„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47504
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/12/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016542
47504
30/12/2019
ვებგვერდი, 10/01/2020
000000000.00.00.016542
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №47504

2019 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14-მე-19 პუნქტები:

 „14. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ჩამოეწეროთ პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) იმ ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშება, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ხორციელდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათის მიხედვით;

ბ) კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის მიხედვით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა კორექტირდება ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული გადახდითა და შემცირების ოპერაციით (გამოაკლდება შემცირება და გადახდა);

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებით მიღებული სხვაობა:

გ.ა) დადებითია – აღნიშნული თანხა (სხვაობა) ჩაითვლება ზედმეტად გადახდილ თანხად, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა;

გ.ბ) უარყოფითია ან ნულის ტოლია – ზედმეტად გადახდილი თანხა არ ჩაითვლება თანხად, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა;

დ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ბიუჯეტიდან უკან დაბრუნების ოპერაციის არსებობისას, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გამოანგარიშებული სხვაობის თანხა კორექტირდება იმის გათვალისწინებით, თუ რომელ საგადასახადო პერიოდში წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნდა გადასახადის გადამხდელს. კერძოდ, გამოიანგარიშება დაბრუნების ოპერაციის თარიღისათვის შესაბამის არახანდაზმულ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და შემცირების ოპარაციების ჯამი, გარდა იმ ოპერაციების ჯამისა, რომლებმაც მიიღო მონაწილეობა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებულ გამოანგარიშებაში;

ე) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანხა აღემატება დაბრუნებულ თანხას, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაბრუნების ოპერაცია არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო სხვა შემთხვევაში, გამოანგარიშებული თანხა გათვალისწინებული იქნება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის მიზნებისათვის, გამოანგარიშებაში არ იღებს მონაწილეობას იმ საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით შემცირებული თანხა, რომლითაც განხორციელდა საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით დარიცხული თანხის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების პერიოდში წარმოეშვა დეკლარაციის დაზუსტების და დარიცხული გადასახადის შემცირების სამართლებრივი საფუძველი (იგულისხმება დეკლარაციის გადასახადის დარიცხვის საფუძვლის გარეშე წარდგენა და შემდგომ მისი განულება).

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით გამოანგარიშებულ თანხაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ ფორმდება დასკვნა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე კეთდება ჩანაწერი „ხანდაზმულობის გათვალისწინებით, ჩამოწერილია ზედმეტობა“, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის 41 პუნქტზე მითითებით.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩამოწერის შესახებ დასკვნა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება იმ წლის 1 იანვრის სავადო თარიღით, რომელი წლის 1 იანვრის მდგომარეობითაც ხორციელდება იმ ზედმეტად გადახდილი თანხის განსაზღვრა, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

19. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე განხორციელებული თანხის ჩამოწერის შესახებ ეცნობება ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს.“.

2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად ასევე ჩამოწეროს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც 2019 წლიდან გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.