„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 15/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017273
416
27/12/2019
ვებგვერდი, 27/12/2019
200090000.22.033.017273
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №416

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-11 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„3. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ  №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე. ფიზიკური პირის შემთხვევაში,  ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე  გადასვლა ასევე შესაძლებელია ვიდეოზარის საფუძველზე.“;

ბ)  მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გადასახადის გადამხდელის ავტორიზაციის წესს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.“;

გ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/სამსახურის ვებგვერდის/განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.“.

2. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი

1. გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) მოქმედი გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გეგმავს განახორციელოს ისეთი ტიპის საქმიანობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის განიხილება როგორც ხარჯის გაწევა ან/და შემოსავლის მიღება, ასევე მიმდინარე ან მომავალ საანგარიშო პერიოდებში შესაძლოა წარმოეშვას საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება;

ბ) უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მონიშნოს, ასევე შესაბამისი საფუძვლის წარმოშობამდე განაახლოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტატუსი.

4. გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ძირითადი და დამატებითი საქმიანობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

5. საინფორმაციო ბარათის წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია  შესაბამისი ცვლილებები ასახოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში.

7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ.

8. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან  შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს  დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 15 თებერვლიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი