დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს „საქაერონავიგაციისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/525 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს „საქაერონავიგაციისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა შპს „საქაერონავიგაციის“ 2019 წლის 20 აგვისტოს №12310/12 განცხადება – ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქტექნიკური სისტემის გაფართოების პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გამოარკვია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს არ აქვს მინიჭებული კურსით 132 კატეგორია. ამასთან, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ICAO-ს სტანდარტები და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის ტექნიკური რეგლამენტი – სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ №87 დადგენილება (59-ე მუხლი), ასაფრენ-დასაფრენი ზოლისათვის გათვალისწინებელი უნდა იყოს მინიმუმ გამარტივებული სისტემა, რაზედაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შენიშვნა, ხოლო სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა მიახლოების სანათების სისტემის 900 მეტრამდე გაფართოება. პროექტის ფარგლებში ასევე მოექცა ფიზიკური პირის ვენჰაო იანგის (პ/ნ 01492005485) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქვემო ალექსეევკის II ქუჩა, №20-ში მდებარე 748 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ს/კ №01.19.24.010.048). დასახელებულ პირს შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან უარი განაცხადა. ვინაიდან აღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, შპს „საქაერონავიგაციამ“ წერილობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ქვემო ალექსეევკის II ქუჩა, №20, ს/კ №01.19.24.010.048 წარმოადგენს ვენჰაო იანგის (პ/ნ 01492005485) საკუთრებას. დადგენილია, რომ დასახელებული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დასახელებული პირის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 748.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებთან ერთად. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.“. ვინაიდან, შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრესთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, უძრავი ქონების მესაკუთრე მიუთითებს, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ არ არის თანახმა ქონების ნებაყოფლობით გასხვისებაზე. საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა კი არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ 1. ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქტექნიკური სისტემის გაფართოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და შპს „საქაერონავიგაციას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება – ს/კ №01.19.24.010.048, მდებარე ქ. თბილისი, ქვემო ალექსეევკის II ქუჩა, №20, მესაკუთრე: ვენჰაო იანგი (პ/ნ 01492005485; C/№: G58806698), საექსპროპრიაციო ფართი 748 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები