დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის დადგენილება №7 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 3, 23/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010200000.32.040.000008 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №7
2010 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №5, 24.02.2005, მუხლი მე-15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტი:
ა.ა) პროტოკოლის სამსახური;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ბ.ა) კადრების სამსახური;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახური.“.
2. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურიდიული სამსახურის მეშვეობით, ახორციელებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.“.
3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ფუნქციებია:
ა) მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის თავმჯდომარის კავშირურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა, მოქალაქეთა მიღება და მოქალაქეთა საჩივრების განხილვა;
დ) მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლობის განხორციელება;
ვ) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული და თემატური უზრუნველყოფა;
ზ) სხვადასხვა ოფიციალური და სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზება;
თ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება.
1.1. პროტოკოლის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამუშაო, არაოფიციალური და სხვა კატეგორიის ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დელეგაციების დახვედრა, გაცილება, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა და სტუმართა განთავსება, მათ კვებასთან, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა-მომზადების ორგანიზება;
ბ) სხვადასხვა ოფიციალური და სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმარება და შესრულების კოორდინაცია;
გ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის სათარჯიმნო მომსახურება;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ბ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
გ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა;
ე) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებათა შემსრულებლებამდე დაყვანა;
ვ) საკონტროლო დოკუმენტთა და დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების ორგანიზება;
თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა;
ი) მთავრობის სხდომების, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების ოქმების შედგენა, გაფორმება და აღრიცხვა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ლ) აპარატის საარქივო საქმიანობის წარმართვა;
მ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის მიერ ხელმოსაწერი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის რედაქტირება;
ნ) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
ო) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისა და მეთოდური უზრუნველყოფასათვის წინადადებების მომზადება;
პ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა;
ჟ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მთავრობისათვის;
რ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერების, მივლინებისა და სხვა საკითხთა შესახებ აქტის პროექტის მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა;
ტ) მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციების გაწევა;
უ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა.
2.1. კადრების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისა და მეთოდური უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;
გ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენა;
დ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მთავრობისათვის;
ე) სახელმწიფო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულების, უფლებამოსილების შეჩერების, მივლინებისა და სხვა საკითხთა შესახებ აქტების პროექტების მომზადება, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა;
ზ) მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციების გაწევა;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოების საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა.
4. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად განახორციელოს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ შემუშავებული შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლო ნორმატიული აქტის პროექტის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზი, მათი ამოქმედებით მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე დასკვნების მომზადება და განხორციელების მონიტორინგი;
გ) განახორციელოს სისტემატური კონტროლი აფხაზეთის მთავრობის და ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე სოციალური და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს სათანადო წინადადებები მთავრობაში;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ე) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს შესაბამისი მითითებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და უწყებებს, მოითხოვოს მათგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით;
ვ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოახდინოს მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
ზ) სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე მთავრობის თავმჯდომარის დავალების შესაბამისად სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:
ა) აფხაზეთის მთავრობის დადგენილების, განკარგულების, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანების პროექტების შემუშავება;
ბ) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლებების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტის შესწავლა და მათი მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;
გ) მთავრობის თავმჯდომარის ან/და მთავრობის აპარატის უფროსის დავალებით, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და მთავრობის აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მასალების (წერილი, განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონისა და კანონის პროექტების მომზადება და მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივის წესით, კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენა მთავრობის წარმომადგენელთან ერთად;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, უმაღლეს საბჭოში იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების წარდგენა, რომელთა წარდგენაც შედის მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციაში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უმაღლეს საბჭოში მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება მთავრობის თავმჯდომარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვის ან მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ;
თ) მთავრობის თავმჯდომარისათვის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტების ხელმოსაწერად წარდგენა, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოსათვის კანონპროექტის დაბრუნება;
ი) მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
კ) საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე წინადადებების მომზადება და ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან;
მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
6. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის ფუნქციებია:
ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ბ) მთავრობის აპარატის კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა;
გ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივ გამოყენებაზე, ასევე, მთავრობის აპარატის მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა;
ე) მთავრობის აპარატში საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო და საფინანსო საქმიანობის სრულყოფა;
ვ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების აღრიცხვა;
ზ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;
თ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება და სრული და დროული აღრიცხვა;
ი) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშების დადგენილ ვადებში შედგენა და წარდგენა დასამტკიცებლად;
კ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;
ლ) საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მიმოხილვა, მომზადება, საფინანსო-საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების, საპასუხო წერილების ან/და წინადადებების მომზადება;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 24 თებერვლიდან.
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები