ი/მ ტახმურაზ იუსუბოვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ი/მ ტახმურაზ იუსუბოვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/28797-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/12/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/28797-19
02/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
ი/მ ტახმურაზ იუსუბოვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

 საქმე №2/28797-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

 წარმოებაში მიღების თაობაზე

2019 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ი/მ ტახმურაზ იუსუბოვი

წარმომადგენელი - ზვიად გადელია

მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ გამოარკვია:

2019 წლის 15 ნოემბერს, ი/მ ტახმურაზ იუსუბოვის სახელით ზვიად გადელიამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ი/მ ტახმურაზ იუსუბოვის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად დაევალა:

წარმოედგინა მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება.

მიეთითებინა მოვალისათვის ცნობილი ქონების ნუსხა: წარმოედგინა ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოვალის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ცნობა სსიპ შსს მომსახურების სააგენტოდან მოვალის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ი.მ ტახმურაზ იუსუბოვის არსებული საბანკო ანგარიშებისა და ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხების შესახებ, ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მოვალე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად;

მიეთითებინა უზრუნველყოფილ კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებები და მისამართები; მოვალისათვის ცნობილი დანარჩენი კრედიტორების ნუსხა არსებული ვალდებულებები და კრედიტორთა სახელები (სახელწოდებები) და მისამართები (საიდენტიფიკაციო ნომრები).

განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. 2019 წლის 28 ნოემბერს განმცხადებლის მიერ შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ი.მ ტახმურაზ იუსუბოვის განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-14, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდ. მეწარმე ტახმურაზ იუსუბოვის (ს.ნ 28001024702) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს;

3. გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები;

6. გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე; აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებური პირის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას;

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2020 წლის 10 იანვარს 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64, სხდომის დარბაზი №56) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;  3. გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

11. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა გამოაქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. ასევე განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6.).

 

მოსამართლე                                                                                                    თინა ვაშაყმაძე