„საქართველოს ტერიტორიაზე ტელე-რადიომაუწყებლობისათვის საჭირო თავისუფალ სამუშაო სიხშირეების კონკურსის წესით განაწილების დებულება“

„საქართველოს ტერიტორიაზე ტელე-რადიომაუწყებლობისათვის საჭირო თავისუფალ სამუშაო სიხშირეების კონკურსის წესით განაწილების დებულება“
დოკუმენტის ნომერი 4-2/93
დოკუმენტის მიმღები კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
მიღების თარიღი 20/11/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 20/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 180.012.000.220
4-2/93
20/11/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 20/11/1996
180.012.000.220
„საქართველოს ტერიტორიაზე ტელე-რადიომაუწყებლობისათვის საჭირო თავისუფალ სამუშაო სიხშირეების კონკურსის წესით განაწილების დებულება“
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის

ბრძანება N4-2/93

1996 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე ტელე-რადიომაუწყებლობისათვის საჭირო თავისუფალ სამუშაო სიხშირეების კონკურსის წესით განაწილების დებულება

1. ზოგადი დებულებები

1.1. კონკურსის მიზანია განავითაროს ეს დარგი საქართველოში და სიხშირეთა თავისუფალი სპექტრი მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ტელე და რადიოკომპანიების ფუნქციონირება და განვითარება.

1.2. კონკურსის მომწყობია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო.

1.3. კონკურსის ორგანიზაცია ევალება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მიერ დამტკიცებულ კომისიას. კონკურსის პირობები და წესი განსაზღვრულია აღნიშნული დებულებით.

1.4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ (მათ შორის, უცხოეთის) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

1.5. კომისია განიხილავს და საჭიროდ ჩათვლის კონკურსის მოწყობას, თუ მასში მონაწილე მსურველთა რაოდენობა იქნება არანაკლებ ორისა.

1.6. გამარჯვებულს გამოეყოფა ტელე და რადიომაუწყებლობისათვის არხი და გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.

1.7. კონკურსის ჩატარების პირობები, დრო და ადგილი ქვეყნდება არანაკლებ ერთი თვით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

2. კონკურსის პირობები

2.1. კონკურსანტი ვალდებულია ჰქონდეს:

- რეგისტრაციის მოწმობა

- საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა;

- სპეციალურად მოწყობილი სტუდია ან ფინანსური მდგომარეობის დამამტკიცებელი დოკუმენტები;

2.2. კონკურსში მონაწილეს მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად წინასწარ შემოაქვს თანხა 400 ლარის ოდენობით.

3. კონკურსის ჩატარების წესები

3.1. კონკურსში მონაწილემ განაცხადი უნდა შემოიტანოს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა სპეციალური ფორმის მიხედვით.

მას უნდა ჰქონდეს:

ა) რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) კონკურსში მონაწილეობისათვის წინასწარი გადასახადის ქვითარი;

გ) საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა.

3.2. სამუშაო ჯგუფი 3 დღის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას, მოამზადებს და წარუდგენს კომისიას შესაბამის მასალებს შემუშავებული სპეციალური ფორმის მიხედვით.

3.3. კონკურსს წარმართავს საკონკურსო კომისია ყველა მონაწილის თანდასწრებით. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

3.4. კონკურსის შედეგები ცხადდება იმავე ან მეორე დღეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის მიერ.

3.5. კონკურსში გამარჯვებული იღებს შესაბამის ლიცენზიას კონკურსის დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში. ამავე დროში გამარჯვებულის მიერ სათანადო სამუშაოების შესრულებისათვის დაფარული უნდა იქნეს:

- სამუშაო სიხშირის შერჩევისა და ექსპლუატაციის სამუშაოს საზღაური;

- სამუშაო სიხშირეების რადიოკონტროლი, მათი გარეშე ხელშეშლებისაგან დაცვის სამუშაოების საზღაური;

- გადამცემი საშუალებების რეგისტრაციის საზღაური;

- ნებართვების გაფორმების საზღაური;

- სალიცენზიო მოსაკრებელი.

3.6. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულება მისი მოქმედების ვადაში ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ლიცენზიის პირობების დარღვევისას კონკურსის შედეგი ითვლება ბათილად.

3.7. კონკურსში მონაწილეობისათვის წინასწარი შენატანი თანხა უკან აღარ უბრუნდება.