მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/16/1296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 17/12/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016471
2/16/1296
17/12/2019
ვებგვერდი, 09/01/2020
000000000.00.000.016471
მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/16/1296

2019 წლის 17 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

  

კოლეგიის შემადგენლობა :

თეიმურაზ ტუღუშისხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილიწევრი ;

მანანა კობახიძეწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

თამაზ ცაბუტაშვილიწევრი .

სხდომის მდივანი : მარიამ ბარამიძე

საქმის დასახელება : მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378- მუხლის მე -5 ნაწილის სიტყვების : „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდეკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით .

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1296) მომართა საქართველოს მოქალაქე მირზა გიგლემიანმა . კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 5 თებერვალს . კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს .

2. №1296 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე -2 პუნქტი და მე -10 მუხლის პირველი პუნქტი .

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში , სსსკ ) 378- მუხლის მე -3 ნაწილი დანაშაულის შემადგენლობად განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას , აგრეთვე გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან /და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობას ან /და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმას ან /და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობას . ამავე მუხლის მე -4 ნაწილი ადგენს კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებებს . კერძოდ , სსსკ -ის 378- მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას , რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის , ჩადენილია არაერთგზის ან რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი . ხსენებული მუხლის მე -5 ნაწილი კი მოიცავს სსსკ -ის 378- მუხლის მე -3 და მე -4 ნაწილებით განსაზღვრული ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ , რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვისაა მსჯავრდებული და სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე .

4. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . დასახელებული კონსტიტუციური დებულების თანახმად , დაუშვებელია ადამიანის წამება , არაჰუმანური , სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , დაუშვებელია ადამიანის წამება , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება .

5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით , მოსარჩელე მირზა გიგლემიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სსსკ -ის 108- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა . მირზა გიგლემიანს 2016 წლის 17 ნოემბერს წარედგინა ბრალი სსსკ -ის 378- მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის . ბრალდების დადგენილების მიხედვით , პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ -კონტროლიორს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება , ჯანმრთელობის მოუშლელად .

6. მოსარჩელის განმარტებით , იმ შემთხვევაში , თუ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელს ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს , აღნიშნული დანაშაულისათვის სსსკ -ის 378- მუხლის მე -5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე , რაც აშკარად არაპროპორციული სასჯელის ზომაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტს .

7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , სსსკ -ის 378- მუხლის მე -3 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს , ერთი მხრივ , საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან /და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობას , ხოლო , მეორე მხრივ , აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმას ან /და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობას . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ პენიტენციურ დაწესებულებაზე თავდასხმა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ბევრად უფრო მძიმე ხასიათის ქმედებებია და მათი გაიგივება ფიზიკურ შეურაცხყოფასთან არ არის სამართლიანი . ამასთან , სიტყვებიფიზიკური შეურაცხყოფააბსტრაქტული ხასიათისაა და კვალიფიკაციის განსაზღვრისას წარმოშობს ბუნდოვანების რისკს .

8. მოსარჩელის პოზიციით სსსკ -ის 378- მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის , კერძოდ , საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის , გათვალისწინებული სასჯელის ზომა ქმედების უმართლობის ხარისხთან და გამოწვევად საფრთხეებთან მიმართებით უხეშად დისპროპორციულია . ამასთან , საქმის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში ვერ მიიღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და იგი ვალდებულია ბრალდებულ პირს შეუფარდოს თავისუფლების აღკვეთა ათიდან თორმეტ წლამდე .

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ სსსკ -ის 378- მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი სასჯელის ზომათავისუფლების აღკვეთა ათიდან თორმეტ წლამდე , წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს .

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378- მუხლის მე -5 ნაწილის სიტყვების : „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდეარაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე , საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . შესაბამისად , მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია . აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით , რომლებსაც იდენტური /მსგავსი შინაარსი გააჩნია .

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , დაუშვებელია ადამიანის წამება , არაჰუმანური , სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება . საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით ანალოგიური უფლება დაცულია მე -9 მუხლის მე -2 პუნქტით . შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , №1296 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას , მხედველობაში მიიღებს , რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378- მუხლის მე -5 ნაწილის სიტყვების : „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდეკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ №1296 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე -2 მუხლის მე -4 პუნქტის დასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31- მუხლის , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- მუხლის პირველი , მე -2, მე -5, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების საფუძველზე ,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1296 კონსტიტუციური სარჩელი („მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია .

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

 

კოლეგიის შემადგენლობა :

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი

 

.