„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების დროებითი წესი“

„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების დროებითი წესი“
დოკუმენტის ნომერი 2-287
დოკუმენტის მიმღები სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
მიღების თარიღი 05/09/1997
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 05/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.078
2-287
05/09/1997
გამოუქვეყნებელი, -, 05/09/1997
150.012.003.078
„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების დროებითი წესი“
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-287

1997 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების დროებითი წესი

1. ძირითადი დებულებანი

1.1. საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების დროებითი წესი წარმოადგენს დროებით ნორმატიულ დოკუმენტს და იგი მოქმედებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და მისი შესაბამისი კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების წესის დამტკიცებამდე.

იგი შემუშავებულია „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს №568 ბრძანებულების, „საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს №568 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №345 ბრძანებულების, „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის, პროდუქციისა და ობიექტების სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №380 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე.

1.2. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, სამომხმარებლო ბაზრის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით უზრუნველყოფას, კვების პროდუქტების წარმოების სახელმწიფო რეგულირებას.

1.3. ლიცენზირების დროებითი წესი განსაზღვრავს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების დროებითი ლიცენზირების (დროებითი ნებართვის გაცემის) ორგანიზაციულ-მეთოდურ საფუძვლებს, მეწარმე სუბიექტებზე (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) დროებითი ლიცენზიის (დროებითი ნებართვის) გაცემის პირობებს და ამ სფეროში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების ორგანოების ძირითად ფუნქციებს.

1.4. დროებითი ლიცენზიის გამცემი ორგანოები და დროებითი ლიცენზიის მიმღები მეწარმე სუბიექტები (მიუხედავად საკუთრების ფირმისა) ლიცენზირების პროცესში და შემდგომ, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას ვალდებული არიან მკაცრად დაიცვან  საქართველოს შესაბამისი კანონებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

1.5. დროებითი ლიცენზია, გაცემული სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების ორგანოების მიერ, წარმოადგენს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების უფლების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს.

დროებითი ლიცენზია გაიცემა ერთ, ასორტიმენტის პროდუქციის სასაქონლო წარმოებაზე. დაშვებულია დროებითი ლიცენზიის გაცემა ჯგუფური ასორტიმენტის კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოებაზე, თუ საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა და გამოყენებული ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას. მეწარმე სუბიექტი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე დროებითი ლიცენზიის მფლობელი.

კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოებაზე დროებითი ლიცენზირების გაცემა არ უკავშირდება პროდუქციის ხარისხობრივ და ჰიგიენურ მახასიათებლებს. აღნიშნული საკითხები რეგულირდება „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმსაზღვრელი მახასიათებლების კონტროლის (ჰიგიენური სერტიფიკატი) გარეშე პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია.

დროებითი ლიცენზია გაიცემა დროებით და მოქმედებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და შესაბამისად კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების წესის დამტიცებამდე, თუ ამ პერიოდში საგანგებო ვითარებამ ( მაგალითად, ფალსიფიცირებული ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოების თაობაზე სერტიფიკაციის (შესაბამისობის ან ჰიგიენური) ორგანოების, ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების სათანადო მოთხოვნისას და სხვა) არ განაპირობა დროებითი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საჭიროება.

მეწარმე სუბიექტის მიერ მასზე გაცემული დროებითი ლიცენზიის სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. სამეწარმეო საქმიანობის უფლებას იძლევა მხოლოდ ლიცენზია და არა მისი ასლი .

1.6. დროებით ლიცენზია გაიცემა ნებისმიერ მეწარმე სუბიექტზე (მიუხედავად საკუთრების ფორმისა), მათ შორის საქართველოში მოქმედ სხვა სახელმწიფოს მეწარმე სუბიექტზეც. გაცემული ლიცენზია უფლებას იძლევა განხორციელდეს ლიცენზირებული საქმიანობა მხოლოდ ლიცენზიაში მითითებულ მისამართზე.

1.7. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დროებითი ლიცენზია მმართველობის ადგილობრივ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს დროებითი ლიცენზიის მფლობელის საწარმო (ორგანიზაცია), აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლებს.

2. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების სისტემა

2.1. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ორგანოები, შემდეგი სისტემით:

ლიცენზირებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ერთიან ხელმძღვანელობას ახორციელებს სამინისტროსთან არსებული ლიცენზირების სახელმწიფო კომისია, რომლის შემდგენლობაშიც შედიან სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეცნიერები და მოწვეული სპეციალისტები;

ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების ლიცენზირებას ახორციელებს სახელმწიფო რეგილირების დეპარტამენტი „სამტრესტი“, ხოლო მინერალური და მტკნარი წყლების (ჩამოსხმის) და ლუდის - სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი  „საქმინხილწყალი“;

აღნიშნული დეპარტამენტები ლიცენზირებას ახორციელებენ ძირითადად ადგილებზე გასვლით.

რაიონებში (ქალაქებში) დანარჩენი კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირებას ახორციელებენ ადგილობრივი ორგანოები  რაიონების (ქალაქების) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოები, მათთან შექმნილი სალიცენციზიო კომისიების მეშვეობით (კვების პროდუქტების წარმოების ადგილობრივი, საჭიროების შემთხვევაში მოწვეული ექსპერტ-სპეციალისტების და რაიონში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით).

იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არ არსებობენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოები, კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების ადგილობრივი ორგანოს ფუნქციებს განახორციელებენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას წარმართავენ, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ორგანოები.

2.2. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების ორგანოს  რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

2.2.1. სალიცენზიო კომისიის (საჭიროების შემთხვევაში  დარგობრივი კომისიების) შექმნა.

2.2.2. დროებითი ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება (დროებითი ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადის და სათანადო დასკვნებისა და ცნობების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება).

2.2.3. დროებითი ლიცენზიის გაცემა, მისი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება.

2.2.4. მეწარმე სუბიექტების დროებითი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის კონტროლი, თავისი კომპეტენციის (ტექნოლოგიური პროცესები) ფარგლებში.

2.2.5. მეწარმე სუბიექტის ლიცენზირებული საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა (საწარმოს დასახელება, ადგილმდებარეობა, საწარმო სიმძლავრე და ასორტიმენტი).

2.3. დროებითი ლიცენზიის მიღება ფასიანია (იხ. თავი 5).

3. ლიცენზირების ჩატარების ორგანიზაცია

3.1. კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების დროებითი ლიცენზიის მისაღებად მეწარმე სუბიექტმა (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ლიცენზირების ორგანოს უნდა წარუდგინოს:

3.1.1. განცხადება დროებითი ლიცენზიის მიღების თაობაზე,. განცხადებაში აღინიშნება: მეწარმე სუბიექტის სრული დასახელება, მისამართი (ტელეფონი), საბანკო რეკვიზიტები (ბანკის დასახელება, ანგარიშსწორების ანგარიში და სხვა), საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვის ნომერი, კვების პროდუქტების სახეობათა ჩამონათვალი და საწარმოს წარმადობა.

განცხადებაში მიეთითება, რომ მეწარმე სუბიექტი გაეცნო კვების პროდუქტების ლიცენზირების დროებით წესს და იღებს ვალდებულებას მის შესრულებაზე.

3.1.2. სასამართლოში რეგისტრირებული წესდების ან რეგისტრაციის თაობაზე სასამართლოს დადგენილების ნოტარიულად დამტკიცებული ან სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული პირი.

3.1.3. მონაცემები ძირითად სპეციალისტთა კვალიფიკაციის (მუშაობის გამოცდილების) შესახებ.

3.1.4. ინფორმაცია, წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტის მიერ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მანქანა-დანადგარების, აგრეთვე, საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე – სასაწყობო მეურნეობის შესახებ.

3.1.5. სამეურნეო ობიექტის სტანდარტი და ტექნოლოგიური ინსტრუქცია, დამტკიცებული მეწარმე სუბიექტის მიერ და შეთანხმებული დარგის კომპეტენტურ ორგანიზაციასთან (ტექნოლოგიურ ცენტრთან, სამეცნიერო დაწესებულებასთან და სხვა).

3.1.6. ინფორმაცია, წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტის მიერ პროდუქციის ხარისხის შიგასაწარმოო ლაბორატორიული კონტროლის სისტემის არსებობის თაობაზე. საკუთარი ლაბორატორიის არქონის შემთხვევაში მეწარმემ უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება, გაფორმებული სხვა, შესაბამის ლაბორატორიასთან. საკუთარი ლაბორატორია აუცილებელია: რძის, ხაჭოს, არაჟნისა და კრემიანი საკონდიტრო პროდუქციის წარმოებისათვის.

3.1.7. ობიექტის (საწარმოს) ჰიგიენური სერტიფიკატი, გაცემული ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილი ცენტრალური ან ადგილობრივი ინსპექციის მიერ.

3.1.8. დასკვნა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სისტემების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, გაცემული საქსტანდარტის ტერიტორიული ორგანოს მიერ.

3.1.9. მეცხოველეობის პროდუქტების ან ცხოველური წარმოშობის ნედლეულის მწარმოებელმა საწარმოებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ დასკვნა ვეტერინარული მოთხოვნების გათვალისწინების შესახებ, გაცემული ვეტერინარიის ორგანოს მიერ.

3.1.10. მინერალური წყლების მწარმოებელმა (ჩამომსხმელებმა) საწარმოებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ ლიცენზია მინერალური წყლების მოპოვებაზე, გაცემული გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

3.2. სალიცენზიო კომისიის შექმნა ფორმდება სათანადო საოქმო გადაწყვეტილებით.

თუ ადგილობრივი სალიცენზიო კომისია თავისი კომპეტენციით ვერ პასუხობს სალიცენზიოდ წარმოდგენილი საწარმოს პროფილს, დასაშვებია ლიცენზირების ადგილობრივი ორგანოს მიერ სალიცენზიო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის ექსპერტ-სპეციალისტები რეგიონის სხვა რაიონიდან (ქალაქიდან) ან ცენტრიდან.

3.3. ლიცენზირების ორგანოს მიერ დროებითი ლიცენზია გაიცემა ამ წესით განსაზღვრული სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების (ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილი ცენტრალური ან ადგილობრივი ინსპექციები, საქსტანდარტის ტერიტორიული ორგანოები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში  ვეტერინარიის ორგანოები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ლიცენზირების უწყებათაშორისი საბჭო) დასკვნების შესაბამისად და ადგილობრივ სალიცენზიო კომისიაში მოწვეულ ტექნოლოგიური პროცესების შემსწავლელ ექსპერტ-სპეციალისტთა მიერ ობიექტის ადგილზე გაცნობის და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

სახელმწიფო ზედამხედველობის სხვა ორგანოები (გარემოს დაცვის, სახანძრო, შრომის დაცვის, ტექზედამხედველობის და სხვა), მიუხედავად ლიცენზიის ქონა-არქონისა, საწარმოს მიმართ, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული ორგანოები, ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (გაფრთხილება, სავალდებულო მოწერილობა, დაჯარიმება, სამართალდამცავ ორგანოებზე საქმის გადაცემა, მუშაობის შეჩერება და ა. შ.)

3.4. გადაწყვეტილება დროებითი ლიცენზიის გაცემის ან არგაცემის შესახებ მიიღება განცხადებისა და მისდამი თანდართული დოკუმენტების (პუნქტები 3.1.2 – 3.1.9) ლიცენზირების ორგანოში წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.

3.5. დროებითი ლიცენზია გაიცემა ამ წესის 1.1. და 1.5. პუნქტებში ჩამოყალიბებული პირობების გათვალისწინებით.

დროებითი ლიცენზია ფორმდება ორ ცალად რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს დანომრილ ბლანკზე. ლიცენზიაში მითითებული უნდა იყოს: ობიექტის დასახელება, მისამართი, პროდუქციის სახეობა, სალიცენზიო კომისიის დასკვნის (ოქმის) ნომერი და თარიღი. დროებით ლიცენზიას ხელს აწერს და ბეჭედს უსვამს სალიცენზიო კომისიის თავმჯდომარე  რაიონის (ქალაქის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსი.

დროებითი ლიცენზიის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მეწარმე სუბიექტს, ხოლო მეორე რჩება ლიცენზირების ორგანოში.

3.6. დროებითი ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება ხდება ლიცენზირების ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

3.6.1. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ წესების მოთხოვნათა შეუსრულებლობისას;

3.6.2. მეწარმე სუბიექტის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტისას;

3.6.3. დროებითი ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტის თხოვნით.

3.7. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, დროებითი ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტები ავტომატურად იღებენ ახალ ლიცენზიას, თუ აკმაყოფილებენ ამ კანონის და მის საფუძველზე შემუშავებული წესის ყველა მოთხოვნას.

თუ აღნიშნული კანონით და მის საფუძველზე შემუშავებული ლიცენზირების წესით განისაზღვრება „დროებითი ლიცენზირების წესისაგან“ განსხვავებული დამატებითი მოთხოვნები, მეწარმე სუბიექტი გადაიხდის მხოლოდ განსხვავებული მოთხოვნის ან დოკუმენტის მიღების საფასურს, რის შემდეგაც ავტომატურად მიიღებს ახალ ლიცენზიას.

4. მეწარმე სუბიექტთა და ლიცენზირების ორგანოთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობანი

4.1. მეწარმე სუბიექტი, რომელიც დაუშვებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე კვების პროდუქტების წარმოებას და მათ რეალიზაციას ან დროებითი ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაციებისა და დასკვნების სიყალბეს, პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.2. ლიცენზირების ორგანო, რომელიც არასწორად გასცემს დროებით ლიცენზიას, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც მეწარმე სუბიექტს არასწორად მისცემს დასკვნას, პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.3. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია:

4.3.1. დროებითი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის პროცესში მკაცრად დაიცვას ამ წესების მოთხოვნები;

4.3.2. ლიცენზირების ორგანოს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ინფორმაციები ამ წესით განსაზღვრულ საკითხებზე.

4.3.3. თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდეს გამოკრული დროებითი ლიცენზიის და ობიექტის (საწარმოს) ჰიგიენური სერტიფიკატის პირები.

4.4. ლიცენზირების ორგანო ვალდებულია:

4.4.1. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მეწარმე სუბიექტს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების დროებითი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებაში.

4.4.2. მეწარმე სუბიექტისათვის დროებითი ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან მისი მოქმედების შეჩერების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეწარმე სუბიექტს მოტივირებული წერილით, ხოლო წერილის ასლები გაუგზავნოს: ადგილობრივი მმართველობის, სამართალდამცავ, საგადასახადო და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებს.

მიიღოს სათანადო ზომები, რათა მეწარმემ, რომელსაც დროებითი ლიცენზია არ მიეცა, დროებითი ლიცენზიით მინიჭებული უფლებები შეუჩერდა ან გაუუქმდა, არ აწარმოოს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოება-რეალიზაცია.

4.5. დროებითი ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება დროებითი ლიცენზიის არგაცემის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე შესაძლებელია მეწარმე სუბიექტის მიერ გასაჩივრებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. დროებითი ლიცენზიის მიღებისათვის საჭირო მოთხოვნები და გადასახდელები

5.1. ობიექტის (საწარმოს) ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად მოთხოვნები განსაზღვრულია სანიტარიულ-ჰიგიენური წესებითა და ნორმებით.

ჰიგიენური სერტიფიცირების საფასური განისაზღვრება „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციების მიერ კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისას გაწეული სამუშაოების დროებითი ტარიფებით. ტარიფები დამტკიცებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ, შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროსთან და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ (რეგისტრაციის თარიღი 1997 წ. 1 სექტემბერი, № 220.012.003.074).

საფასური კვების პროდუქტების მწარმოებელი ობიექტების (საწარმოების) ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის, თანახმად ზემოთ აღნიშნული ტარიფებისა, განსაზღვრულია: ინდივიდუალური მეწარმისათვის 15 ლარი, იურიდიულ პირთათვის 30 ლარი. საფასური შეაქვს მეწარმეს ჰიგიენური სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის ანგარიშზე (ტარიფების ცვლილებების შემთხვევაში შესაბამისი საფასურიც შეიცვლება).

5.2. დასკვნა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სისტემების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე გაიცემა „პროდუქციის წარმოებაზე სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სისტემების მოთხოვნების შესაბამისობაზე დასკვნის გაცემის წესის“ თანახმად წარმოდგენილი მასალების ექსპერტიზის საფუძველზე.

დასკვნის მიღებისათვის გადასახადი შეადგენს 10 ლარს, ხოლო თუ დასკვნის გაცემა მოითხოვს საწარმოს მოკლვევით სამუშაოთა ჩატარებას, გადასახდელის ოდენობა შეადგენს 25 ლარს.

5.3. ვეტერინარული დასკვნა გაიცემა ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნების შესწავლის კომისიური აქტის საფუძველზე. კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ მეწარმე, რაიონის (ქალაქის) მთავარი ვეტერინარული ექიმი და სალიცენზიო საწარმოში მომსახურე ვეტერინარი სპეციალისტი ან ტექნოლოგი.

ვეტერინარული დასკვნის მისაღებად საჭირო გადასახდელი შეადგენს 10 ლარს.

5.4. მინერალური და მტკნარი წყლების მოპოვების აუცილებელ დოკუმენტს, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 9, პუნქტი  1) შესაბამისად, წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ლიცენზია, გაცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზირების უწყებათაშორისი საბჭოს მიერ.

წიაღით სარგრბლობის ლიცენზიის ღირებულება განისაზღვრება ამავე საბჭოს მიერ დიფერენცირებულად, ცალკეული შემთხვევებისათვის.

5.5. დროებითი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული და 1997 წლის 3 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული (რეგისტრაციის №211) ნორმატიული დოკუმენტის  „კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო მოსაკრებლის დადგენისა და გადახდის დროებითი წესის“ შესაბამისად, ლიცენზირების ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ლიცენზიის მიღებისათვის ინდივიდუალური მეწარმე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი რაოდენობით, ხოლო იურიდიული პირი ოცმაგი რაოდენობით ანუ შესაბამისად 15 და 30 ლარს.

ამ პუნქტით განსაზღვრული სახსრების 70% ირიცხება ბიუჯეტში (მისი 50% ცენტრალურ, ხოლო 50% ადგილობრივ ბიუჯეტში), ხოლო 30% – დროებითი ლიცენზიის გამცემი ორგანოს სპეციალურ ანგარიშზე.

 

„შეთანხმებულია“                          „შეთანხმებულია“                    „შეთანხმებულია“

საქართველოს                             საქართველოს                                საქსტანდარტის

ჯანმრთელობის                          ეკონომიკის მინისტრი                   თავმჯდომარე

დაცვის მინისტრი                       ვ. პაპავა                                                  ო. ხოფერია                         

ა. ჯორბენაძე                               09.08.1997წ.                                               06.08.1997წ.                                 

4.09.1997წ.