შპს ,,ოპელ მოტორსის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს ,,ოპელ მოტორსის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5893-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/5893-19
26/08/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
შპს ,,ოპელ მოტორსის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N 2/ 5893-19

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

201 9 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

 

განმცხადებელი: შპს ,,ოპელ მოტორსი“, ს/კ 406121478

დირექტორი: გიორგი ბოქოლიშვილი, პ/ნ 40001010388

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ განიხილა შპს ,,ოპელ მოტორსის“ წარმომადგენლის გიორგი ბოქოლიშვილის განცხადება გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ და

 

გამოარკვია:

2019 წლის 21 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ოპელ მოტორსის საწესდებო კაპიტალის 100%-ის მესაკუთრემ და საწარმოს დირექტორმა გიორგი ბოქოლიშვილმა და შპს ,,ოპელ მოტორსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწარმო მეორადი ავტომობილების ნაწილებით ვაჭრობდა, თუმცა, ლარის ინფლაციის გამო, საწარმომ თავი ვერ გაართვა კრედიტორული დავალიანებების გადახდას, რასაც დაემატა მაღალი საიჯარო ქირა და საწარმო გაკოტრებამდე მივიდა. საწარმოს აქვს კრედიტორული დავალიანებები შპს ,,GIO AUTO EXPORTS“-ის მიმართ 37 850 გირვანქა სტერლინგის ოდნეობით და შემოსავლების სამსახურის მიმართ აღიარებული დავალიანება 356 748.92 ლარის ოდენობით. განმცხადებლის თანახმად, საწარმოს შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება და თანხა საბანკო ანგარიშებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, შპს ,,ოპელ მოტორსს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა მის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მასზე არსებულ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა და შპს ,,ოპელ მოტორსის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან განახლებული ამონაწერის წარმოდგენა და იმის განმარტება, შეუძლია თუ არა საწარმოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯის დაფარვა გაკოტრების დაწყების შემთხვევაში.

2019 წლის 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა შპს ,,ოპელ მოტორსის“ დირექტორმა გიორგი ბოქოლიშვილმა და წარმოადგინა განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, 2019 წლის 8 მაისის დამფუძნებლის გადაწყვეტილება 2, რომელშიც აღნიშნულია საწარმოს მიერ საპროცესო ხარჯის დაფარვის შეუძლებლობის შესახებ და მითითებულია ინფორმაცია საბანკო დაწესებულებებიდან ანგარიშზე განთავსებული თანხის ოდენობის შესახებ. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სს ,,ლიბერთი ბანკის“ ცნობა ასახავს ინფორმაციას 2019 წლის 7 აპრილის მდგომარეობით, ხოლო, სს ,,საქარველოს ბანკის“ ცნობა 2019 წლის 7-8 აპრილის მდგომარეობით (ს. ფ. 20-33).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, შპს ,,ოპელ მოტორსს“ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა და დაევალა საწარმოს კუთვნილი ანგარიშების ამონაწერების წარმოდგენა 2019 წლის 1 იანვრიდან ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების სასამართლოში წარმოდგენის პერიოდამდე. 2019 წლის 21 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ოპელ მოტორსის“ დირექტორმა და წარმოადგინა 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება №3, რომელშიც აღნიშნულია საწარმოს მიერ საპროცესო ხარჯის დაფარვის შეუძლებლობის შესახებ და ამონაწერი სს ,,ლიბერთი ბანკის“ ანგარიშიდან, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 6 აგვისტომდე მდგომარეობით, ისევე როგორც ამონაწერი სს ,,საქართველოს ბანკის“ ანგარიშიდან 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობით (ს. ფ. 37-47).

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ არ არსებობს გაკოტრების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ოპელ მოტორსს“ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია თანხა ანგარიშებზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული პირველი მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ოპელ მოტორსს“ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა. მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება), ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი და ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ვერ მოხდება ასევე მეურვის სავალდებულო ანაზღაურებაც.

შესაბამისად, არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ოპელ მოტორსს“ უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორი არ შეიტანს განცხადებას სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4 . განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

 

მოსამართლე                                                                                ვერა დობორჯგინიძე