ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 39718/09
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2019
სარეგისტრაციო კოდი
39718/09
28/06/2019
ვებგვერდი, 13/11/2019
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

მეხუთე სექცია

საქმე „კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ

(საჩივარი № 39718/09)

 

გადაწყვეტილება

 

სტრასბურგი

2019 წლის 28 მარტი

საბოლოო გახდა

28/06/2019


ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ანგელიკა ნუსბერგერი, თავმჯდომარე,

იონკო გროზევი,

ანდრე პოტოკი,

სიოფრა ო’ლირი,

მარტინშ მიტსი,

ლეტიფ ჰუსეინოვი,

ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,

და მილან ბლაშკო, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

2019 წლის 5 მარტის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

 

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ირაკლი კერესელიძის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 27 ივლისს სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№ 39718/09) საქართველოს წინააღმდეგ.

2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ქ-ნი მ. ჯაფარიძე და ბ-ნი დ. ხაჩიძე, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ლ. მესხორაძე.

3. მომჩივანი, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ამტკიცებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანამ, რის საფუძველზეც შეიცვალა მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღი, გაახანგრძლივა მისი თავისუფლების აღკვეთა, რაც წარმოადგენდა უკანონო პატიმრობას, და რომ მას არ მიეცა სააპელაციო სასამართლოს წინაშე ცვლილების შეტანის პროცედურაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასევე, მომჩივანმა საჩივარი შეიტანა კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მის პრეტენზიებთან მიმართებით შიდასამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების ნაკლებობასთან დაკავშირებით.

4. 2014 წლის 22 სექტემბერს, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან, მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტთან და მე-13 მუხლთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ ეცნობა მთავრობას, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი გამოცხადდა მიუღებლად, სასამართლოს რეგლამენტის 54-ე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

 

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

5. მომჩივანი დაიბადა 1975 წელს და, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ამჟამად ის სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (იხილეთ პარაგრაფი 20 ქვემოთ).

6. 1996 წლის 24 მაისს მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ორმაგი მკვლელობისა და სხვა დანაშაულებისათვის. მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, რაც შემდგომ, 1997 წელს, შეეცვალა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთით („პირველი მსჯავრდება“). სასჯელის ათვლა დაიწყო 1995 წლის 24 აგვისტოს, მომჩივნის დაკავების თარიღიდან და იწურებოდა 2015 წლის 24 აგვისტოს.

7. 2002 წლის 29 მარტს მომჩივანმა სცადა გაქცევა.

8. 2006 წლის 12 აპრილს, რიგი განჩინებებისა და საქმის საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი მსჯავრდებულად ცნო გაქცევის მცდელობაში და ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენა. მას მიესაჯა ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა („მეორე მსჯავრდება“). პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივნის პირველი მსჯავრდების მოუხდელ ნაწილს დაუმატა მომდევნო სასჯელი, რის შედეგადაც, მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა ჯამში შეადგინა ცამეტი წელი და ექვსი თვე. სასამართლომ მიუთითა, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლა დაიწყებოდა 2002 წლის 29 მარტიდან – მეორე დანაშაულის ჩადენის დღიდან. ის იწურებოდა 2015 წლის 29 სექტემბერს.

9. 2006 წლის 29 დეკემბერს, შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის ის დებულება, რომელიც არეგულირებდა განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას. შეცვლილი კანონის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან. შესწორებული კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებდა მისი უკუძალის საკითხს (იხილეთ პარაგრაფი 21 ქვემოთ).

10. 2007 წლის 20 აპრილს, სხვა საქმის წარმოების დროს, რომელიც წამოიწყო მომჩივანმა, მან მოითხოვა, რომ კანონში შესული ცვლილებები დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის სასჯელის მაქსიმალური ხანგრძლივობის შემცირებასთან დაკავშირებით, გამოყენებული ყოფილიყო მის პირველ მსჯავრდებასთან მიმართებით. უზენაესმა სასამართლომ მომჩივანს პირველი მსჯავრდების სასჯელი შეუმცირა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთამდე. უზენაეს სასამართლოს არ გაუკეთებია მითითება სასჯელის ათვლის თარიღისა ან მომჩივნის მეორე მსჯავრდების შესახებ.

11. 2008 წლის 20 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე, ცვლილება შეიტანა 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში და განაცხადა, რომ მომჩივნის პირველი მსჯავრდების მოუხდელი ნაწილი და მეორე მსჯავრდება უნდა შეკრებილიყო, და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის – რვა წლისა და ექვსი თვის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2002 წლის 29 მარტიდან, კერძოდ, მეორე დანაშაულის ჩადენის დღიდან და არა 2006 წლის 12 აპრილიდან – შემდგომი სასჯელის დაკისრების თარიღიდან. მეორე მსჯავრდებასთან დაკავშირებული სააპელაციო სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო ორი განჩინება. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით, მომჩივნის სასჯელი იწურებოდა 2010 წლის 29 სექტემბერს.

12. 2008 წლის 3 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილისა და 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებების გათვალისწინების გარეშე (იხილეთ პარაგრაფები 10-11 ზემოთ), თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მომჩივნის მეორე მსჯავრდება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომჩივანს უნდა მოეხადა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ცამეტი წლისა და ექვსი თვის ვადით, რომლის ათვლაც უნდა დაწყებულიყო 2002 წლის 29 მარტს, რაც კვლავ წარმოადგენდა მეორე დანაშაულის ჩადენის თარიღს. ზემოთ ხსენებული სასჯელი იწურებოდა 2015 წლის 29 სექტემბერს.

13. დაუზუსტებელ თარიღში მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე, მან მოითხოვა მისი მეორე მსჯავრდებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემცირება და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ხუთი წლით შემცირება უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილისა და 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებების მხედველობაში მიღებით (იხილეთ პარაგრაფები 10-11 ზემოთ). საქმის მასალები და მომჩივნის საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა 2009 წლის 21 იანვარს.

14. 2009 წლის 3 აპრილს, როდესაც უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობდა მომჩივნის საკასაციო საჩივრის სამართალწარმოება, თბილისის სააპელაციო სასამართლომ წერილობითი პროცედურის საფუძველზე და მხარეთა ჩართულობის გარეშე, მიიღო განჩინება 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენში არსებული უზუსტობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით („შესწორებული სააპელაციო განჩინება“). სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 615-ე მუხლზე დაყრდნობით („სსსკ“ – იხილეთ პარაგრაფი 24 ქვემოთ) შეასწორა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღი და მიუთითა 2006 წლის 12 აპრილი – თარიღი, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო განაჩენი მეორე მსჯავრდების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ და მხოლოდ აღნიშნა, რომ 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენი შეიცავდა სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებულ „უზუსტობას“. სასჯელის ათვლის ახალი თარიღიდან გამომდინარე, მომჩივნის სასჯელის ამოწურვის თარიღი იყო 2019 წლის 12 ოქტომბერი. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, 2009 წლის 3 აპრილის განჩინების შესახებ მომჩივანს ეცნობა 2009 წლის 16 აპრილს.

15. 2009 წლის 7 აპრილს, უზენაესმა სასამართლომ მიიღო დასაბუთებული განჩინება ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე და დააკმაყოფილა მომჩივნის საკასაციო საჩივარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მიერ 2007 წლის 20 აპრილს მომჩივნის პირველი სასჯელის შემცირება (იხილეთ პარაგრაფი 10 ზემოთ). ასევე, უზენაესმა სასამართლომ მომჩივანს სამ წლამდე შეუმცირა მეორე მსჯავრდების სასჯელი. სასამართლომ გაითვალისწინა 2009 წლის 3 აპრილის შესწორებული სააპელაციო განჩინება (იხილეთ პარაგრაფი 14 ზემოთ) და განაცხადა, რომ ხელახლა დაანგარიშებული განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შვიდწლიანი ვადის ათვლა იწყებოდა 2006 წლის 12 აპრილს, კერძოდ მეორე მსჯავრდებისთვის სასჯელის დაკისრების დღეს. ეს ვადა უნდა ამოწურულიყო 2013 წლის 12 აპრილს.

16. 2009 წლის 22 აპრილს მომჩივანმა მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან მიმართებით. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს საბოლოო განჩინებით გახდა მისთვის ცნობილი 2009 წლის 3 აპრილის შესწორებული სააპელაციო განჩინების შესახებ. მან განაცხადა, რომ შესწორებული სააპელაციო განჩინება ეწინააღმდეგებოდა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის საბოლოო განჩინებას, რომლითაც დადგინდა მისი განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის განსხვავებული თარიღი და რომლის მიხედვითაც გათავისუფლების თარიღი იქნებოდა 2010 წლის 29 სექტემბერი. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ ცვლილებების შეტანას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და, რომ ის სცილდებოდა სსსკ-ს 615-ე მუხლის ფარგლებს, ვინაიდან ის არსებით ზეგავლენას ახდენდა მისი სასჯელის ხანგრძლივობაზე. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი იყო სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენის ერთადერთი საფუძველი. მომჩივანმა განაცხადა, რომ ამავე სასამართლოს მიერ განჩინებაში ცვლილების შეტანა მოხდა სსსკ-ს 540-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით. აღნიშნული მუხლი უზრუნველყოფდასამართალწარმოებაში მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესებისაგან დაცვას, პროკურატურის მხრიდან საჩივრის არარსებობის პირობებში. მომჩივანმა დამატებით მიუთითა, რომ ზემოთ ხსენებული არგუმენტებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ 2009 წლის 7 აპრილს მისი სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებული განჩინების გათვალისწინებით, მისი სასჯელი უნდა ამოწურულიყო 2009 წლის 29 მარტს და შესაბამისად, ის ციხიდან უნდა გაეთავისუფლებინათ დაუყოვნებლივ.

17. 2009 წლის 24 აპრილს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა მომჩივანს უპასუხა, რომ 2009 წლის 3 აპრილის შესწორებული სააპელაციო განჩინება წარმოადგენდა 2008 წლის 3 დეკემბრის სააპელაციო განაჩენის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მომჩივნის საჩივარზე რეაგირება.

18. 2009 წლის 11 მაისს, სსსკ-ს 553-ე მუხლზე დაყრდნობით (იხილეთ პარაგრაფი 22 ქვემოთ), მომჩივანმა შეიტანა კერძო საკასაციო საჩივარი შესწორებულ სააპელაციო განჩინებასთან დაკავშირებით. მომჩივანმა გაიმეორა 2009 წლის 22 აპრილის შესწორების შეტანასთან დაკავშირებულ მის მოთხოვნაში დაფიქსირებული არგუმენტები (იხილეთ პარაგრაფი 16 ზემოთ).

19. 2009 წლის 15 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ უპასუხა მომჩივნის 2009 წლის 11 მაისის საჩივარს (იხილეთ პარაგრაფი 18 ზემოთ), სადაც აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო განაჩენი 2008 წლის 3 დეკემბერს და შემდგომ მასში ცვლილება შეიტანა 2009 წლის 3 აპრილს სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებული უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით. ასევე, აღნიშნა, რომ 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ მიიღო სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებით აღმოფხვრილი უზუსტობა და, რომ შესწორებული სააპელაციო განჩინება უცვლელი დარჩა. შესაბამისად, მიღებული პასუხის მიხედვით, 2009 წლის 3 აპრილის განჩინებასთან დაკავშირებული კერძო საკასაციო საჩივარი ვერ იქნებოდა მიღებული განსახილველად.

20. მომჩივანი ციხიდან გათავისუფლდა 2013 წლის 27 იანვარს – გათავისუფლების მოსალოდნელ ვადამდე (2013 წლის 12 აპრილამდე) – ამნისტიის აქტის საფუძველზე. როგორც სასამართლოს წინაშე მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტებიდან ჩანს, 2017 წლის 6 თებერვალს ის დააკავეს დიდი ოდენობით თაღლითობისა და ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის გაყალბებისთვის. 2017 წლის 18 ოქტომბერს მომჩივანს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. მომჩივნის წინააღმდეგ ზემოთ ხსენებული სამართალწარმოება არ წარმოადგენს წინამდებარე საჩივრის საგანს.

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა

21. სისხლის სამართლის კოდექსის (1999) მე-60 მუხლის შესაბამის ნაწილში, რომელიც ძალაში იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მომჩივნის მეორე მსჯავრდებასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნისას, ვკითხულობთ:

„1. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს...“

2006 წლის 29 დეკემბერისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი არეგულირებდა სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის დროს. ზემოთ ხსენებულ დებულებაში ვკითხულობთ:

„... 2. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს...

5. განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან... “

22. მოცემული პერიოდისთვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998) („სსსკ“) 553-ე მუხლის თანახმად, კერძო საკასაციო საჩივრის შეტანა შეიძლება სააპელაციო სასამართლოს ყველა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, გარდა განაჩენისა, თუ მომჩივანს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის დარღვევით.

23. სსსკ-ს 540-ე მუხლის 1-ლ ნაწილში მოცემული იყო მომჩივნის მდგომარეობის ნებისმიერი სახით გაუარესების აკრძალვა (reformatio in peius) შემდეგი სახით:

„სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის, დამცველის, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.“

24. სსსკ-ს 615-ე მუხლის რელევანტურ ნაწილში ვკითხულობთ:

„გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ [სასამართლოს შეუძლია]:

...

e) გადაწყვეტილებაში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.“.

25. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მიღებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსში შესული შესაბამისი ცვლილებებიდან ორი წლის შემდეგ, კოდექსის 59-ე მუხლით მოცემული იყო განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნა და მას შესაძლოა უკუძალა ჰქონოდა იმ გარემოებებზე, რომლებიც სახეზე იყო 2006 წლის 29 დეკემბრის ცვლილებამდე (იხილეთ საქმე no. 2კ‑27-I-08, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, 2009 წლის 20 იანვარი). უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „2006 წლის 29 დეკემბერს კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად მე-60 მუხლის ამოღებით არ გაუქმებულა ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები, არამედ მოხდა მათი გაერთიანება კოდექსის 59-ე მუხლში, რომელიც ამ ცვლილებებამდე არეგულირებდა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას“. უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ახალი სასჯელის დანიშვნისას „სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ასეთ შემთხვევებში, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან“ (ibid).

სამართალი

I. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა

26. მომჩივანმა განაცხადა, რომ მას უარი ეთქვა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, რადგან განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღში ცვლილებების შეტანის პროცედურა ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომელშიც ვკითხულობთ:

„ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით... სასამართლოს მიერ...“

27. მთავრობა შეეწინააღმდეგა ამ არგუმენტს.

მხარეთა არგუმენტები

28. მთავრობამ განაცხადა, რომ ცვლილების შეტანის პროცედურის ფარგლები შეზღუდული იყო და არ შეეხებოდა მომჩივნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან მისი სასჯელის განსაზღვრას. ის მხოლოდ მიზნად ისახავდა აშკარა უზუსტობის გამოსწორებას, რომელიც დაკავშირებული იყო მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტები ზეგავლენას ვერ მოახდენდა ცვლილების შეტანასთან დაკავშირებულ განჩინებაზე.

29. მომჩივანმა განაცხადა, რომ იმ არსებითი ზეგავლენის გათვალისწინებით, რაც სასჯელის ათვლის თარიღის ცვლილებამ იქონია მისი სასჯელის ხანგრძლივობაზე, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განჩინება გასცდა ცვლილების შეტანის ფორმალურ ფარგლებს. მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს წინა განჩინებების არსებობის გათვალისწინებით, რომელმაც ბოლო დანაშაულის ჩადენის თარიღი განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღად, ცვლილება არ შეხებია ამ განჩინებების აშკარა უზუსტობებს და შესაბამისად, საჭირო იყო სასამართლოს წინაშე შეჯიბრებითი არგუმენტების წარდგენა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს წინაშე ცვლილებების შეტანის პროცედურაში მომჩივნის მონაწილეობის შესაძლებლობის არქონა წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

B. სასამართლოს შეფასება

1. მისაღებობა

30. სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივ საკითხებში, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს მთელ სადავო პროცედურას, მათ შორის, სააპელაციო სამართალწარმოებას და სასჯელის დანიშვნას (იხილეთ სხვა ოფიციალურ წყაროებს შორის Eckle v. Germany, 1982 წლის 15 ივლისი, §§ 76-77, Series A no. 51; T. v. the United Kingdom [დიდი პალატა], no. 24724/94, § 108, 1999 წლის 16 დეკემბერი, და Aleksandr Dementyev v. Russia, no. 43095/05, § 23, 2013 წლის 28 ნოემბერი).

31. წინამდებარე საქმეში, ცვლილების შეტანის პროცედურა, როგორც ეს ეროვნული კანონმდებლობით იყო განსაზღვრული, იყო შეზღუდული ფარგლებში, არ ითვალისწინებდა შეჯიბრებითი არგუმენტების წარდგენის მეშვეობით მხარეთა მონაწილეობის შესაძლებლობას და მიზნად ისახავდა გადაწყვეტილებებში არსებული ბუნდოვანებისა და უზუსტობების გამოსწორებას, რომლებიც გავლენას არ მოახდენდა შესაბამისი სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის ან სასჯელის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 24 ზემოთ). შესაბამისად, უზუსტობის აღმოფხვრის პროცედურა, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული, იყო მკაფიოდ შეზღუდული ხასიათის (იხილეთ, mutatis mutandis, Nurmagomedov v. Russia, no. 30138/02, § 48, 2007 წლის 7 ივნისი).

32. თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კონვენცია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უფლებები, რომლებიც არის პრაქტიკული და ეფექტური, და არა თეორიული და წარმოსახვითი და, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსაზღვრისას უნდა შევაფასოთ ფასადს მიღმა და ყურადღება უნდა გამახვილდეს სიტუაციის რეალურ მხარეებზე (იხილეთ, სხვებს შორის, Dvorski v. Croatia [დიდი პალატა], no. 25703/11, § 82, ECHR 2015, სხვა მითითებებთან ერთად). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო უყურადღებოდ ვერ დატოვებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღში ცვლილების შეტანამ ზეგავლენა მოახდინა მომჩივნის მოსალოდნელი გათავისუფლების თარიღზე. მეტიც, მომჩივნის მიერ ეროვნულ დონეზე წარდგენილი საფუძვლიანი არგუმენტების გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფი 16 ზემოთ), შეკითხვა იყო თუ არა წინა გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში დაშვებული უზუსტობა საკმარისად აშკარა და იყო თუ არა შესაძლებელი ამ უზუსტობის გამოსწორება ცვლილებების შეტანის პროცედურის გზით, სულ მცირე განმარტების საგანი უნდა გამხდარიყო. აქედან გამომდინარე, ცვლილების შეტანის პროცედურა, როგორც ეს განხორციელდა მომჩივნის საქმეში, იყო ისეთი ხასიათის, რომ მან გავლენა მოახდინა მომჩივნის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებაში მისი სასჯელის განსაზღვრაზე (შეადარეთ, Nurmagomedov, მითითებულია ზემოთ, §§ 44-51).

33. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება ცვლილების შეტანის პროცედურასთან მიმართებით, რადგან ამან განაპირობა მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის შეცვლა და ზეგავლენა მოახდინა მთლიანობაში მომჩივნის თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობაზე.

34. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივარი არ არის აშკარად უსაფუძვლო კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში ან მიუღებელი ნებისმიერი სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

2. საქმის არსებითი გარემოებები

35. სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეეზღუდა სასამართლოს ხელმისაწვდომობა, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა ეროვნული სასამართლოების მიერ მის საქმეში განხორციელებული ცვლილებების შეტანის პროცედურაში (იხილეთ პარაგრაფები 26 და 29 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს შეკითხვა მთავრობის მიმართ იყო შემდეგი – მომჩივნის წინააღმდეგ სამართალწარმოების მეორე ეტაპის წარმართვის მეთოდმა გახადა თუ არა აღნიშნული პროცესი უსამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მნიშვნელობით. ამასთან დაკავშირებით, მომჩივნის საჩივარი შეიძლება განხილული იქნას სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების კუთხით (იხილეთ პარაგრაფი 36 ქვემოთ) ან საქმეზე ზეპირი მოსმენის უფლების პერსპექტივიდან (იხილეთ პარაგრაფი 37 ქვემოთ), სადაც პირველი იქნება წინაპირობა და მეორე კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლების თანმდევი ასპექტი.

36. სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „უფლება სასამართლოზე“, რომლის ერთ ასპექტსაც წარმოადგენს სასამართლოს ხელმისაწვდომობა (იხილეთ Golder v. the United Kingdom, 1975 წლის 21 თებერვალი, § 36, Series A no. 18), არ არის აბსოლუტური; ის ექვემდებარება ქვეტექსტით დაშვებულ შეზღუდვებს, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება სააპელაციო საჩივრის მისაღებობის პირობებს. ხელისუფლების ორგანოებმა, განსაკუთრებით სასამართლოებმა, უნდა გადაწყვიტონ პროცედურული ხასიათის ეროვნული კანონმდებლობის განმარტების პრობლემა. ევროპული სასამართლოს როლი ასეთ დროს შეზღუდულია იმის შეფასებით, შეესაბამება თუ არა ამ განმარტების შედეგები კონვენციას (იხილეთ Majski v. Croatia (no. 2), no. 16924/08, § 68, 2011 წლის 19 ივლისი). თუმცა, სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, უნდა იყოს პროპორციული და არ უნდა ზღუდავდეს სასამართლოს ხელმისაწვდომობას იმ ფორმით ან იმ მოცულობით, რომელიც შელახავს ამ უფლების არსს (იხილეთ Marc Brauer v. Germany, no. 24062/13, § 34, 2016 წლის 1 სექტემბერი, სხვა მითითებებთან ერთად).

37. სასამართლო ასევე აცხადებს, რომ ზეპირი და ღია სასამართლო მოსმენა წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ Jussila v. Finland [დიდი პალატა], no. 73053/01, § 40, ECHR 2006‑XIV). სასამართლო სხდომის ჩატარების ვალდებულება არ არის აბსოლუტური, და მოპასუხის პირადად დასწრებას აუცილებლად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება სააპელაციო სხდომისას (იხილეთ Timergaliyev v. Russia, no. 40631/02, § 50, 2008 წლის 14 ოქტომბერი). საკითხის შეფასებისას, გასათვალისწინებელია, inter alia, სამართალწარმოების განსაკუთრებული მახასიათებლები და ფორმა, რომლითაც წარმოდგენილი და დაცულია დაცვის მხარის ინტერესები სააპელაციო სასამართლოს წინაშე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოსარკვევი საკითხებისა და მომჩივნისთვის მათი მნიშვნელობის ჭრილში (იხილეთ Timergaliyev, მითითებულია ზემოთ, § 50, სხვა მითითებებთან ერთად; ასევე იხილეთ Jussila, მითითებული ზემოთ, § 41).

38. წინამდებარე საქმის გარემოებებში სასამართლომ უკვე გამოარკვია, რომ მომჩივნის მსჯავრდებაში ცვლილების შეტანამ, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებით, ზეგავლენა იქონია მომჩივნის გათავისუფლების თარიღზე (იხილეთ 32-ე პარაგრაფი ზემოთ). აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ მისი საქმის კონკრეტული გარემოებების თაობაზე წარმოდგენილმა არგუმენტებმა – როგორიცაა უზენაესი სასამართლოს წინა განჩინების არსებობა, რომელიც შეეხებოდა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღს (განჩინება, რომელიც არასოდეს ყოფილა გაუქმებული); გასცდა თუ არა სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 615-ე მუხლის ფარგლებს (რომელიც არეგულირებდა ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის ფარგლებს); და შესწორებულმა სააპელაციო განჩინებამ გააუარესა თუ არა მომჩივნის მდგომარეობა სსსკ-ს 540-ე მუხლის დარღვევით (იხილეთ პარაგრაფი 16 ზემოთ) – სულ მცირე სადავო გახადა ცვლილებების შეტანის პროცედურები და მოითხოვდა ეროვნული სასამართლოს მიერ შეჯიბრებითი საქმისწარმოების ნაწილად განხილვას.

39. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ცვლილების შეტანის პროცესში ჩართული არ ყოფილა მომჩივანი და მას განჩინების შესახებ ეცნობა მხოლოდ 2009 წლის 16 აპრილს, მას შემდეგ რაც უზენაეს სასამართლოს უკვე მიღებული ჰქონდა საბოლოო განჩინება მომჩივნის საქმეზე – 2009 წლის 7 აპრილს (იხილეთ პარაგრაფი 14 ზემოთ). მართალია, რომ უზენაესი სასამართლოსთვის ცნობილი იყო შესწორებული სააპელაციო განჩინების შესახებ და როგორც ჩანს, ეს განჩინება მის მიერ დადასტურდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის შესწორებული თარიღი (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ). თუმცა, იმ დროისთვის, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოიცა შესწორებული განჩინება, უზენაეს სასამართლოში უკვე გაგზავნილი იყო მომჩივნის საკასაციო საჩივარი (იხილეთ პარაგრაფები 13 – 14 ზემოთ). უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ უზენაესმა სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ), მომჩივნისთვის ცნობილი არ გახდა შესწორებული სააპელაციო განჩინების შესახებ და არ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა არგუმენტები, როგორც სააპელაციო საჩივრის ნაწილი, ან განცალკევებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის შესწორებულ თარიღთან და მის ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. როდესაც მომჩივნისთვის ცნობილი გახდა განჩინების შესახებ და 2009 წლის 7 აპრილს უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა განჩინების შეცვლა, მომჩივანს არ მოუსმინა მოსამართლემ. პირველად მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მიერ 2009 წლის 24 აპრილს, იმ არგუმენტით, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მომჩივნის საჩივარზე რეაგირება (იხილეთ პარაგრაფი 17 ზემოთ) და შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწის მიერ, 2009 წლის 15 ივნისს, იმ არგუმენტით, რომ კერძო საკასაციო საჩივარი ვერ იქნებოდა მიღებული განსახილველად (იხილეთ პარაგრაფი 19).

40. ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომელი პერსპექტივიდანაც არ უნდა იყოს განხილული, იქნება ეს სასამართლოს ხელმისაწვდომობისა თუ საქმის ზეპირი მოსმენის უფლება, საქმის მთავარი არსი, ნებისმიერ შემთხვევაში, მდგომარეობს იმაში, რომ მომჩივანთან მიმართებით ცვლილებების შეტანა განხორციელდა ისეთი მეთოდით, რომ მომჩივანს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ზეპირად ან წერილობით წარედგინა საკუთარი არგუმენტები განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით, რითაც სისხლის სამართალწარმოება უსამართლო გახდა, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში.

ზემოთ მოცემული მსჯელობა საკმარისია სასამართლოსთვის, რათა დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.

II. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა

41. მომჩივანმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ცვლილების შეტანამ უსამართლოდ გაახანგრძლივა მისი თავისუფლების აღკვეთის ვადა, რაც წარმოადგენდა უკანონო პატიმრობას. ის დაეყრდნო კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ (a) პუნქტს, რომელშიც ვკითხულობთ:

„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

(a) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა; ...

42. მთავრობა შეეწინააღმდეგა ამ არგუმენტს.

A. მისაღებობა

43. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. დამატებით აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

B. საქმის არსებითი გარემოებები

1. მხარეთა არგუმენტები

44. მომჩივანმა განაცხადა, რომ 2010 წლის 29 სექტემბრის შემდეგ მისი დაკავება მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მიერ 2008 წლის 20 თებერვალს დანიშნული სასჯელი, რომლის თანახმადაც ათვლის თარიღად განისაზღვრა მეორე დანაშაულის ჩადენის თარიღი, ამოწურული იყო. ის აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა ამ თარიღის შემდეგ წარმოადგენდა სსსკ-ის 540-ე მუხლის დარღვევას, რომელიც კრძალავდა მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას, პროკურატურის მხრიდან საჩივრის არარსებობის პირობებში. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ მისი პატიმრობა გახანგრძლივდა იმ პროცედურის საფუძველზე, რომელიც არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლს, ვინაიდან შეუძლებელი გახდა შესწორებული განჩინება გამხდარიყო სასამართლო შესწავლის საგანი.

45. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის პატიმრობა შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ (a) პუნქტს. კერძოდ, მომჩივნის წინააღმდეგ მიღებული წინა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიუთითებდნენ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღს, რომელიც აშკარად მცდარი იყო და მოცემული პერიოდისთვის ჯერ არ იყო ძალაში შესული, შესწორდა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 3 აპრილს ეროვნული კანონმდებლობისა და პროცედურის შესაბამისად, რომელიც უცვლელი დატოვა უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 7 აპრილის დასაბუთებული განჩინებით.

2. სასამართლოს შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

46. სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ მე-5 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, კერძოდ, პირის დაცვას სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებაში თვითნებური ჩარევისგან. კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტები (a)-დან (f)-მდე მოიცავს თავისუფლების აღკვეთის დასაშვები საფუძვლების ამომწურავ ნუსხას, და თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება კანონიერი, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებს (იხილეთ Khlaifia and Others v. Italy [დიდი პალატა], no. 16483/12, § 88, 2016 წლის 15 დეკემბერი). კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან დაკავშირებული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა არა მარტო (a)-დან (f)-მდე ქვეპუნქტებში მოცემულ გამონაკლისებს უნდა ეფუძნებოდეს, არამედ ის უნდა იყოს „კანონიერი“. როდესაც საკითხი ეხება დაკავების „კანონიერებას“, მათ შორის როდესაც სადავოა, განხორციელდა თუ არა „კანონით დადგენილი პროცედურის“ შესაბამისად მოქმედება, კონვენცია მიუთითებს ეროვნულ კანონმდებლობაზე და მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ არსებით და პროცედურულ წესებთან შესაბამისობას. ეს პირველ რიგში მოითხოვს, რომ ნებისმიერ დაკავებას ან დაპატიმრებას ჰქონდეს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ასევე უკავშირდება კანონის ხარისხს და მოითხოვს მის შესაბამისობას სამართლის უზენაესობასთან, კონცეფციასთან, რომელიც არის კონვენციის ყველა მუხლის განუყოფელი ნაწილი (იხილეთ Mozer v. the Republic of Moldova and Russia [დიდი პალატა], no. 11138/10, § 134, 2016 წლის 23 თებერვალი). „კანონის ხარისხი“ გულისხმობს, რომ როდესაც ეროვნული კანონმდებლობა იძლევა თავისუფლების აღკვეთის ნებართვას, ის უნდა იყოს საკმარისად ხელმისაწვდომი, ზუსტი და განჭვრეტადი, რათა თავიდან იქნეს აცილებული თვითნებობის ნებისმიერი რისკი. კონვენციით გათვალისწინებული „კანონიერების“ სტანდარტი მოითხოვს, რომ ყველა კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი, რათა საშუალება მისცეს პირს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რჩევის მიღებით, გარემოებათა გონივრულობის ფარგლებში განჭვრიტოს შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტულ ქმედებას (იხილეთ Del Río Prada v. Spain [დიდი პალატა], no. 42750/09, § 125, ECHR 2013).

47. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი დამატებით მოითხოვს, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა განხორციელდეს იმ მიზნის შესაბამისად, რომ პირი დაცული იყოს თვითნებობისგან. ფუნდამენტური პრინციპია, რომ დაკავება, რომელიც არის თვითნებური, ვერ იქნება შესაბამისობაში კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან და „თვითნებურობის“ ცნება სცილდება ეროვნულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, ანუ თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა იყოს კანონიერი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, თუმცა იყოს თვითნებური და შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდეს კონვენციას (იხილეთ Saadi v. the United Kingdom [დიდი პალატა], no. 13229/03, § 67, ECHR 2008, სხვა მითითებებთან ერთად). სასამართლო განსხვავებულ მიდგომას იყენებს იმ პრინციპის მიმართ, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს თვითნებობას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი (a) პუნქტის საფუძველზე პატიმრობისას, არაკეთილსინდისიერების ან მოტყუების არარსებობის შემთხვევაში, თუ პატიმრობა გამომდინარეობს და საკმარისი მიზეზობრივი კავშირი აქვს კანონიერ მსჯავრდებასთან. პატიმრობის სასჯელის განსაზღვრისა და სასჯელის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილება არის უფრო მეტად ეროვნული ორგანოების, ვიდრე ევროპული სასამართლოს, გადასაწყვეტი საკითხი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (იხილეთ T. v. the United Kingdom, მითითებული ზემოთ, § 103; Stafford v. the United Kingdom [დიდი პალატა], no. 46295/99, § 64, ECHR 2002‑IV; და Saadi, ციტირებული ზემოთ, §§ 69 და 71).

48. მე-5 მუხლის პირველი (a) პუნქტის მოთხოვნა, რომ პირის კანონიერი პატიმრობა უნდა მოხდეს „უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების“ შემდეგ, არ გულისხმობს იმას, რომ ევროპულმა სასამართლომ სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს ამ მსჯავრდების სამართალწარმოება და დაადგინოს, რომ ის სრულად შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის ყველა მოთხოვნას (იხილეთ Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, § 51, 2005 წლის 24 მარტი). თუმცა, სასამართლო ასევე აცხადებს, რომ თუ „მსჯავრდება“ იყო იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც „აშკარად უარყოფდა მართლმსაჯულებას“, ანუ, სადაც სამართალწარმოება „აშკარად ეწინააღმდეგება მე-6 მუხლის დებულებებს ან მასში გათვალისწინებულ პრინციპებს“, აღნიშნულის შედეგად თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება გამართლებული მე-5 მუხლის პირველი (a) პუნქტის საფუძველზე (იხილეთ Drozd and Janousek v. France and Spain, 1992 წლის 26 ივნისი, § 110, Series A no. 240, და Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [დიდი პალატა], no. 48787/99, § 461, ECHR 2004-VII).

(b) ზემოთ ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

49. წინამდებარე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის თავისუფლების აღკვეთა განხორციელდა უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ, იმ შესაძლო შედეგით, რომლიც მკაფიოდ არის განსაზღვრული კონვენციის მე-5 მუხლის პირველ (a) პუნქტში. კერძოდ, პატიმრობა, რომელიც გახდა საჩივრის საგანი, ეფუძნებოდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო დასაბუთებულ განჩინებას, რომლითაც მომჩივანს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და, რომელშიც მითითებული იყო, რომ სასჯელის ათვლა დაიწყებოდა 2006 წლის 12 აპრილს. ეს სასჯელი უნდა ამოწურულიყო 2013 წლის 12 აპრილს, მაგრამ მომჩივანი გათავისუფლდა უფრო ადრე – 2013 წლის 27 იანვარს (იხილეთ პარაგრაფები 15 და 20 ზემოთ). თუმცა ევროპული სასამართლოს მიზანია, დაადგინოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღში შეტანილმა წინა ცვლილებამ იმ პროცედურის ფარგლებში, რომელიც უკვე დადგინდა, რომ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლს (იხილეთ პარაგრაფები 35-40 და 44 ზემოთ), გამოიწვია თუ არა, აგრეთვე, კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „კანონიერების“ მოთხოვნის დარღვევა.

50. მაშინ, როდესაც მომჩივანი აცხადებდა, რომ უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით განისაზღვრა მისი გათავისუფლების კონკრეტული თარიღი, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 აპრილის შესწორებული სააპელაციო განჩინების მიღებამდე შეიცვალა მომჩივნის გათავისუფლების თარიღი, რადგან ინდივიდუალური სასჯელების ხანგრძლივობა რამდენჯერმე შეიცვალა (იხილეთ პარაგრაფები 6 და 8-12 ზემოთ). უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინება მიღებული იქნა მაშინ, როდესაც სააპელაციო წესით მომჩივნის მეორე მსჯავრდებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა (იხილეთ პარაგრაფი 11 ზემოთ). ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის დასაბუთებული განჩინებით, ასევე შემცირდა მომჩივნის სასჯელის მთლიანი ხანგრძლივობა (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ).

51. განსახილველ საკითხს წარმოადგენს ის, იყო თუ არა „კანონიერი“ მომჩივნის პატიმრობა, რომელიც რეალურად გახანგრძლივდა მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის ცვლილებით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის არგუმენტს, რომ პროკურატურის მხრიდან საჩივრის არარსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა სსსკ-ის 540-ე მუხლის reformatio in peius პრინციპის დარღვევას (იხილეთ პარაგრაფი 23 ზემოთ). თუმცა მომჩივნის არგუმენტის სიძლიერე დამოკიდებულია სხვა სამართლებრივ საკითხზე. კერძოდ, ეროვნული კანონიერებისა და სსსკ-ის 540-ე მუხლის გამოყენების საკითხი დაკავშირებულია კითხვასთან, იყო თუ არა ეროვნული სასამართლოს მიერ მომჩივნის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებული უზუსტობა აშკარა, ხოლო ცვლილების შეტანა – მოსალოდნელი და მოცემული პერიოდისთვის ძალაში მყოფი კანონითა და პრაქტიკით დაშვებული, თუ ცვლილების შეტანა ამ თვალსაზრისით გასცდა კანონის ფარგლებს.

52. ამ თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მოქმედებდა მომჩივნის მიერ მეორე დანაშაულის ჩადენისას, მკაფიოდ არ განსაზღვრავდა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღს. მეორე მხრივ, როგორც ირკვევა, შემდგომი ცვლილება ირიბად ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლს, 2006 წლის 29 დეკემბერს შესული ცვლილებებით, რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრა, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან (იხილეთ პარაგრაფი 21 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განჩინებას სხვა საქმეზე, რომელშიც დაზუსტებულია, რომ კოდექსის 59-ე მუხლს შესაძლოა ჰქონოდა უკუძალის ეფექტი (იხილეთ პარაგრაფი 25 ზემოთ). ეს განჩინება წინ უსწრებდა ორივეს – ცვლილებების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განჩინებასა და უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის საბოლოო განჩინებას (შეადარეთ პარაგრაფები 14-15 და 25 ზემოთ). ამრიგად, მაშინ, როცა საკითხი განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ათვლის თარიღთან დაკავშირებული კანონის განჭვრეტადობაზე ეროვნული სასამართლოების მიერ არ იქნა განხილული, ცვლილების შეტანას, როგორც ჩანს, მოჰყვა სხვა საქმეში უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება. ასეთ გარემოებებში, სასამართლოს არ შეუძლია იმსჯელოს მომჩივნის 2010 წლის 29 სექტემბრის შემდგომი პატიმრობის კანონიერებაზე, რომლის შესახებ ბრძანება გაიცა უზენაესი სასამართლოს მიერ კანონისა და მოცემული პერიოდისთვის მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ მომჩივნის პატიმრობა ex facie არღვევდა ეროვნულ კანონმდებლობას.

53. მომჩივნის სხვა არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მისი პატიმრობა გახანგრძლივდა იმ პროცედურის საფუძველზე, რომელიც მიმდინარეობდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევით (იხილეთ პარაგრაფები 35-40 და 44 ზემოთ), სასამართლომ უკვე უარყო ის არგუმენტი, რომ კონვენციის მე-6 მუხლის ყოველი დარღვევა განაპირობებს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას (იხილეთ Hammerton v. the United Kingdom, no. 6287/10, § 100, 2016 წლის 17 მარტი). ასევე, რამდენადაც მომჩივნის არგუმენტიდან შეიძლება იქნას გაგებული, მისი მსჯავრდება და სასჯელი წარმოადგენდა იმ სამართალწარმოების შედეგს, რომელიც „აშკარად უარყოფდა მართლმსაჯულებას“, რამაც ზეგავლენა მოახდინა მისი პატიმრობის კანონიერებაზე კონვენციის მე-5 მუხლის თვალსაზრისით, ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ „მართლმსაჯულების აშკარად უარყოფის“ ტესტი ძალიან მკაცრია (ibid., § 99). ადგილი უნდა ჰქონოდა საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპების დარღვევას, რომელიც იმდენად ფუნდამენტურია, რომ შეიძლება გამოიწვიოს ამ მუხლით დაცული უფლების არსის გაუქმება ან განადგურება (იხილეთ Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 260, ECHR 2012 (ამონარიდები), და Tsonyo Tsonev v. Bulgaria (no. 3), no. 21124/04, § 59, 2012 წლის 16 ოქტომბერი, სხვა მითითებებთან ერთად). მართალია, წინამდებარე საქმეში სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხილეთ პარაგრაფები 35-40 ზემოთ), ის არ მიიჩნევს, რომ ეს დარღვევა არის ისეთი ხასიათის, რომ ანადგურებდეს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების არსს (შეადარეთ, Tsonyo Tsonev, მითითებული ზემოთ, § 59, და Hammerton, მითითებული ზემოთ, §§ 99 და 119). შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეში კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა არ წარმოადგენდა მართლმსაჯულების აშკარა უარყოფას.

54. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმის გარემოებებში, მომჩივნის პატიმრობა გამართლებული იყო კონვენციის მე-5 მუხლის პირველი (a) პუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

III. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა

55. მომჩივანმა განაცხადა, რომ მას შეეზღუდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით. ის დაეყრდნო კონვენციის მე-13 მუხლს, რომელშიც ვკითხულობთ:

„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“

56. მთავრობა შეეწინააღმდეგა ამ არგუმენტს.

57. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პრეტენზია დაკავშირებულია კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილ საჩივართან, და როგორც ზემოთ არის განხილული, ისიც, ასევე, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

58. კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებული დასკვნების გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 35-40 ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს იმის განხილვის აუცილებლობა, აღნიშნულ საქმეში ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას.

IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

59. კონვენციის 41-ე მუხლში მოცემულია:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.

A. ზიანი

60. მომჩივანმა მოითხოვა 100,000 ევრო მორალური ზიანისთვის.

61. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა გადაჭარბებული იყო და, რომ სამართლიანი დაკმაყოფილება არ იყო დარღვევის დადგენის ავტომატური შედეგი.

62. სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი დარღვევების გამო, მომჩივანმა განიცადა სტრესი და შფოთვა, სამართლიანობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებით, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 1,500 ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

B. სასამართლო ხარჯები

63. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 2,250 ევრო იურიდიული ხარჯებისა და 120 ევრო სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. თავისი მოთხოვნის გასამყარებლად, მომჩივანმა წარმოადგინა არაერთი იურიდიული და ფინანსური დოკუმენტი (მათ შორის, კონტრაქტები, ინვოისები და ქვითრები), რომლებიც ადასტურებდა, რომ წინამდებარე საჩივართან მიმართებით მას ნამდვილად გაეწია შესაბამისი მომსახურებები.

64. მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია მომჩივნის პრეტენზიაზე.

65. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია მიიღოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია, რომ ისინი გაწეულია რეალურად და საჭიროებისამებრ და არის გონივრული ოდენობის. წინამდებარე საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, რომ მომჩივანს სრულად მიენიჭოს მოთხოვნილი თანხა, კერძოდ, 2,370 ევრო.

C. საურავი

66. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

 

ამ მოტივით სასამართლო ერთხმად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას;

3. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას;

4. ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის განხილვის აუცილებლობა;

5. ადგენს

(a) რომ, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით, მომჩივანს გადაუხადოს თანხა შემდეგი ოდენობით:

(i) 1,500 ევრო (ათას ხუთასი ევრო) მორალური ზიანისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს;

(ii) 2,370 ევრო (ორი ათას სამას სამოცდაათი ევრო) სასამართლო ხარჯებისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს;

(b) რომ, ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

6. უარყოფს მომჩივნის პრეტენზიას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ მხარეებს 2019 წლის 28 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

მილან ბლაშკო

განმწესრიგებლის მოადგილე

ანგელიკა ნუსბერგერი

თავმჯდომარე