„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5274-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019641
5274-Iს
01/11/2019
ვებგვერდი, 04/11/2019
040030000.05.001.019641
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.12.2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“.

2. პირველი−მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომ – უნივერსიტეტი), როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპლექსის, შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივ თავისებურებათა განსაზღვრა.

მუხლი 2. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, უნივერსიტეტის წესდება და სხვა სამართლებრივი აქტები.

2. განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა უნივერსიტეტზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 3. უნივერსიტეტის სამართლებრივი სტატუსი და სტრუქტურა

1. უნივერსიტეტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული და ამ კანონით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.

2. უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სტრუქტურა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან (შემდგომ – საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო) და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთან (შემდგომ – სამეცნიერო საბჭო) შეთანხმებით, უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომ – აღმასრულებელი დირექტორი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. უნივერსიტეტი ავტორიზებულად ითვლება უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე.

მუხლი 4. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობის სფეროები

1. უნივერსიტეტის მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

2. უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებია: კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველზე მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.

3. უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

მუხლი 5. უნივერსიტეტის ფუნქციები

უნივერსიტეტის ფუნქციებია:

ა) ადრონული თერაპიის მეთოდის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება; სტუდენტების ხელშეწყობა პიროვნული პოტენციალის რეალიზებაში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების მიღებაში;

გ) მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების პირობების შექმნა;

დ) განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისთვის პირობების შექმნა;

ე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება;

ვ) ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობის წარმოება;

თ) დარგობრივი და დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და სამეცნიერო კვლევების ახალი მიმართულებების განსაზღვრა;

ი) უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება, სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები

უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელი დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას;

ბ) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

დ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;

ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;

ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;

თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს;

ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უნივერსიტეტის სახსრებსა და ქონებას;

მ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის უნივერსიტეტის სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც:

ა) აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას;

გ) ახორციელებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების პერიოდულ მონიტორინგს და მის შედეგებს კონფერენციებზე განიხილავს.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას;

ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას;

გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;

დ) უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

ე) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

6. მე-10−მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი

1. უნივერსიტეტი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და უმაღლესი განათლების შემდგომ კვლევით პროგრამებს ახორციელებს დამოუკიდებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ შესაბამის სფეროში დადგენილ სტანდარტებზე დაბალი.

2. უნივერსიტეტი შეიმუშავებს აკადემიური ხარისხის მქონე პირთა (სამეცნიერო პერსონალი, პოსტდოქტორანტები, ასოცირებული თანამშრომლები და სხვა პირები) ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანის წესს.

3. პროფესორის არჩევის წესი, აკადემიური ხარისხის მინიჭების, სასწავლო კრედიტების აღიარებისა და უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით.

4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგენის საფუძველზე აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი, რის შემდეგაც საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება.

5. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციიდან 10 წლის ვადაში საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ უნდა იქნეს აღიარებული.

6. უნივერსიტეტს უფლება აქვს, დააწესოს უნივერსიტეტში მისაღები დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, აგრეთვე აბიტურიენტებისთვის.

7. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად გაიარეს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები.

8. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

მუხლი 11. უნივერსიტეტის ქონება

უნივერსიტეტს დაფუძნებისას სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.

მუხლი 12. უნივერსიტეტის დაფინანსება

1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) გრანტები;

დ) შემოწირულებები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას და მისი ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 13. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი

1. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. აღმასრულებელი დირექტორი წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

მუხლი 14. უნივერსიტეტის საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი

უნივერსიტეტის საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2019 წ.

N5274-Iს