„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 330000000.10.003.021725
17
10/01/2020
ვებგვერდი, 10/01/2020
330000000.10.003.021725
„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2020 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 330000000.10.003.019436) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული თანდართული „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო პროგრამის – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის  განვითარების ხელშეწყობის“ მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაშვების წერტილი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას;

ბ) თეთრი ზონა – ის დასახლებული პუნქტი, სადაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით  ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არ არსებობს  ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით  დაკავშირებულია ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან და არ არსებობს ოპერატორის მხრიდან შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ისა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1გბ/წმ-ის სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა და ოპერატორების მიერ არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მომდევნო 3 წლის პერიოდში;

გ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

დ) მოსახლეობის რაოდენობა – დასახლებულ პუნქტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგებით განსაზღვრული მოსახლეობის რაოდენობა;

ე) მგფ – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

ვ) ოპერატორი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი;

ზ) ოუფენ ნეტი – ა(ა)იპ – ოუფენ ნეტი (ს/კ: 404497790), დაფუძნებული 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით;

თ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი – ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ ოპტიკურ-ბოჭკოვან შეერთებას რეგიონულ (მუნიციპალურ) ცენტრებში არსებულ დაშვების წერტილებს შორის (მათ შორის, თბილისში), აგრეთვე  აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, მოაწყოს უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა ოპერატორების დაშვების წერტილებთან (მათ შორის, საერთაშორისო T1 ოპერატორებთან არანაკლებ 10 გბ/წმ მოცულობით);

ი) პროგრამა – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების“  სახელმწიფო პროგრამა;

კ) სამიზნე გეოგრაფიული არეალი – იმ თეთრი ზონების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის;

ლ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

მ) უწყვეტი ოპტიკურ ბოჭკოვანი შეერთება – ორ წერტილს შორის შეერთება, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელი, პასიური ოპტიკური ელემენტები და კაბელის სეგმენტების შემაერთებელი ქსელური აპარატურა;

ნ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა – ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის (არანაკლებ 1გბ/წმ) საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ დაშვების წერტილებს  შორის;

ო) ღია დაშვების მომსახურება – ოუფენ ნეტის მიერ შეთავაზებული მომსახურებები, რომლებიც აღწერილია მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:

ა) ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;

ბ) სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება;

გ) შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:

ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა;

ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით  უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები;

გ) დაშვების  წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.

3. პროგრამის ფარგლებში მოწყობილი გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს შინამეურნეობის შემთხვევაში – არანაკლებ 100 მბ/წმ-ის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსა და საწარმოს შემთხვევაში – არანაკლებ 1 გბ/წმ-ისა და სხვა ფართოზოლოვან მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობას, იქ სადაც, ამ დრომდე ამგვარი მომსახურების მიღების შესაძლებლობა  არ ყოფილა ხელმისაწვდომი ან არსებული მომსახურების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც იგი ბოლო მომხმარებელს დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.

4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში და მოცემული არეალებიდან ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ დაშვების წერტილებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფისა და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის თავისუფალი ოპტიკური ძარღვ(ებ)ის არსებობა, მათი ტექნიკური პარამეტრებისა და მომსახურების ხარისხის ჩათვლით) გათვალისწინებით. ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის მიზნით მონაცემთა გადაცემის ქსელი მოეწყობა როგორც სამიზნე გეოგრაფიულ არეალში, ისე სარგებლობაში გაცემულ  ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე.

5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ოუფენ ნეტის მიერ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, შემდეგი ღია დაშვების მომსახურებები:

ა) პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;

ბ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის (ერთ-ერთი წერტილი აუცილებლად უნდა იყოს თეთრ ზონაში) მონაცემთა გადაცემის არხ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა;

გ) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე, თუკი იგი გადის  თეთრი ზონის ისეთ დასახლებულ პუნქტ(ებ)ში, სადაც მოსახლეობა ნაკლებია 200-ზე, მაგრამ არანაკლებია 100-ისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაშვების წერტილებში ოპტიკური ძარღვ(ებ)ის სარგებლობაში გაცემა.

მუხლი 3. უფლებამოსილებათა განაწილება

1. ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინისა (High Level Design) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას, (კონცეპტუალური დიზაინი შესაძლებელია, დაიყოს რამდენიმე ფაზად) და გადასცემს მას მგფ-ის კომისიიდან წინადადებების მიღებაზე მოთხოვნის (Request for Proposal) (ტექნიკური დავალების (ToR)/სამუშაოს აღწერილობის (Scope of Work)) მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა. ამასთან, კონცეპტუალური დიზაინი უნდა მოიცავდეს ქსელის ტოპოლოგიას, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს (როგორც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, ისე მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის). მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების ვადა შესაძლებელია, აღემატებოდეს 90 დღეს და მისი მოწოდებისათვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ იქნეს დამატებით საამისოდ საჭირო გონივრული ვადა.

2. სამიზნე გეოგრაფიულ არეალში პროგრამის განხორციელების თანმიმდევრობას  სამინისტრო შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის მიღებისთანავე, მგფ უზრუნველყოფს  ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (გარდა მონაცემთა გადაცემის ქსელისა/აპარატურისა) დეტალური პროექტირების, (Low Level Design) მშენებლობისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვას. ამასთან, დაფინანსების წყარო შესაძლებელია, მოზიდულ იქნეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების დაფინანსების სახით.

4. ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია აშენებულ ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე,  ქსელის მოვლაზე, მართვასა და ექსპლუატაციაზე.

მუხლი 4.  ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის საკუთრება და მართვა

1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მართვაში გადაეცემა ოუფენ ნეტს.

2. პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გასხვისდება და არ გადაეცემა მართვაში სხვა ოპერატორს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში.

3.  ოუფენ ნეტი  ვალდებულია, სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურებები.

4. ოუფენ ნეტი არ მიაწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 6. დავები

ამ პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

ეთხოვოს კომისიას, საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით,  საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, ოპერატორებისგან 3-წლიანი გეგმების გამოთხოვა და თეთრი ზონების დადგენა (ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 იანვრამდე), წინადადებების მიღებაზე მოთხოვნის (RFP) მომზადება არაუგვიანეს 2020 წლის 31 იანვრისა და აგრეთვე პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელის ოპერატორის ტარიფების დადგენა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია