დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 505 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.021524 |
|
შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი − კომისიის წევრი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი − კომისიის წევრი; სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი − კომისიის წევრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული „შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის დებულება“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძებნა; ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა გადმოსვენების ორგანიზება; გ) ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება; დ) საზოგადოებასა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებთან ურთიერთობა; ე) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრთა მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავება. მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; ბ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები და საკონსულტაციო-თემატური ჯგუფები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; გ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისიის მდივანს ირჩევს კომისია. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. 3. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის ერთ-ერთი წევრი. 4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 5. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 8. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. 9. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი. 10. კომისია, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მუხლი 6. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები