დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 1 თებერვლის დადგენილება №4 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 2, 01/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010200000.32.040.000005 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №4
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე №5, 24.02.2005, მუხ. 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკური და რეგიონალური მართვის დეპარტამენტი;
ბ) სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
გ) განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.
2. დებულების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. საფინანსო-ეკონომიკური და რეგიონალური მართვის დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სისტემატური კონტროლი საკურატორო სფეროში შემავალი უწყებებისა და მათი საქვეუწყებო ორგანოების მუშაობაზე. მიიღოს ზომები, რათა ისინი სრული მოცულობით იყენებდნენ არსებული კანონმდებლობით და მათი დებულებებით გათვალისწინებულ უფლებებს მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად;
ბ) სისტემატური კონტროლი მთავრობის და სხვა ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების და განკარგულებების შესრულებაზე საკურატორო უწყებების მხრივ და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს სათანადო წინადადებები მთავრობაში.
2. სახალხო დიპლომატიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სახალხო დიპლომატიის როლის ამაღლებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში და უშუალო კავშირების დამყარებას აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან;
ბ) აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისათვის აფხაზეთის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და კურატორი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის დავალებათა შესრულებას.
3. განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად განახორციელოს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის სამინისტროებისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პროგრამების, საკანონმდებლონორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოახდინოს მათზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
გ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის და კურატორი აფხაზეთის თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს შესაბამისი მითითებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და უწყებებს, მოითხოვოს მათგან სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს აპარატში ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც მოიცავს იურიდიულ, საკადრო, ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს;
ბ) განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, აფხაზეთის მთავრობის სხდომების და მთავრობის თავმჯდომარის თათბირების მომზადების ორგანიზება;
გ) კონტროლი გაუწიოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მისაღების ფუნქციონირებას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ჩიქოვანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები