„სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“

„სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 03-3-16
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 17/10/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 090.012.000.152
03-3-16
17/10/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/1996
090.012.000.152
„სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის

ერთობლივი ბრძანება № 03-3-16

1996 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები

სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ

სატრანსპორტო მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე შემოსულ შეკითხვებთან დაკავშირებით გაგიმარტავთ, რომ „სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტ-იმპორტის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 22.04.96 წ. №08-1-09/42/7-03/62 წერილის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების ექსპორტად ითვლება სატრანსპორტო საქმიანობის სფეროში საქართველოს რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის გაწეული მომსახურება. ამასთან ასეთი სახის მომსახურება შეიძლება გაწეულ იქნეს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მოქმედი წესის შესაბამისად საქართველოს ფარგლებს გარეთ (მათ შორის, დსთ-ის ფარგლებს გარეთ) მომსახურების ექსპორტად ითვლება საქართველოს რეზიდენტების მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დსთ ფარგლებს გარეთ) არარეზიდენტებისათვის გაწეული მომსახურება.

„დამტკიცებული ღირებულების გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) დსთ ფარგლებს გარეთ ექსპორტისას, ამ საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებისას, აგრეთვე დსთ ტერიტორიის გავლით უცხოეთის ტვირთის ტრანზიტის მომსახურებისას გამოიყენება ნულოვანი განაკვეთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნით სატრანსპორტო მომსახურების სფეროში მომსახურების ექსპორტად ითვლება და ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:

- ტვირთების ტრანსპორტირებისა და მგზავრთა გადაყვანის მომსახურება იმ პირობით, თუ გაგზავნის და დანიშნულების პუნქტი მდებარეობს დსთ ქვეყნების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

- დსთ ქვეყნების ფარგლებს გარეთ საექსპორტო ტვირთების ტრანსპორტირება და მომსახურება, ექსპედირების, ჩატვირთვა-გადატვირთვის მომსახურების ჩათვლით (გარდა მილსადენი ტრანსპორტისა) იმ პირობით, თუ ისინი გაფორმებულია ერთიანი საერთაშორისო გადაზიდვის დოკუმენტებით და სხვა საბუთებით, რომლებიც დადგენილი წესით ადასტურებენ ამ ტვირთების ფაქტობრივად გატანას დსთ ფარგლებს გარეთ;

- დსთ-ის ტერიტორიის გავლით უცხოეთის სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირებისა და მომსახურება, ექსპედირება, ჩატვირთვა-გადატვირთვის მომსახურების ჩათვლით, რომლებსაც გასწევენ საქართველოს დღგ-ს გადამხდელები უცხოელ პარტნიორებთან დადებული პირდაპირი ხელშეკრულებებით;

- დსთ ფარგლებს გარეთ მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადატანის მომსახურება იმ პირობით, თუ მასზე გაფორმებულია ერთიანი საერთაშორისო გადაყვანის და გადაზიდვის საბუთები.

აღნიშნული მიიღეთ სახელმძღვანელოდ.

ფინანსთა  მინისტრი დ. იაკობიძე 

სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსი   დ. სალარიძე