შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17-64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 05/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016592
17-64
30/09/2019
ვებგვერდი, 18/11/2019
480140000.03.030.016592
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ

საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი – ინდივიდუალურად „მხარე“ და ერთობლივად „მხარეები“),

დარწმუნებულნი არიან, რომ შრომითი მიგრაცია, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, ორივე მხარისათვის არის ურთიერთსასარგებლო და ხელს უწყობს კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტექნოლოგიების გაცვლას,

აღიარებენ რა  უფლებების, ვალდებულებებისა და გარანტიების პატივისცემის საჭიროებას, მხარეთა ეროვნული კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისი დებულებების შესაბამისად, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენს  ორივე სახელმწიფო,

მიზნად ისახავენ რა გააძლიერონ მხარეთა შორის თანამშრომლობა და მეგობრობა მხარეთა მთავრობების საგარეო და მიგრაციის პოლიტიკის კონტექსტში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


თავი პირველი

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

1. წინამდებარე შეთანხმებაზე  მხარეთა პასუხისმგებელი ორგანოები (შემდგომში წოდებულნი – „უფლებამოსილი ორგანოები“) არიან:

1) საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

2) ბულგარეთის რესპუბლიკაში – შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო.

2. პირველ პუნქტში მითითებული უფლებამოსილი ორგანოები წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით განსაზღვრავენ შემდეგ ინსტიტუტებს (შემდგომში წოდებულნი – „კომპეტენტური ინსტიტუტები“):

1) საქართველოში  – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი;

2) ბულგარეთის რესპუბლიკაში – შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრთან არსებული დასაქმების სააგენტო.

3. წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება იმ მხარის   ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი და ამ ტერმინთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

მუხლი 2

1. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება შემდეგი კატეგორიის მუშაკებზე, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთი მხარის მოქალაქეებს, ხელი აქვთ მოწერილი წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შრომით ხელშეკრულებაზე და მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ შესაბამისი ბინადრობის ნებართვით:

1) მუშაკები, თავდაპირველი ერთწლიანი ვადით, ბინადრობის ნებართვის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით, ჯამურად სამ წლამდე ვადით;

2) სეზონური მუშაკები, წელიწადში არაუმეტეს ცხრა თვის ვადით.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მუშაკებს მუშაობის ნებართვა არ მოეთხოვებათ.

 

მუხლი 3

1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლა, ყოფნა და დასაქმება რეგულირდება მიმღები მხარის ეროვნული კანონმდებლობით.

2. დაქირავებულ მუშაკებს შეიძლება თან ახლდნენ თავიანთი ოჯახის წევრები მიმღები მხარის  ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი მეორე

დებულებები დასაქმებასთან დაკავშირებული საშუამავლო მომსახურების შესახებ

 

მუხლი 4

არსებულ ვაკანსიებზე დასაქმების მიზნით მუშაკების მოძიება განხორციელდება გამგზავნი მხარის კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ და განსაზღვრულია ამ შეთანხმების საიმპლემენტაციო პროცედურებში.

 

მუხლი 5

1. კომპეტენტური ინსტიტუტები თავიანთი სახელმწიფო ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციელებენ შემდეგ საშუამავლო ფუნქციებს:

1) ინფორმაციის გაცვლა შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე დამსაქმებლებისაგან მიღებული ვაკანსიების შესახებ;

2) მუშაკების (შემდგომში წოდებულნი – „კანდიდატები“) ორეტაპიანი შერჩევა:

ა) კანდიდატების წინასწარი შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე;

ბ) კანდიდატების საბოლოო შერჩევა დამსაქმებლის თანხმობით;

3) დახმარების გაწევა შრომით საკითხებზე მოლაპარაკებებისა და შერჩეული კანდიდატების მიერ შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში;

4) შრომით ხელშეკრულებებზე ხელმომწერი მუშაკებისთვის, გამგზავნი მხარის ოფიციალურ ენაზე აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ყოფნის, შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, განთავსებისა და დაბრუნების პირობების  შესახებ.

2. სამუშაო ვაკანსიების წარმოდგენის წესი განისაზღვრება  საიმპლემენტაციო პროცედურებში და ის უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:

1) საქმიანობის განხორციელების ეკონომიკური სექტორი და გეოგრაფიული რეგიონი;

2) დასასაქმებელი მუშაკების რაოდენობა;

3) მუშაკების დაქირავებასთან დაკავშირებული პროფესიული საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები;

4) კანდიდატების შესარჩევი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა;

5) დასაქმების ხანგრძლივობა;

6) ზოგადი ინფორმაცია სამუშაო პირობების, ანაზღაურების, განთავსების და სხვა საცხოვრებელი პირობების შესახებ;  

7) შერჩეული კანდიდატების მიერ მუშაობის დაწყების თარიღი;

8) მხარეთა ტერიტორიებს შორის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;

9) საიმპლემენტაციო პროცედურებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

3. კომპეტენტური ინსტიტუტები შექმნიან ერთობლივ შესარჩევ კომისიას (შემდგომში წოდებული – „კომისია“), რომლის მუშაობის წესები განისაზღვრება საიმპლემენტაციო პროცედურებით.

4. კომისია კომპლექტდება კომპეტენტური ინსტიტუტების თანაბარი  რაოდენობის წარმომადგენლებით და მისი ფუნქციებია:

1) განსაზღვროს შერჩევის კრიტერიუმები თანასწორობის პრინციპის საფუძველზე მიღებული ვაკანსიებისთვის;

2) კონსულტაცია და დახმარება გაუწიოს კანდიდატებს შერჩევის სრული  პროცესის განმავლობაში.

მუხლი 6

1. პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისად და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს გამგზავნი მხარის კომპეტენტური ინსტიტუტი, საიმპლემენტაციო პროცედურებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

2. გამგზავნი მხარის კომპეტენტური ინსტიტუტი, დამსაქმებლების მოთხოვნითა და ხარჯით, ორგანიზებას გაუწევს ინტერვიუებს და/ან შესაბამის პროფესიაში პრაქტიკული გამოცდების ჩატარებას, შეთავაზებული ვაკანსიის შესაბამისად.

3. კანდიდატების საბოლოო შერჩევას უზრუნველყოფენ დამსაქმებლები  საიმპლემენტაციო პროცედურების შესაბამისად.

4. საბოლოო შერჩევის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას დამსაქმებლების ხარჯით, გამგზავნი მხარის ტერიტორიაზე.

მუხლი 7

1. გამგზავრებამდე, საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები და ორივე კომპეტენტური ინსტიტუტი უნდა ფლობდნენ მიმღები მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებულ და დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილ, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დედანს.

2. მიმღები მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან შრომითი მიგრანტის  მგზავრობის ხარჯებს დაფარავს დამსაქმებელი.

 

მუხლი 8

1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ სავიზო განაცხადებს გამგზავნი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი, მიმღები მხარის კომპეტენტური საკონსულო სამსახური განიხილავს პრიორიტეტული წესით, მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისი დებულებების დაცვით, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენს ორივე სახელმწიფო. ვიზაში მითითებული უნდა იქნეს ვიზის ტიპი, მიმღები მხარის ტერიტორიაზე ყოფნის მიზანი და ხანგრძლივობა.

2. მუშაკებზე უნდა გაიცეს შესაბამისი ბინადრობის ნებართვები მიმღები მხარის  ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

3. გამგზავნი მხარის კომპეტენტური ინსტიტუტები მუშაკებს აცნობებენ ჩასვლის თარიღისა და ადგილის შესახებ. მიმღები მხარის კომპეტენტური ინსტიტუტები დამსაქმებლებთან ერთად კოორდინაციას გაუწევენ მუშაკებთან შეხვედრისა და მათი განთავსების ორგანიზებას.

თავი მესამე

დებულებები სამუშაო პირობებისა და სოციალური უფლებების შესახებ

მუხლი 9

1. მუშაკებს ექნებათ ისეთივე უფლებები და ვალდებულებები, როგორიც ადგილობრივ მუშაკებს და ისინი სამუშაო ადგილზე ისარგებლებენ თანაბარი დაცვით მიმღები მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მუშაკები ისარგებლებენ პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც ადგილობრივი მოქალაქეები, მიმღები მხარის  ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მიმღები მხარის კომპეტენტური ინსტიტუტი შეისწავლის შრომითი მიგრანტების საჩივრებს და ახდენს რეაგირებას მათი შრომითი უფლებების დარღვევებზე.

მუხლი 10

მუშაკთა ანაზღაურება და სამუშაო პირობები განისაზღვრება ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულებით და ისინი ყოველთვის შესაბამისობაში იქნება მოქმედ კოლექტიურ შეთანხმებებთან ან ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, იმ მხარის ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლებიც ვრცელდება იმავე პროფესიისა და კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივ მუშაკებზე.

მუხლი 11

მხარეები თანხმდებიან, რომ სოციალური დაცვის სფეროში გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი მიმღები მხარის ეროვნული კანონმდებლობა.

მუხლი 12

დამსაქმებლებსა და მუშაკებს შორის წარმოშობილი დავები გადაწყდება მიმღები მხარის  ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი მეოთხე

დებულებები  შრომითი მიგრანტების დაბრუნების შესახებ

მუხლი 13

1. შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე შრომითი მიგრანტები ასევე ხელს მოაწერენ დეკლარაციას, რომლის საფუძველზეც ისინი კისრულობენ ვალდებულებას დაბრუნდნენ გამგზავნი მხარის ტერიტორიაზე, თავიანთი კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვისთანავე და თავად წარადგინონ თავიანთი პასპორტები მიმღები მხარის საკონსულო სამსახურში, დაბრუნებიდან ერთი თვის ვადაში.

2. პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გათვალისწინებული იქნება ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმღები მხარის ორგანოებისთვის წარდგენილი შემდგომი განაცხადების განხილვისას.

თავი მეხუთე

დებულებები ამ შეთანხმების განხორციელების შესახებ

მუხლი 14

1. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში  უფლებამოსილი ორგანოები გააფორმებენ საიმპლემენტაციო პროცედურებს.

2. უფლებამოსილი ორგანოები გაცვლიან თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორც ეს გათვალისწინებულია საიმპლემენტაციო პროცედურებით.

3. შეიქმნება ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში წოდებული – „კომიტეტი“), რომელშიც მხარეებს ეყოლებათ თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები.

4. კომიტეტი შეისწავლის და კონსულტაციებისა და მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ პრობლემას.

5. კომიტეტი შეიკრიბება მინიმუმ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში, ურთიერთშეთანხმებული პირობების შესაბამისად.

მუხლი 15

1. წინამდებარე შეთანხმება გაფორმდება თავდაპირველად ხუთწლიანი ვადით და მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება ყოველი შემდგომი სამწლიანი ვადით.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რომელიც ადასტურებს მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებას.

მუხლი 16

1. წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ცვლილებები ჩამოყალიბდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შედის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურის შესაბამისად. ამგვარი ოქმები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინსტიტუტების ცვლილების შესახებ. ამ შემთხვევებში პირველი პუნქტი არ გამოიყენება.

მუხლი 17

1. თითოეულ მხარეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება გარკვეული პერიოდის მანძილზე, როდესაც ამას მოითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები. წინამდებარე შეთანხმების  მოქმედების შეჩერება ძალაში შევა დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისთვის შეტყობინების გაგზავნისთანავე.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ შეთანხმების შეწყვეტა დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.

3. პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ შემთხვევაში, შრომითი მიგრანტების მიერ შეძენილი უფლებები ძალაში რჩება შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა და წესების შესაბამისად.

 
შესრულებულია ქ. თბილისში, 2019 წლის 30 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

 

 

 

ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 

 

 

ბისერ პეტკოვი

შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი