დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340040000.10.003.021558 |
|
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 340040000.10.003.019743) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდები: 31 06 04 02 და 31 06 05).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“: ა) პირველი მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) ითვალისწინებს ღვინის საწარმოს დანადგარებით აღჭურვას.“; ა.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქვეყანაში წარმოებული ყურძნის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული ყურძნის გადამუშავების ხელშეწყობა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;“; ა.გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობებისა და დანადგარების შესყიდვის თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა;“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს; გ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელსაც სააგენტოსთან გაფორმებული აქვს თანადაფინანსების/დაფინანსების ხელშეკრულება; დ) მანქანა-დანადგარები – პროგრამით გათვალისწინებული ყურძნის მიღებისათვის, გადამუშავებისა და შენახვისათვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობები და დანადგარები.“; დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები 1. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 20 მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი; გ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 10 მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 10 ჰექტარი ვენახი; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახი; ე) იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროექტს განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 7 მეპაიეს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახი; ვ) არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება; ზ) საკუთრებაში გააჩნიათ ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი, რომელზეც დასაშვებია, აშენდეს ღვინის საწარმოს შენობა-ნაგებობა; თ) პოტენციურ ბენეფიციარს გააჩნია ამ პროგრამის ფარგლებში ასაშენებელი/სარეკონსტრუქციო შენობისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები (საჭიროების შემთხვევაში); ი) იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის 2 (ორი) ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი (რომელზეც გაშენებულია ვენახი) ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში; კ) პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. 2. შენობა-ნაგებობა, რომელშიც უნდა განთავსდეს სააგენტოს თანადაფინანსებით შესყიდული მანქანა-დანადგარები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მანქანა-დანადგარების გამართულად განთავსებისათვის/ფუნქციონირებისთვის საჭირო აუცილებელი პირობებით; ბ) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის ჰიგიენის ზოგად წესს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების დასადასტურებლად, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი; ბ) ამონაწერი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პოტენციური ბენეფიციარის ან/და მეპაიეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შესახებ; გ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არსებობის შესახებ; დ) ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და მიწის ნაკვეთის არსებობის შესახებ; ე) თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან ან/და დამტკიცებული სესხის შესახებ ცნობა ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი); ვ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაცემული ცნობა ბენეფიციარის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში პროგრამის პირობებით გათვალისწინებული მოცულობის ვენახის ნარგაობის არსებობის შესახებ; ზ) სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა საწარმოს შენობის, შესასყიდი მანქანა-დანადგარებისა და დაგეგმილი საწარმოებელი პროდუქციის ურთიერთშესაბამისობის შესახებ; თ) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს შენობის სურსათის ჰიგიენის ზოგად პირობებთან შესაბამისობის შესახებ.“; ე) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სააგენტოს თანადაფინანსება და ბენეფიციარის თანამონაწილეობა 1. სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის არაუმეტეს 90%-იან თანადაფინანსებას, არაუმეტეს 500,000 ლარისა. 2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას, არაუმეტეს 500,000 ლარისა. 3. სააგენტოს თანადაფინანსება არ მოხმარდება შენობა-ნაგებობის აშენება-მოწყობის/რემონტის/რეკონსტრუქციის ხარჯებს.“; ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ტექნიკური დახმარება ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში მიიღებს ტექნიკურ დახმარებას, რაც გულისხმობს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებაში დახმარებას, მარკეტინგულ მხარდაჭერას, სწავლებასა და კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით: ვენახის მოვლა, ღვინის პირველადი გადამუშავება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობები და სამართლებრივი რეგულაციები.“; თ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს; ი) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები 1. ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) რთვლის სეზონის განმავლობაში: ა) საკუთარი თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოს განსათავსებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება/რემონტი ან/და მოწყობა/რეკონსტრუქცია; ბ) არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე. სააგენტოს წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისების შემთხვევაში; გ) არ დაუშვას პროგრამის დადგენილი ვენახის ფართობებისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება; დ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ე) უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 100 ტონა ყურძნის (50 ტონა მაღალმთიანში) გადამუშავება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო. 2. ბენეფიციარმა, ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით უნდა დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. ამავდროულად, დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.“; კ) მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს; ლ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მონიტორინგი 1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება, სალაროს ჩეკი და სხვა).“; მ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“; ნ) დანართი − „აღჭურვილობა (100 ტ ყურძნის გადამუშავებისათვის)“ ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით გათვალისწინებული პირობები ასევე შესაძლებელია, გავრცელდეს პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, მათი მიმართვისა და სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები