებულების მე-3 პუნქტში დასახელებული სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების შეუქცევადი აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
12.2. საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან მუდმივი გასვლის, საქართველოში უცხოელთა შემოსვლისა და მათი რეგისტრაციის დადგენილი წესების უზრუნველყოფა, საქართველოს მოქალაქეებზე პირადობის მოწმობის, რეგისტრაციის მოწმობისა და პასპორტის, ხოლო საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის მოწმობისა და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობის დაცემის საქმიანობის წარმართვა, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა.
12.3. საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემთა ცენტრალიზებული კომპიუტერული ბანკის შექმნა; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობებისა და ვიზების ცენტრალიზებული, კომპიუტერული აღრიცხვა.
12.4. სარეგისტრაციო-საპასპორტო სისტემასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. ამ საქმეში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესაძლებლობების გამოყენება, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესების პროპაგანდა.
12.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების სრულყოფის მიზნით, წინადადებების წარდგენა.
12.6. ეროვნული ბიუროს, სამინისტროების, ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება; ელექტრონულ-კომპიუტერული და სხვა სახის სპეციალური ტექნიკით, აგრეთვე, კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებით, მათი უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობა.
12.7. კანონიერებისა და დისციპლინის განმტკიცება ეროვნული ბიუროს, ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების და შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების პირად შემადგენლობაში; კადრების შერჩევა, აღზრდა და განაწილება, მათი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
13. საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ეროვნული ბიურო, მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით უზრუნველყოფს:
13.1. ეროვნული ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა, ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდულ შეჯამებას, შეფასებასა და ანალიზს; მუშაობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების, პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და პასპორტების დასაბუთებლად და გაყალბებული მონაცემებით გაცემის ფაქტების გამოვლინებას და გამოსწორებას, ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების შესწავლის საფუძველზე, მათი დაძლევისა და აღმოფხვრის ღონისძიებათა შემუშავებას და განხორციელებას.
13.2. საპასპორტო-საგზაო საქმიანობის სრულყოფისა და სარეგისტრაციო სისტემის განვითარებისაკენ გამიზნული პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავებას და განხორციელებას, საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების სტრუქტურისა და შტატის დახვეწას, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის ორგანიზაციულ-ტექნოლოგიურ სრულყოფას, საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მათ აღჭურვას, ამ საკითხების ირგვლივ შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე შესაბამისი წინადადებების დაყენებას.
13.3. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა სარეგისტრაციო მონაცემების, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობებისა და გასვლა-შემოსვლის ვიზების ცენტრალიზებული, კომპიუტერული აღრიცხვის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონისა და „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულებიდან გამომდინარე მოთხოვნების გათვალისწინებით.
თავი IV
ეროვნული ბიუროს საქმიანობის ორგანიზაციული საფუძვლები, მისი ანგარიშგებისა და შემოწმების ფორმები
14. საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს ნახევარწლიანი გეგმების მიხედვით, ხოლო ბიუროში შემავალი სტრუქტურული დანაყოფები (განყოფილებები, ქვეგანყოფილებები, ჯგუფები და კანცელარია) კვარტალური გეგმების საფუძველზე.
15. ეროვნული ბიუროს უფროსი პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე ეროვნული ბიუროს კომპეტენციაში შემავალი ფინქციების განხორციელებისათვის.
16. ეროვნული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ბიუროს საპასპორტო-სავიზო და სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები და მოითხოვოს მათი შესრულება ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილეებისა და პირადი შემადგენლობისაგან საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს და შინაგან საქმეთა მინისტრს ხელმოსაწერად და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამისი დირექტიული წერილებისა და ბრძანების პროექტები, აგრეთვე წარდგინებები საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების თანამდებობის პირთა წახალისებისა და დაწინაურების, დისციპლინური წესით დასჯის და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
17. საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საქმიანობის ცალკეულ საკითხებს განიხილავს ეროვნული ბიუროს უფროსის მიერ, საჭიროებისამებრ მოწვეული ეროვნული ბიუროს ოპერატიული თათბირი. ეროვნული ბიუროს ოპერატიულ თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებაში აისახება მისი სისრულეში მოყვანის ძალები, საშუალებები და ვადები.
18. ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილეები პასუხს აგებენ ეროვნული ბიუროს უფროსის წინაშე საკურატორო სამსახურების საქმიანობის სწორი ორგანიზაციისათვის.
19. განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების უფროსები, აგრეთვე მათი მოადგილეები, დაქვემდებარებული სამსახურების წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისათვის, პასუხს აგებენ ეროვნული ბიუროს უფროსისა და იმ მოადგილის წინაშე, რომელიც კურატორობას უწევს მოცემულ სამსახურს.
20. ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან ეროვნული ბიუროს წინაშე მინდობილი საქმიანობის სწორი ორგანიზაციისათვის. ყოველი კვარტლის ბოლოს, ისინი ეროვნულ ბიუროში წარადგენენ კვარტალურ, ნახევარი წლის, ცხრა თვისა და წლიურ ანგარიშებს და ეროვნული ბიუროს უფროსის სახელზე შედგენილ მოხსენებით ბარათებს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.
21. ეროვნული ბიურო, ნახევარწლიანი გეგმებისა და სპეციალური გეგმადავალებების მიხედვით, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამხარეო, საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების კომპლექსურ, აგრეთვე მათი საქმიანობის ცალკეული საკითხების მიზნობრივ შემოწმებას და მონაწილეობას იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის მიერ დაგეგმილ შინაგან საქმეთა ორგანოების კომპლექსურ შემოწმებებში.
22. ეროვნული ბიუროს საქმიანობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით.
თავი V
ეროვნული ბიუროს რეორგანიზაციისა და მის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
23. ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია, მის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა და ამ დებულების შეცვლა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის
ე რ ო ვ ნ უ ლ ი ბ ი უ რ ო
დოკუმენტის კომენტარები