დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 686 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.10.003.021708 |
|
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2016, 040150000.10.003.019441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ − „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია/დადასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, საქართველოს ეროვნულ არქივსა თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების არქივებში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, ასევე მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერები), თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ან სხვა დოკუმენტი; დ) მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე) – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს; ე) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის მერი;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) საძოვარი.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაცემული და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) ბარში არ უნდა აღემატებოდეს 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 2022 წლის 1 იანვრამდე, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის გარეშე.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 5 1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებამდე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კონსულტაციისთვის მიიწვიოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი/წარმომადგენლები. 2. კომისია დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ მასზე დელეგირებული უფლებამოსილების კანონიერად და ჯეროვნად შესრულების მიზნით, მის საქმიანობაზე დარგობრივი ზედამხედველობა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით, ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. არავის აქვს უფლება, მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 3. კომისიას აქვს ბეჭედი, მუნიციპალიტეტის გერბის (თუ მუნიციპალიტეტს არ აქვს საკუთარი გერბი – სახელმწიფო გერბის) გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 4. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის (შემდგომში − სისტემური რეგისტრაცია) ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ამავე ბრძანებით განსაზღვრული ვადით, უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება გაგრძელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. 6. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.“. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისიის მუშაობაში, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მოწვეული იქნენ კომისიის უფლებამოსილების სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებში კომპეტენტური, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექსპერტები/სპეციალისტები და სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, მათ შორის, სააგენტოს წარმომადგენლები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრულ შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს აგრეთვე სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ერთეულის თანამშრომელი.“. 6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა შემცირდება ნახევარზე მეტად ან ლუწი იქნება, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, 5 დღეში დანიშნოს ახალი წევრი.“. 7. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.“. 8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციითა და ამ წესით.“. 9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. თუ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. 2. სააგენტო კომისიას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე). 3. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. 4. სააგენტო არ მიმართავს შუამდგომლობით კომისიას, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ან სააგენტოში დაცული/მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით უტყუარად დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს უარი კომისიაში შუამდგომლობის გადაგზავნაზე დაინტერესებულ პირს არ უზღუდავს უფლებას, თავად მიმართოს კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. 6. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ კომისიისთვის მიმართვის სხვა პირობები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.“. 10. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისია ვალდებულია, 2 სამუშაო დღით ადრე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს, 7 დღით ადრე, წერილობით აცნობოს ინფორმაცია, მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ.“. 11. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში. 3. კომისიის გადაწყვეტილება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე.“. 12. მე-16 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრებისა და ფართობის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობები და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებთან.“; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან დამატებით მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამავე კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები