ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის

ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
დოკუმენტის ნომერი 181/2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 27/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016591
181/2
27/09/2019
ვებგვერდი, 18/11/2019
480610000.03.030.016591
ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის ურთიერთპატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებითა და ნორმებით,

აცნობიერებენ რა რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავება ხელს შეუწყობს შესაბამის რეგიონებში და გლობალურად მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას,

ისწრაფვიან რა განავითარონ სახელმწიფოთაშორისი და ხალხთაშორისი მეგობრული ურთიერთობები, ხელი შეუწყონ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას, პარტნიორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე,

მიიჩნევენ რა სხვადასხვა დონეზე დიალოგისა და აზრთა გაზიარების მნიშვნელობას ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

 მხარეები რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს/კონსულტაციებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების, რეგიონული და გლობალური საერთაშორისო საკითხების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ საერთო ინტერესს. მონაწილეთა დონე, კონსულტაციების დღის წესრიგი, ადგილი და თარიღი შეთანხმდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

ცალკეული პრიორიტეტული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები.

სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები მათი მსჯელობის შედეგებს განსახილველად წარუდგენენ კომპეტენტურ ორგანოებს.

 

მუხლი 2

შეხვედრები/კონსულტაციები კონკრეტულად შეიძლება მიეძღვნას:

a) პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად ახალი ფორმების შემუშავებას;

b) რეგიონული და გლობალური საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ინტერესის მქონე საკითხებს;

c) ევროინტეგრაციის პრიორიტეტული საკითხები ორივე ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგის შესაბამისად;

d) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებს;

e) უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის: შეიარაღებაზე კონტროლს, განიარაღებას, ტრანსნაციონალურ საფრთხეებს და თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს;

f) საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ საკითხებს და ზოგად განვითარებას, კერძოდ, დაკავშირებულს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, და სხვა საერთაშორისო უნივერსალურ და რეგიონალურ ორგანიზაციებთან;

g) ორმხრივი ხელშეკრულებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

 

მუხლი 3

მხარეები შექმნიან ხელსაყრელ პირობებს დიპლომატიური სამსახურების ურთიერთქმედებისათვის, იქონიებენ უშუალო კონტაქტებს, საჭიროებისამებრ გამონახავენ პირდაპირი კავშირების დამყარების სხვადასხვა ფორმებს.

 

მუხლი 4

მხარეებს შორის წინამდებარე ოქმის გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 5

მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები და ცვლილებები.

აღნიშნული დამატებები და ცვლილებები მიიჩნევა ოქმის განუყოფელ ნაწილად, რომელიც ძალაში შევა წინამდებარე ოქმის მეექვსე მუხლით გათვალისწინებული დებულებების თანახმად.

 

მუხლი 6

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს 5 წლის განმავლობაში. თითოეული პერიოდის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5-წლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარემ წერილობით არ განცხადა ოქმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის  შესახებ მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.

შესრულებულია, ქ. ნიუ-იორკში, 2019 წლის 27 სექტემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, მაკედონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

 

 

      (ხელმოწერილია)     

 

 

მისი აღმატებულება

ბატონი დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი

 

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

 

 

       (ხელმოწერილია)      

 

 

მისი აღმატებულება

ბატონი ნიკოლა დიმიტროვი

საგარეო საქმეთა მინისტრი