შპს „პროგრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს „პროგრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2665-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 21/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2665-19
21/10/2019
ვებგვერდი, 29/10/2019
შპს „პროგრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

080210319003234261

საქმე № 2/ 2 665-19

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2019 წლის   21 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე


განმცხადებელი – შპს „პროგრესი“ (ს/კ 221274859)

წარმომადგენელი – შპს „რეაბილიტაცია“,

დირექტორი თამარ მუმლაძე

მოთხოვნა: შპს „პროგრესის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „პროგრესის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი

გამოარკვია:

 შპს „პროგრესის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა, რომ შპს „პროგრესი“ წარმოადგენს სახელმწიფო 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში რაიმე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია ასევე არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. შპს „პროგრესს“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება. ვინაიდან, ორგანიზაციას გააჩნია ზედმეტობა 0.43 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა დებიტორი არ ჰყავს. შპს „პროგრესს“ უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი მევლუდ ფაილოძე. მის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება სახელფასო დავალიანება 850 ლარის ოდენობით. შპს „პროგრესს“ მოქმედი საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში“, სადაც ნაშთის სახით ერიცხება 0.78 ლარი, სალაროში თანხა არ გააჩნია. შპს „პროგრესი“ გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების გადახდა.

განმცხადებელი ითხოვს შპს „პროგრესის“ გაკოტრებას.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით – ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ვინაიდან შპს „პროგრესს“ არ გააჩნია ქონება და ფინანსები, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „პროგრესს“ (ს/კ 221274859) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მანანა ნიკაჭაძე  მოსამართლე