დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტად გარდაქმნის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-250 |
დოკუმენტის მიმღები | სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 24/09/1996 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/09/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 150.012.000.136 |
|
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტად გარდაქმნის შესახებ
|
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა 1996 წლის 29 აგვისტოს გამოსცა № 568 ბრძანებულება „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა პროდუქციის უსაფრთხოების სფეროში, სამინისტრო - უწყებათა ძირითადი ფუნქციები ლიცენზირების, სერტიფიკაციის, ხარისხის კონტროლის განხორციელების მხრივ, ბრძანებულების თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ორგანოებს დაეკისრათ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება (ლიცენზიების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება, სალიცენზიო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, აგრეთვე კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალური ორგანოების შექმნა, ფუნქციონირება და სხვა). ყველა სხვა სახელმწიფო, სამხარეო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ეკრძალათ კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს №568 ბრძანებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახური გარდაიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტად არსებული საშტატო რიცხოვნობის შენარჩუნებით. 2. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თანდართული დებულება (დანართი 1) და სტრუქტურა (დანართი 2). 3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თავმჯდომარედ 1996 წლის 24 სექტემბრიდან დაინიშნოს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის უფროსი თ. ჭელიძე. 4. კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტმა (თ. ჭელიძე): - გაატაროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციაში წინამდებარე ბრძანება; - განახორციელოს კვების პროდუქტების: ჩაის, თამბაქოს, შაქრის, საკონდიტრო, საკონსერვო, ხორცის, რძის, თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების, პურის, პურ-ფუნთუშეულის, მაკარონის, მარცვლეულის გადამუშავების პროდუქტების, მცენარეული ზეთის და ცხოველური ცხიმის, ხილ-ბოსტნეულის პროდუქტების, სანელებლების, მარილის, კვებითი დანამატების, მტკნარი, მინერალური და სამკურნალო სასმელი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირება და ექსპერტიზა. - საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს № 568 ბრძანებულების საფუძველზე, კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოებაზე სახელწმიფო ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმიანობა აწარმოოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 20 ოქტომბრის № 1007, 1993 წლის 9 დეკემბრის № 877 და 1993 წლის 6 სექტემბრის № 668 დადგენილებით დამტკიცებული წესების, ლიცენზირების ჩატარების ორგანიზაციისა და სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის დროებითი წესის შესაბამისად. ორი კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. 29 აგვისტოს №568 ბრძანებულების მე-5 პუნქტში გათვალისწინებულ სამინისტროებთან შეიმუშაოს და წარმოადგინოს განსახილველად „საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელწმიფო ლიცენზირების წესის“ პროექტი. 5. ალკოჰოლიანი სასმელების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირებას, ექსპერტიზასა და ხარისხის კონტროლს ახორციელებს მევენახეობისა და მევენახეობის სახელმწიფო რეგულირების რესპუბლიკური გაერთიანება „სამტრესტი“ (ი. ვასაძე). 6. სოფლის მეურნეობის პროდუქტების (ხილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და სხვა) ხარისხის კონტროლს ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია (ო. ნარიმანიძე). 7. ხორბლისა და სხვა მარცვლეულის, ფქვილის, ბურღულეულის, კომბინირებული საკვების, პურისა და პურპროდუქტების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია (გ. ჭუჭულაშვილი). 8. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1996 წლის 26 აპრილის № 2-76 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან, „საქსტანდარტთან“ შეთანხმებული „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის სამსახურის რეგიონალური ორგანოს ტიპური დებულება“, რომელიც 1996 წლის 30 აპრილს რეგისტრირებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ (სარეგისტრაციო № 92). 9. ეთხოვოს სამხარეო და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძვლზე აღმოუჩინონ ყოველმხრივი დახმარება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტსა და მის რეგიონალურ ორგანოებს, მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების საქმეში. 10. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს რეგულირების დეპარტამენტის უფროსს დ. ნაკანს.
მინისტრი ბ. გულუა
დანართი 1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება 1.1. კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტი (შემდგომში „დეპარტამენტი“) არის საქართველოს სოფლის მეურნებისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“) სისტემაში შემავალი სახელწმიფო სამსახური. 1.2. დეპარტამენტი საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელწმიფო ლიცენზირებას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო და კერძო საწარმოების (შემდგომში „საწარმოები“) მიერ მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიუხედავად წარმოებული კვების პროდუქტების, გამოყენებული ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, ხარისხის და წარმოების ტექნიკური დონის შეფასებას, მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით დადგენილი მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლს. 1.3. დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულებით. 1.4. დეპარტამენტი არის იურიდიული პირი, აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები (მათ შორის,სავალუტო) ბანკებში. 1.5. დეპარტამენტის დაფინანსება და შენახვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან და მის მიერ განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული სპეციალური სახსრების ანარიცხებიდან.
2. ძირითადი ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: - ქვეყანაში კვების პროდუქტების: ჩაის, თამბაქოს, შაქრის, საკონდიტრო, საკონსერვო, ხორცისა და რძის, თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების, პურის, პურ-ფუნთუშეულის, მაკარონის, მარცვლეულის გადამუშავების პროდუქციის, მცენარეული ზეთს და ცხოველური ცხიმის, ხილ-ბოსტნეულის პროდუქტების, სანელებლების, მარილის, კვებითი დანამატების, მტკნარი, მინერალური და სამკურნალო სასმელი წყლების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების (ალკოჰოლიანი სასმელების გარდა) სასაქონლო წარმოებაზე სახელმწიფო სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება (დოკუმენტი და ანალიტიკური ექსპერტიზა), ლიცენზიების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება და სალიცენზიო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი წარმოებული პროდუქტების ხარისხისა და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით. - მომზადებული ლიცენზიების წარდგენა სამინისტროში დასამტკიცებლად. - კვების პროდუქტების (შემდგომში „პროდუქტები“) რთული და აუცილებელი კომპლექსურ-ანალიტიკური ექსპერტიზის (ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, მიკრობიოლოგიური, რადიოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სხვა) ჩატარება და დასკვნების გაცემა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა და დადგენილი წესების შესაბამისად. - სასურსათო ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებისა და წარმოების ტექნიკური დონის ამაღლების მიზნით სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება; - ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონების სათანადო სალიცენზიო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი. - საწარმოებში წარმოებული და გამოყენებული ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და პროდუქტების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობაზე. - საწარმოებში მეტროლოგიური წესებისა და ნორმების დაცვის კონტროლი მისი კომპეტენციის ფარგლებში; - სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სერტიფიკაცია და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საინსპექციო კონტროლი საქართველოს სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად. - ხარისხის სფეროში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა დარღვევით პროდუქტების გამომშვებ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შესაბამისი ორგანოების წინაშე. - იურიდიული და ფიზიკური პირების თხოვნით პროდუქტების სრული ხარისხობრივი მაჩვენებლების (რეცეპტურების, ნატურალობის, მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციათა მოთხოვნების) განსაზღვრა და სათანადო დასკვნების გაცემა; - მომართვის საფუძველზე მეწარმეთა შორის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნების გაცემა. - სასამართლოებისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების დავალებით დასკვნების გაცემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; - საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ სამსახურებთან ერთად აგროკომპლექსის სფეროში ახალი სახის პროდუქციის გამოცდისა და დანერგვის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავება. - ქვეყნის აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის სტანდარტიზაციული და მეტროლოგიური ექსპერტიზა და გადასინჯვა - განახლების კონტროლი, მათი აქტუალიზაციისა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით. - აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროში შემავალი საწარმოების, ტექნოლოგიური პროცესების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, საამქროების, სასაწყობო მეურნეობების, სამუშაო ადგილებისა და ცალკეული უბნების სანიტარიულ-ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვის მდგომარეობის კონტროლი და სათანადო დასკვნების გაცემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი ------------------------------------------------------------------ 3.1. დეპარტამენტს უფლება აქვს: - საჭიროების შემთხვევაში დასვას საკითხი სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ორგანოების წინაშე იმ საწარმოების მუშაობის შეჩერების თაობაზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს პროდუქციის წარმოებაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სათანადო მითითებანი ან შესაბამისი დასკვნები დაწუნებული პროდუქტების შემდგომი გამოყენების თაობაზე. - თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები ეკონომიკური სანქციებისა და ჯარიმების მიყენების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმ საწარმოებისადმი, რომლებიც არღვევენ ლიცენზირებისა და სერტიფიცირების წესებს, სტანდარტების, მეტროლოგიურ მოთხოვნებსა და ნორმებს. - შემოწმების შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები გადაუგზავნოს სათანადო ორგანოებს. - შემოწმების პერიოდში მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა სათანადო პასუხისმგებელი პირისაგან მუშაობის პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშრებით. - მიუთითოს პასუხისმგებელ პირებს მათ მიერ დაშვებულ დარღვევებზე, დაავალოს მათ აღმოფხვრან გამოვლენილი ნაკლოვანებანი, მასალები დარღვევების შესახებ განსახილველად გადასცეს შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს; - ითანამშრომლოს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან, სხვა სახელმწიფო ზედამხედველობის, მაკონტროლებელ და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებებთან პროდუქციის ხარისხის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით; - გამოიყენოს პროდუქციის ხარისხის გამოცდასთან დაკავშირებულ სამუშაოთა ჩასატარებლად, ხელშეკრულებათა საფუძველზე, გარეშე ორგანიზაციების საგამოცდო ლაბორატორიები ან უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები; - დადგენილი წესის თანახმად შეიტანოს წინადადება პროდუქტების (მათ შორის, იმპორტული) ცალკეულ სახეობათა წარმოების, მიწოდების, რეალიზაციისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ; მოითხოვოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთან მასალები, რომლებიც აუცილებელია დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა განსახორციელებლად; - მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის ტესტირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის საკითხებთან დაკავშირებული სემინარებისა და თათბირების მომზადებაში; - შექმნას საწარმოთა ლიცენზირების, სერტიფიკაციის და პროდუქტების ხარისხის მონაცემთა საინფორმაციო ბანკი; დეპარტამენტის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული მითითებანი და დასკვნები სავალდებულოა იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად). 3.2. დეპარტამენტი მოვალეა: - შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები; - უზრუნველყოს ლიცენზირებისა და პროდუქტების გამოცდის, ხარისხის დონის შეფასების შედეგების ობიექტურობა და სიზუსტე; - დაიცავს გამოცდის ჩატარების დადგენილი ვადები; - უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შედეგად მიღებული იმ ინფორმაციათა დაცვა და კონფიდენციალობა, რომელიც წარმოადგენს სამსახურებრივ და კომერციულ საიდუმლოებას. - სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად მუშაობის კოორდინაციის გზით განახორციელოს კონტროლი მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად პროდუქტების, ნედლეულის და ნახევარფაბრიკატების მიღების, შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირების დროს.
4. დეპარტამენტის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ---------------------------------------------------------------------------------- 4.1. დეპარტამენტის მუშაკები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ დაუშვან უფლებამოსილების გადამეტება. ისინი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებენ შესრულებულ სამუშაოთა შედეგების დამახინჯების, აგრეთვე სამეურნეო სუბიექტების კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისათვის. 4.2. დაუშვებელია შემოწმების ჩატარება დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ბრძანების ან განკარგულების გარეშე.
5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ----------------------------------------------------------- 5.1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. 5.2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის რეგიონალური ორგანოების ხელმძღვანელებს დადგენილი წესის შესაბამისად; ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების და რეგიონალური ორგანოების დებულებებს. საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები დეპარტამენტის სტრუქტურაში; ქმნის სალიცენზიო, სადეგუსტაციო და საატესტაციო კომისიებს; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინარულ ღონისძიებებს შეუფარდებს დეპარტამენტის თანამშრომლებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებსა და მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად; განსაზღვრავს დეპარტემენტის შემოსავლების ხარჯვის წესს.
6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 6.1.დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი № 2
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების სახელმწიფო ლიცენზირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის სტრუქტურა 1. ხელმძღვანელობა 2. სოფლის მეურნებისა და კვების პროდუქტების ტესტირებისა და ექსპერტიზის ლაბორატორია: ფიზიკო-ქიმიური გამოცდის სექტორი; ქრომატოგრაფიული გამოცდის სექტორი; მიკრობიოლოგიური გამოცდის სექტორი; რადიოლოგიური გამოცდის სექტორი; სპეციალისტ-ტექნოლოგთა სექტორი. 3. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის განყოფილება 4. დეპარტამენტის რეგიონალური ორგანოები: აჭარის რეგიონალური ორგანო; გურიის რეგიონალური ორგანო; იმერეთის რეგიონალური ორგანო; კახეთის რეგიონალური ორგანო; მცხეთა-თიანეთის რეგიონალური ორგანო; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ორგანო; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანო; სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ორგანო; ფოთის საქალაქო ორგანო; ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანო; შიდა ქართლის რეგიონალური ორგანო.
|
დოკუმენტის კომენტარები