„საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ“

„საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 07/09/1995
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 180.013.000.074
104
07/09/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 28/09/1995
180.013.000.074
„საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ“
საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი

საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №104

1995 წლის 7 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის წესების დამტკიცების შესახებ

რესპუბლიკის ეროვნული მეურნეობისა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების, საქართველოს რესპუბლიკის კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" და რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 22 ივლისის N440 დადგენილების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სახელმძღვანელოდ საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის წესები.

2. ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს გაატაროს რეგისტრაციაში აღნიშნული წესები.

თავმჯდომარე                                                                 ო. დარჯანია

საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის

წ ე ს ე ბ ი

თავი 1

ძირითადი დებულებები

1.1. ეს წესები განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების, ავტოსადგურების, ავტოპავილიონების, ავტოსალაროების /შემდგომში ავტოსადგურები/ ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითად მოთხოვნებს, დაწესებულ მარშრუტებზე მოძრაობის განრიგების შესაბამისად ავტობუსების სადისპეტჩერო მომსახურების უზრუნველყოფისა და რეგულირების პირობებს.

1.2, წესები ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ავტოსადგურზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საკუთრებისა.

1.3. წესები შედგენილია საქართველოს რესპუბლიკის კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ", საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 4 მაისის №44 დადგენილების, 1994 წლის 25 მარტის №180 დადგენილების, 1995 წლის 22 ივლისის №440 დადგენილების და საქართველოს რესპუბლიკის სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი 2

ავტოსადგურების კლასიფიკაცია

1. ავტოსადგურები წარმოადგენს მგზავრების ორგანიზებული მომსახურების საგზაო ნაგებობებს, რომლებიც ეწყობა მგზავრთნაკადების წარმოქმნის ადგილებში და აკმაყოფილებენ მგზავრების მიღებისა და გამგზავრების მოთხოვნებს. მათში განლაგებულია საექსპლუატაციო, საინფორმაციო და სხვა აუცილებელი სამსახურები, ავტობუსების გამგზავრების და რეისებს შორის გასაჩერებელი ბაქნები.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მგზავრთა მომსახურება ხორციელდება ავტოვაგზლებში, ავტოსადგურებში, ავტოპავილიონებში, ავტოსალაროებში:

2.1. ავტოვაგზალი წარმოადგენს საქალაქო მოძრაობიდან იზოლირებულ კომპლექსს, რომლის დანიშნულებაა მგზავრების მომსახურება რეგულარულ საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო და აგრეთვე ჩარტერული/ერთჯერადი/ რეისებით.

ავტოვაგზალი მოიცავს:

– მგზავრების მოსაცდელ დარბაზს;

– მგზავრების ავტობუსში ჩასხდომისათვის მოწყობილ ტერიტორიას სპეციალური ბაქნებით;

– ავტობუსების რეისების მოლოდინში მოსაცდელ მოედანს;

– საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტისათვის გასაჩერებელ ვაგზლის წინა ბაქანს;

– საბილეთო სალაროებს;

– ხელბარგის და ბარგის შემნახველი საკანს;

– კვების ბლოკს /ბუფეტი, კაფე/;

– კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების პუნქტებს /ფოსტა, ტელეგრაფი, ტუალეტი, სამედიცინო პუნქტი/;

– მძღოლების დასასვენებელ ოთახს;

– სადისპეტჩეროს;

– სასტუმროს ღამისთევით მომუშავე მძღოლებისათვის;

– დედათა და ბავშვთა ოთახს;

– მძღოლების წინასარეისო შემოწმების სამედიცინო პუნქტს;

სამოსამსახურო დანიშნულებისათვის აუცილებელ სათავსოებს.

2.2. ავტოსადგური წარმოადგენს მგზავრთა მომსახურების სპეციალურ ნაგებობას, რომელიც მომსახურებას უწევს საქალაქთაშორისო, საგარეუბნო ჩარტერულ საავტობუსო რეისებს. ქალაქებს, რომლებსაც არ აქვთ ავტოვაგზლები უფლება აქვთ ავტოსადგურებით მოემსახურონ საერთაშორისო რეისებს.

ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:

– მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;

– ავტობუსების სადგომი ბაქნები მგზავრების ჩასხდომისათვის;

– კულტურულ-საყოფაცხოვრებო, კვების და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების პუნქტები;

– შემნახველი საკანი;

– დედათა და ბავშვთა ოთახი;

– სამედიცინო პუნქტი მძღოლების წინასარეისო შემოწმებისათვის;

– სადისპეტჩერო;

– მძღოლების მოსაცდელი ოთახი.

2.3. ავტოპავილიონი წარმოადგენს დახურულ ან ნახევრად დახურულ ნაგებობას, ცუდი კლიმატური ზემოქმედებისაგან /წვიმა, თოვლი, ქარი და ა.შ./ მგზავრების დასაცავად, მისი დანიშნულებაა საგარეუბნო და შიდასარაიონო მარშრუტების მომსახურება.

ავტოპავილიონს უნდა გააჩნდეს:

– საბილეთო სალარო;

– სადისპეტჩერო;

– ავტობუსების სადგომი ბაქანი მგზავრების ჩასხდომისათვის.

2.4. ავტოსალარო წარმოადგენს მცირე ნაგებობას, რომელშიც მოთავსებულია საბილეთო საღარო, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის აპარატურა.

იგი ეწყობა საავტომობილო მაგისტრალებზე განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში. მისი დანიშნულებაა მხოლოდ ბილეთების რეალიზაცია და მგზავრებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება.

თავი 3

ავტოსადგურების მოწყობის ორგანიზაცია

1. ავტოსადგურები შენდება ქალაქებსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, აგრეთვე მგზავრთნაკადების წარმოქმნის ადგილებში საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის რეკომენდაციით და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე.

ავტოსადგურის კლასის შერჩევის საფუძველს წარმოადგენს მოცემული პუნქტიდან დღე-ღამეში გამავალი მგზავრების ფაქტობრივი პერსპექტიული მონაცემები და აგრეთვე ავტობუსების მოძრაობის ინტენსივობა 1 საათის განმავლობაში.

ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია ავტოსადგურის განთავსება არასპეციალიზებულ შენობაში, მხოლოდ ზემოაღნიშნული ჩამონათვალის შესაბამისად ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ.

2. ავტოსადგურის განლაგება მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს მგზავრთა მოხერხებულ მომსახურებას, კომფორტს, მისადგომად უნდა იყოს ხელსაყრელი და ამავე დროს ქალაქისა და დასახლებული უბნისათვის არ წარმოადგენდეს ეკოლოგიურად საშიშს.

თავი 4

ავტოსადგურების ამოცანები და მუშაობის ტექნოლოგია

1. სამგზავრო ავტოსადგურები, მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელების /ფიზიკური და იურიდიული პირების/ მეშვეობით, რომელთაც მგზავრების გადაყვანის განხორციელებაზე აქვთ სათანადო ნებართვა /ლიცენზია/. გადამზიდავებთან ურთიერთობის პირობები ფორმდება სათანადო ხელშეკრულებით.

2. სამგზავრო ავტოსადგურები მგზავრთა მომსახურებას აწარმოებენ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის /ლიცენზიის/ მიღების შემდეგ.

3. ავტოსადგური ლიცენზიის მიღების შემდეგ იღებს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ სამარშრუტო ქსელს /ავტოსადგურების კლასიფიკაციის შესაბამისად/, ამის შემდეგ ირჩევს ლიცენზირებულ გადამზიდავს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას. ლიცენზირებული ავტობუსებიდან ქმნის სარეზერვო ფონდს, შეუფერხებელი და დამატებითი რეისების განსახორციელებლად.

4. ავტოსადგურის ძირითადი შემოსავალი:

- ავტოსადგურის ძირითადი შემოსავალი განისაზღვრება ბილეთების მიმდინარე და წინასწარი გაყიდვიდან მიღებული საკომისიო გადასახადის სახით, რომელიც დგინდება გადამზიდავსა და ავტოსადგურის შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შემოსავლებით.

– ავტოსადგურის /ავტოვაგზლის/ სამუშაო დღის რეჟიმი განისაზღვრება დამტკიცებულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის განრიგების შესაბამისად.

– სამგზავრო ავტოსადგურების ძირითადი ფუნქციაა:

– საბილეთო სალაროების, შემნახველი საკანის, ცნობათა ბიუროს, საექსპლუატაციო სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ მგზავრების დროულ და კულტურულ მომსახურებას.

მოძრაობის განრიგების დაცვა და მათზე კონტროლის განხორციელება, რეისის ჩაშლის შემთხვევაში მგზავრების გამგზავრების უზრუნველყოფა.

– საბილეთო სალაროების მოვალეობაა დროის მცირე დანაკარგებით მგზავრებს შეუქმნას ბილეთების შეძენის ხელსაყრელი პირობები.

– საბილეთო სალაროებმა უნდა უზრუნველყონ ბილეთების წინასწარი გაყიდვა საჯდომი ადგილების 80 %-ის ოდენობით, დანარჩენი 20 % კი მიმდინარე გაყიდვით. ბილეთების წინასწარი გაყიდვა იწყება რეისის გასვლამდე 1 დღით ადრე.

- საბილეთო სალაროების მუშაობა ორგანიზებული უნდა იქნეს ან მარშრუტებზე მიმაგრების პრინციპით ან ცენტრალიზებული მუშაობის /ყველა სალარო ბილეთს ყიდის ნებისმიერ მიმართულებით/ მეთოდით.

– ავტოსადგურის მიერ მგზავრებზე მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის საორიენტაციო და საცნობარო მონაცემებს:

– მარშრუტების მიხედვით ავტობუსების მოძრაობის განრიგებს.

– მგზავრობის ღირებულებას, მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის პირობებს.

–ავტოსადგურის სამსახურების განლაგებას და მუშაობის რეჟიმს.

– კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სანიტარიულ-ჰიგიენური და კვების ბლოკის განლაგება.

– ავტობუსებში საჯდომი ადგილების განლაგების სქემა და ნუმერაცია.

– დედათა და ბავშვთა ოთახი ემსახურება ფეხმძიმე ქალებს და ბავშვიან /10 წლამდე/ მგზავრებს.

5. ავტოსადგური უზრუნველყოფს:

– ავტობუსების მოძრაობის რეგულირებას და სადისპეტჩერო მომსახურებას.

– მოძრავი შემადგენლობის ეფექტურ გამოყენებას.

– მოძრაობის განრიგის დაცვას.

– ახდენს ავტობუსების რეგისტრაციას გადამზიდავის სამარშრუტო ფურცლებში რეგისტრაციის შეტანის დასმით.

ავტოსადგური საგზაო დოკუმენტაციაში სათანადო აღნიშვნის /შტამპ საათი/ აწარმოებს ავტობუსების მოსვლისა და წასვლის აღრიცხვას.

ავტობუსების მოსვლისა და წასვლის აღრიცხვა, აგრეთვე ყველა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სადისპეტჩერო რეგულირებასთან წარმოებს დადგენილი ფორმის სადისპეტჩერო ჟურნალში.

იმ ავტობუსების გამოყენება მგზავრების გადასაყვანად, რომლებსაც არ გააჩნიათ ამ საქმიანობისათვის საჭირო ნებართვა /ლიცენზია/ კატეგორიულად არის აკრძალული და ისჯება კანონმდებლობით.

ავტოსადგური ვალდებულია გადამზიდავების მიერ დამტკიცებული რეისების რეგულარულ შესრულებაზე სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს დეპარტამენტს.

ავტოსალაროში უნდა ინახებოდეს შენიშვნების და წინადადებების წიგნში.

თავი 5

ავტოსადგურსა და გადამზიდავს შორის ურთიერთპასუხისმგებლობა

1. საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტებით მგზავრთა გადაყვანასა და ავტობუსების მომსახურებაზე გადამზიდავსა და ავტოსადგურს შორის ფორმდება ურთიერთხელშეკრულება.

2. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეებს /ავტოსადგური-გადამზიდავი/ ეკისრებათ ურთიერთშორის მატერიალური პასუხისმგებლობა.

3. ავტოსადგური ვალდებულია არ დაუშვას ავტობუსი რეისში მისი ანტისანიტარული, ეკოლოგიური, ან გარე და შიგა გაფორმების წესების დარღვევის შემთხვევაში, ასევე მძღოლების სამედიცინო შემოწმების გარეშე.

ყველა ეს მოთხოვნა უნდა აისახოს ავტოსადგურსა და გადამზიდავს შორის ურთიერთხელშეკრულებაში.

4. გადამზიდავის მიერ რეისების სისტემატურად შეუსრულებლობისა და მისი გრაფიკის დარღვევით შესრულების შემთხვევაში ავტოსადგური შესაბამის ინფორმაციას აწვდის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს მისთვის ლიცენზიის გაუქმების და მის სანაცვლოდ სხვა გადამზიდავის ჩართვისათვის.

ავტოსადგურის გადამზიდავთან ხელშეკრულებაში ნაჩვენები უნდა იყოს მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.

საქართველოს რესპუბლიკაში ავტოვაგზლების და ავტოსადგურების მუშაობის წესები და საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ბრძანება

შედგენილია 8 /რვა/ ფურცელზე.

საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სამართლებრივი და საკანონმდებლო საქმიანობის სამმართველოს უფროსი   ი ხადური