დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმება | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1959-07-01-IAEA |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/07/1959 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016590 |
|
შეთანხმება
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ |
ვინაიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუტის XV.C მუხლი ადგენს, რომ აღნიშნულ მუხლში მითითებული სამართლებრივი ქმედუნარიანობა, პრივილეგიები და იმუნიტეტები უნდა განისაზღვროს ცალკე შეთანხმებით ან შეთანხმებებით, წევრებსა და სააგენტოს შორის, რომელიც ამ მიზნით წარმოდგენილია მმართველთა საბჭოს მეთვალყურეობის ქვეშ მოქმედი გენერალური დირექტორის სახელით;
ვინაიდან სტატუტის XVI მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა სააგენტოსა და გაეროს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი შეთანხმება; და ვინაიდან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, განიხილა რა გაეროსა და გაეროსთან ურთიერთობაში შესული სხვადასხვა სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მაქსიმალურად შესაძლებელი გაერთიანება, მიიღო სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია და გაეროს წევრების გარკვეული რაოდენობა შეუერთდა მას. მმართველთა საბჭო 1. საბჭოში წარმოდგენილ მთავრობათა დავალდებულების გარეშე, ამტკიცებს ქვემოთ მოცემულ ტექსტს, რომელიც ძირითადად შეესაბამება სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციას; და 2. იწვევს სააგენტოს წევრს, რათა მათ განიხილონ და თუ ჩათვლიან მიზანშეწონილად, მიიღონ წინამდებარე შეთანხმება. |
მუხლი I
განმარტებები ნაწილი 1 წინამდებარე შეთანხმებაში: (i) ტერმინი „სააგენტო“ ნიშნავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს; (ii) III მუხლის მიზნებისათვის, სიტყვები „ქონება და აქტივები“ აგრეთვე მოიცავს სააგენტოს მფლობელობაში მყოფ ან სააგენტოს მიერ საკუთარი კანონისმიერი ფუნქციების განხორციელებისათვის ადმინისტრირებად საკუთრებასა და სახსრებს; (iii) V და VIII მუხლების მიზნებისათვის, ტერმინი „წევრების წარმომადგენლები“ მოიცავს დელეგაციების ყველა მმართველს, წარმომადგენელს, ალტერნატიულ წარმომადგენელს, მრჩეველს, ტექნიკურ ექსპერტსა და მდივანს; (iv) მე-12, მე-13, მე-14 და 27-ე ნაწილებში, ტერმინი „სააგენტოს მიერ მოწვეული შეხვედრები“ ნიშნავს: (1) მისი გენერალური კონფერენციისა და მისი მმართველთა საბჭოს შეხვედრებს; (2) მის მიერ მოწვეულ ნებისმიერ საერთაშორისო კონფერენციას, სიმპოზიუმს, სემინარს ან სხდომას; და (3) ზემოაღნიშნული ნებისმიერი ორგანოს ნებისმიერი კომიტეტის შეხვედრას; (v) VI და IX მუხლების მიზნებისათვის, ტერმინი „სააგენტოს ოფიციალური პირები“ ნიშნავს გენერალურ დირექტორსა და სააგენტოს პერსონალის ყველა წევრს მათ გარდა, ვინც ადგილობრივად არის აყვანილი და შრომობს საათობრივი განაკვეთით. მუხლი II სამართლებრივი ქმედუნარიანობა ნაწილი 2 სააგენტო ფლობს სამართლებრივ ქმედუნარიანობას. მას აქვს უფლებამოსილება (ა) დადოს შეთანხმება, (ბ) შეიძინოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება და (გ) აღძრას სასამართლო საქმე. მუხლი Ш ქონება, სახსრები და აქტივები ნაწილი 3 სააგენტო, მისი ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული და ვის მფლობელობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ყველა სასამართლო პროცესისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად მკაფიოდ უარყოფს საკუთარ იმუნიტეტს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. ამავდროულად, იგულისხმება, რომ იმუნიტეტზე უარის თქმა არ ვრცელდება აღსრულების არცერთ ღონისძიებაზე. ნაწილი 4 სააგენტოს ნაგებობები ხელშეუხებელია. სააგენტოს ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული და ვის მფლობელობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, სარგებლობს იმუნიტეტით ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის და აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლო ან საკანონმდებლო ჩარევის ნებისმიერი სხვა ფორმებისგან. ნაწილი 5 სააგენტოს არქივები, და ზოგადად მისი კუთვნილი ან მფლობელობაში მყოფი ყველა დოკუმენტი ხელშეუხებელია, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად. ნაწილი 6 ნებისმიერი სახის ფინანსური კონტროლით, რეგულირებებით ან მორატორიუმით შეზღუდვის გარეშე: (ა) სააგენტოს შეუძლია ფლობდეს სახსრებს, ოქროს ან ნებისმიერ ვალუტას და ასევე აწარმოოს ანგარიშები ნებისმიერ ვალუტაში; (ბ) სააგენტოს შეუძლია გადარიცხოს თავისი სახსრები, ოქრო ან ვალუტა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან რომელიმე ქვეყნის ფარგლებში და მოახდინოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ვალუტის კონვერტაცია ნებისმიერ სხვა ვალუტაში. ნაწილი 7 სააგენტო, მე-6 ნაწილის საფუძველზე დადგენილი უფლებების განხორციელებისას, სათანადოდ ითვალისწინებს ამ შეთანხმების ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს მთავრობის მიერ წარდგენილ მოსაზრებებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევა რომ ამგვარ წარდგინებებს შეიძლება მიეცეს მსვლელობა სააგენტოს ინტერესთა ხელყოფის გარეშე. ნაწილი 8 სააგენტო, მისი აქტივები, შემოსავალი და სხვა საკუთრება: (ა) თავისუფლდება ყველა პირდაპირი გადასახადისაგან; ამავდროულად, იგულისხმება, რომ სააგენტო არ მოითხოვს იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც, ფაქტობრივად, განეკუთვნება კომუნალური მომსახურების ხარჯებს; (ბ) თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისგან და იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვებისაგან და შეზღუდვებისაგან იმ საგნებთან დაკავშირებით, რომლებიც შემოტანილია ან გატანილია სააგენტოს მიერ მისი ოფიციალური მოხმარებისათვის; ამავდროულად, იგულისხმება, რომ ამგვარად შემოტანილი საგნები არ იქნება რეალიზებული იმ ქვეყანაში, სადაც ისინი იქნა იმპორტირებული, გარდა ამ ქვეყნის მთავრობასთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად; (გ) თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისა და იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვებისაგან და შეზღუდვებისაგან მის გამოცემებთან დაკავშირებით. ნაწილი 9 როგორც წესი, სააგენტო არ მოითხოვს აქციზისგან და იმ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია მოძრავი და უძრავი ქონების შესყიდვასთან, რომელიც შედის გადასახდელის ფასში. მიუხედავად ამისა, როდესაც სააგენტო ოფიციალური გამოყენებისათვის ახორციელებს ქონების მნიშვნელოვან შესყიდვებს, რომლებიც დაბეგრილია ან ექვემდებარება დაბეგვრას, წინამდებარე შეთანხმების მხარე სახელმწიფოები, როდესაც ეს შესაძლებელია, გადასახადებისაგან გათავისუფლების ან უკან დაბრუნების მიზნით მიიღებენ შესაბამის ადმინისტრაციული ზომებს. მუხლი IV საკომუნიკაციო საშუალებები ნაწილი 10 სააგენტო, თავისი ოფიციალური კომუნიკაციისათვის, წინამდებარე შეთანხმების თითოეული მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რამდენადაც ეს შეიძლება შეესაბამებოდეს სხვა ნებისმიერ საერთაშორისო კონვენციებს, სარგებლობს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობით, როგორიც ენიჭება ამგვარი სახელმწიფოს მთავრობის მიერ ნებისმიერ სხვა მთავრობას, ამ უკანასკნელის დიპლომატიური მისიების ჩათვლით, პრიორიტეტებთან დაკავშირებულ საკითხებში, საფოსტო კომუნიკაციების ტარიფებთან და გადასახადებთან, ასევე პრესისათვის ინფორმაციის და რადიოსათვის გადაცემისათვის დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით. ნაწილი 11 დაუშვებელია სააგენტოს ოფიციალურ კორესპონდენციაზე და სხვა ოფიციალურ კომუნიკაციებზე რაიმე სახის ცენზურის დაწესება. სააგენტოს უფლება აქვს გამოიყენოს კოდები და გაგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია და სხვა ოფიციალური კომუნიკაცია კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით, რომლებიც სარგებლობენ ისეთივე იმუნიტეტებითა და პრივილეგიებით, როგორც დიპლომატიური კურიერები და ვალიზები. წინამდებარე ნაწილში არაფერი არ განიმარტება იმგვარად, რომ გამორიცხოს უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღება, რომელთა განსაზღვრაც მოხდება ამ შეთანხმების მხარე სახელმწიფოსა და სააგენტოს შორის შეთანხმებით. მუხლი V წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ნაწილი 12 სააგენტოს მიერ მოწვეულ კონფერენციებზე წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათი ფუნქციების შესრულებისას და შეხვედრის ადგილამდე და უკან მგზავრობისას სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით: ა) იმუნიტეტი პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან და მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან, ასევე იმუნიტეტი ყველა სახის სასამართლო პროცესისაგან მათ მიერ ოფიციალური სტატუსით გაკეთებულ ნებისმიერ წერილობით ან ზეპირ გამონათქვამთან, და ყველა განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებით; ბ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა; გ) უფლება გამოიყენონ კოდები და მიიღონ საბუთები ან კორესპონდენცია კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით; დ) თვითონ და მათი მეუღლეები თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან, უცხოელთა რეგისტრაციის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვალდებულებებისაგან იმ სახელმწიფოში, სადაც იმყოფებიან ან რომელსაც გაივლიან მათი ფუნქციების შესრულებისას; ე) იგივე შეღავათები ვალუტასთან ან გადაცვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ენიჭებათ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს დროებითი ოფიციალური მისიების დროს; ვ) ისეთივე იმუნიტეტები და შეღავათები პირად ბარგთან დაკავშირებით, როგორიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობის შესაბამისი რანგის მქონე წევრებს. ნაწილი 13 იმისათვის, რათა სააგენტოს მიერ მოწვეულ კონფერენციებზე სააგენტოს წევრთა წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის სრული თავისუფლება და საკუთარი მოვალეობების შესრულების სრული დამოუკიდებლობა, მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებისას წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან და მათ მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან მიმართებით ვრცელდება იმუნიტეტი სასამართლო პროცესისაგან, იმისდა მიუხედავად, როდესაც დაინტერესებული პირები უკვე აღარ ახორციელებენ ამგვარ ფუნქციებს. ნაწილი 14 როდესაც ნებისმიერი სახის გადასახადის დაწესება დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სააგენტოს მიერ მოწვეულ კონფერენციაზე წევრთა წარმომადგენლები მათი მოვალეობების შესასრულებლად იმყოფებიან წევრ სახელმწიფოში, არ ითვლება საცხოვრებელ პერიოდად. ნაწილი 15 წევრთა წარმომადგენლებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა პირადი სარგებლისთვის, არამედ სააგენტოსთან მიმართებით მათი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამრიგად, წევრ სახელმწიფოს გააჩნია არა მხოლოდ უფლება, არამედ ასევე ვალდებულება გააუქმოს მისი წარმომადგენლის იმუნიტეტი იმ შემთხვევაში, როდესაც წევრის აზრით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია იმ მიზნის შეულახავად, რა მიზნისათვისაც ეს იმუნიტეტი იქნა მინიჭებული. ნაწილი 16 მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება იმ სახელმწიფოს ორგანოებთან რომლის მოქალაქეც არის დაინტერესებული პირი ან რომლის წარმომადგენელიც იგი არის ან იყო. მუხლი VI თანამდებობის პირები ნაწილი 17 სააგენტო დროდადრო აცნობებს ამ შეთანხმების მხარე სახელმწიფოთა მთავრობებს იმ თანამდებობის პირთა სახელებს, ვის მიმართაც გამოიყენება წინამდებარე მუხლი და IX მუხლი. ნაწილი 18 (ა) სააგენტოს თანამდებობის პირები: (i) სარგებლობენ სასამართლო პროცესისაგან იმუნიტეტით მათ მიერ ზეპირად ან წერილობით გამოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით და ყველა მოქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც მათი, როგორც თანამდებობის პირების მიერ არის განხორციელებული; (ii) სააგენტოს მიერ გაცემულ ხელფასებთან და გასამრჯელოსთან მიმართებით სარგებლობენ გადასახადებისაგან გათავისუფლების იმავე რეჟიმით, რა რეჟიმითა და პირობებითაც სარგებლობენ გაეროს თანამდებობის პირები; (iii) მათ მეუღლეებთან და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად, თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისა და უცხოელთა რეგისტრაციისაგან; (iv) ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით სარგებლობენ ისეთივე პრივილეგიებით, როგორიც ენიჭებათ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს; (v) საერთაშორისო კრიზისების დროს, მეუღლეებთან და მათ კმაყოფაზე მყოფ ნათესავებთან ერთად, სარგებლობენ ისეთივე სარეპატრიაციო შეღავათებით, როგორითაც დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირები; (vi) შესაბამის ქვეყანაში თავიანთი პირველი თანამდებობის დაკავებისას, უფლება აქვთ დაუბეგრავად შემოიტანონ თავიანთი ავეჯი და ქონება. (ბ) სააგენტოს თანამდებობის პირები, სააგენტოს სტატუტის XII მუხლის საფუძველზე, ინსპექტორის ან XI მუხლის საფუძველზე, ექსპერტის ფუნქციების შესრულებისას, როდესაც ისინი ოფიციალური სტატუსით ტრანზიტით მგზავრობენ დანიშნულების ადგილზე და უკან, სარგებლობენ ამ შეთანხმების VII მუხლში დადგენილი ყველა დამატებითი პრივილეგიითა და იმუნიტეტით რამდენადაც ეს აუცილებელია ამგვარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისათვის. ნაწილი 19 სააგენტოს თანამდებობის პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო სამსახურის ვალდებულებებისაგან იმ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი გათავისუფლება ვრცელდება სააგენტოს იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა სახელებიც, მათი მოვალეობების გამო, შეტანილ იქნა სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ შედგენილ და დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სიაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს სხვა თანამდებობის პირები გამოძახებულნი იქნებიან სახელმწიფო სამსახურში, დაინტერესებული სახელმწიფო, სააგენტოს მოთხოვნით, ამგვარი თანამდებობის პირებისთვის გასცემს იმგვარ დროებით გადავადებებს, როგორიც აუცილებელია არსებითი სამუშაოს განგრძობითობის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად. ნაწილი 20 18 და 19 ნაწილებში მითითებულ იმუნიტეტებთან და პრივილეგიებთან ერთად, სააგენტოს გენერალურ დირექტორს, მათ შორის, მისი არყოფნისას – მისი მოვალეობის შემსრულებელ ნებისმიერ თანამდებობის პირს, მას და მისი სახელით, მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს, ენიჭებათ ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები, რომელიც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ დიპლომატიურ დესპანებს, მათ მეუღლეებსა და მცირეწლოვან შვილებს. იმავე სახის პრივილეგიები და იმუნიტეტები, გამორიცხვები და შეღავათები ენიჭება სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს ან ეკვივალენტური რანგის თანამდებობის პირს. ნაწილი 21 თანამდებობის პირებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ მხოლოდ სააგენტოს ინტერესებისთვის და არა მათი პირადი სარგებლისთვის. სააგენტოს აქვს უფლება და ვალდებულება უარი თქვას ნებისმიერი თანამდებობის პირის იმუნიტეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შეხედულებით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია სააგენტოს ინტერესების შეულახავად. ნაწილი 22 მართლმსაჯულების სწორი ადმინისტრირების ხელშეწყობისთვის, პოლიტიკური რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფისთვისა და ამ მუხლში მოცემულ პრივილეგიებთან, იმუნიტეტებთან და შეღავათებთან დაკავშირებით ნებისმიერი დარღვევის გამოვლენის პრევენციის მიზნით, სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს წევრი სახელმწიფოების სათანადო ორგანოებთან. მუხლი VII მივლინებაში მყოფი სააგენტოს ექსპერტები ნაწილი 23 ექსპერტებს (გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც ექცევიან VI მუხლის ჭრილში), რომლებიც საქმიანობენ სააგენტოს კომიტეტებში ან სააგენტოს სახელით იმყოფებიან მივლინებებში, მათ შორის, სააგენტოს სტატუტის XII მუხლის საფუძველზე მოქმედი ინსპექტორების მივლინებები და XI მუხლის საფუძველზე მოქმედი პროექტის ექსპერტთა მივლინებები, ენიჭებათ შემდეგი სახის პრივილეგიები და იმუნიტეტები, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია მათი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად, მათ შორის, ამგვარ კომიტეტებსა და მივლინებებში საქმიანობისთვის აუცილებელ მგზავრობაში დახარჯული დროის გათვალისწინებით: (ა) იმუნიტეტი დაკავების ან თავისუფლების აღკვეთისაგან და მათი პირადი ბარგის დაკავებისაგან; (ბ) იმუნიტეტი ყველა სახის სასამართლო პროცესისაგან, მათ მიერ თავიანთი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისას ზეპირად და წერილობით გამოთქმულ სიტყვებთან ან განხორციელებულ მოქმედებებთან მიმართებით. ამგვარი იმუნიტეტი განაგრძობს მოქმედებას აღნიშნული პირების მიერ სააგენტოს კომიტეტების ან მივლინებების ფარგლებში საქმიანობის დასრულების შემდეგაც; (გ) ყველა საბუთისა და დოკუმენტის ხელშეუხებლობა; (დ) სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისთვის, კოდების გამოყენებისა და მიმოწერის ან კორესპონდენციის მიღების უფლება კურიერის ან დალუქული ვალიზების მეშვეობით; (ე) სავალუტო და გაცვლით შეზღუდვებთან დაკავშირებით იმავე სახის შეღავათები, როგორიც მინიჭებულ აქვთ დროებით ოფიციალურ მივლინებაში მყოფ უცხო სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლებს; (ვ) პირად ბარგთან მიმართებით იმავე სახის იმუნიტეტები და შეღავათები, როგორიც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობის შესაბამის რანგის წევრებს. ნაწილი 24 23-ე ნაწილის (გ) და (დ) პუნქტებში არაფერი განიმარტება იმგვარად, რაც გამორიცხავს ამ შეთანხმების მხარე სახელმწიფოსა და სააგენტოს შორის შეთანხმების მეშვეობით სათანადო უსაფრთხოების ზომების მიღებას. ნაწილი 25 სააგენტოს ექსპერტებს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ მხოლოდ სააგენტოს ინტერესებისთვის და არა მათი პირადი სარგებლისთვის. სააგენტოს აქვს უფლება და ვალდებულება უარი თქვას ნებისმიერი ექსპერტის იმუნიტეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც, მისი შეხედულებით, იმუნიტეტი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც მისი მოხსნა შესაძლებელია სააგენტოს ინტერესების შეულახავად. მუხლი VIII პრივილეგიის დარღვევა ნაწილი 26 თუ წინამდებარე შეთანხმების ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო თვლის რომ მოხდა ამ შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიის ან იმუნიტეტის დარღვევა, აღნიშნულ სახელმწიფოსა და სააგენტოს შორის იმართება კონსულტაციები, იმისათვის, რათა დადგინდეს, თუ რამდენად მოხდა ამგვარი დარღვევა და ამგვარი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ისინი ეცდებიან უზრუნველყონ რომ დარღვევა არ გამეორდეს. თუ ამგვარი კონსულტაციები სახელმწიფოსა და სააგენტოსთვის ვერ გამოიღებს დამაკმაყოფილებელ შედეგს, საკითხი პრივილეგიის ან იმუნიტეტის დარღვევის თაობაზე წყდება 34 ნაწილში დადგენილი პროცედურის შესაბამისად. თუ დგინდება, რომ ამგვარი დარღვევა მოხდა, დარღვევის შედეგად დაზარალებული ამ შეთანხმების მხარე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააგენტოს შეტყობინების შემდგომ, უარი თქვას დარღვეული პრივილეგიის ან იმუნიტეტის სარგებლის სააგენტოსთან მიმართები გავრცელებაზე. მიუხედავად ამისა, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების გაუვრცელებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სააგენტოს ძირითად საქმიანობებს ან მოახდინოს სააგენტოს ძირითადი ფუნქციების განხორციელების შეჩერება. ნაწილი 27 წევრთა წარმომადგენლები, სააგენტოს მიერ მოწვეულ შეხვედრებზე, მათი ფუნქციების განხორციელებისას და შეხვედრის ადგილზე და უკან მგზავრობისას, და 1(v) ნაწილში მოცემული თანამდებობის პირები, ტერიტორიული ორგანოების მიერ არ მოეთხოვებათ იმ ქვეყნის დატოვება, რომელშიც ისინი თავიანთი ოფიციალური დანიშნულებით ახორციელებენ თავიანთ ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი პრივილეგიების დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც აღნიშნულ ქვეყანაში, თავისი ოფიციალური ფუნქციების ფარგლებს გარეთ იდენს ნებისმიერი ამგვარი პირი, ამ ქვეყნის მთავრობის მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მის მიერ ქვეყნის დატოვება, შემდეგი პირობებით: (ა) წევრთა წარმომადგენლებს, ან მე-20 ნაწილში მოცემული იმუნიტეტების მფლობელ პირებს ქვეყნის დატოვება არ მოეთხოვებათ აღნიშნულ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური დესპანებისათვის გათვალისწინებული დიპლომატიური პროცედურისაგან განსხვავებულად; (ბ) იმ თანამდებობის პირთან მიმართებით, რომელზეც არ ვრცელდება მე-20 ნაწილი, ტერიტორიული ორგანოების მიერ ქვეყნის დატოვების მიმართვა არ გაიცემა აღნიშნული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დასტურის გარეშე, და ამგვარი დასტური გაიცემა მხოლოდ სააგენტოს გენერალურ დირექტორთან კონსულტაციის შემდგომ; და თუ, გაძევების პროცედურები მიმდინარეობს თანამდებობის პირის წინააღმდეგ, სააგენტოს გენერალურ დირექტორს აქვს უფლება, იმ პირის სახელით მიიღოს მონაწილეობა ამგვარ პროცედურებში, რომლის წინააღმდეგაც იგი არის აღძრული. მუხლი IX სამგზავრო დოკუმენტი – ლესე-პასე ნაწილი 28 სააგენტოს თანამდებობის პირებს აქვთ უფლება, სააგენტოს გენერალურ დირექტორსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგების შესაბამისად გამოიყენონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამგზავრო დოკუმენტი – ლესე-პასე. სააგენტოს გენერალური დირექტორი ამ შეთანხმების თითოეულ მხარე სახელმწიფოს აცნობებს ამგვარი ადმინისტრაციული გარიგების დადების შესახებ. ნაწილი 29 ამ შეთანხმების მხარე სახელმწიფოები, სააგენტოს თანამდებობის პირებზე გაცემულ გაეროს სამგზავრო დოკუმენტს – ლესე-პასეს აღიარებენ და იღებენ როგორც სათანადო ძალის მქონე სამგზავრო დოკუმენტებს. ნაწილი 30 გაეროს სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს მქონე სააგენტოს თანამდებობის პირთა სავიზო განაცხადები, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, რომელთაც თან ერთვის სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის მგზავრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, განიხილება შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში. დამატებით აღნიშნულ პირებს ეძლევათ შეღავათები სწრაფი მგზავრობისთვის. ნაწილი 31 30-ე ნაწილში მოცემული მსგავსი შეღავათები ენიჭებათ ექსპერტებსა და სხვა პირებს, რომლებიც მართალია არ ფლობენ გაეროს სამგზავრო დოკუმენტს – ლესე-პასეს, მაგრამ აქვთ სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის მგზავრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ნაწილი 32 სააგენტოს გენერალური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილეები და სამმართველოს უფროსის რანგს ქვემოთ არმყოფი თანამდებობის პირები, რომლებიც სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში მგზავრობენ გაეროს სამგზავრო დოკუმენტს – ლესე-პასეს, იღებენ მგზავრობისათვის იმავე სახის შეღავათებს, როგორიც ენიჭებათ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს. მუხლი X დავების მოგვარება ნაწილი 33 სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო რესურსებს, რათა სათანადო მეთოდებით გადაწყდეს: (ა) იმ კონტრაქტებიდან წარმოშობილი დავები ან კერძო ხასიათის დავები, რომლის მხარეც არის სააგენტო; (ბ) დავები, რომელშიც ჩართულია სააგენტოს ნებისმიერი თანამდებობის პირი ან ექსპერტი და რომელიც თავისი თანამდებობრივი პოზიციით სარგებლობს იმუნიტეტით, თუ აღნიშნული იმუნიტეტი არ გაუქმდა 21-ე ან 25-ე ნაწილის შესაბამისად. ნაწილი 34 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან რომ გამოიყენონ დავის გადაჭრის სხვა მეთოდი, ყველა აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ან შესრულებისას, გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სასამართლოს სტატუტის შესაბამისად. თუ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშობა სააგენტოსა და წევრს შორის და ისინი არ თანხმდებიან დავის მოგვარების სხვა მეთოდზე, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე საკონსულტაციო მოსაზრების მოთხოვნის წარდგენა ხდება გაეროს ქარტიის 96-ე მუხლისა და სასამართლოს სტატუტის 65-ე მუხლის და გაეროსა და სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით. სასამართლოს მიერ გაცემულ მოსაზრებას მხარეები იღებენ როგორც გადამწყვეტს. მუხლი XI განმარტება ნაწილი 35 წინამდებარე შეთანხმების დებულებები განიმარტება იმ ფუნქციების ჭრილში, რომელიც სააგენტოს გადაცემული აქვს სტატუტის საფუძველზე. ნაწილი 36 წინამდებარე შეთანხმების დებულებები არანაირად არ ზღუდავს ან ხელყოფს პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს, რომლებიც სააგენტოს ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ან შეიძლება მიენიჭოს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სააგენტოს პროექტებთან ან საქმიანობასთან დაკავშირებული სააგენტოს სათავო ან რეგიონული ოფისის, ან მისი თანამდებობის პირების, ექსპერტების, მასალების, აღჭურვილობის ან შენობა-ნაგებობების განლაგების გამო, მათ შორის სააგენტოს პროექტთან ან სხვა ღონისძიებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გამოყენების გამოც. წინამდებარე შეთანხმება არ ითვლება ხელის შემშლელად სააგენტოსა და ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შორის დამატებითი შეთანხმებების დადებასთან მიმართებით, რომელიც მოახდენს ამ შეთანხმების დებულებათა სპეციფიკურად მორგებას ან განავრცობს ან შეამცირებს დადგენილ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს. ნაწილი 37 წინამდებარე შეთანხმება თავისთავად არ მოქმედებს იმგვარად რომ გააუქმოს ან გადაუხვიოს სააგენტოს სტატუტის ნებისმიერი დებულებიდან ან იმ უფლებებიდან ან ვალდებულებებიდან, რომელიც სააგენტოს სხვამხრივ შეიძლება ჰქონდეს, მიენიჭოს ან საკუთარ თავზე აიღოს. მუხლი XII დასკვნითი დებულებები ნაწილი 38 წინამდებარე შეთანხმება მისაღებად გადაეცემა სააგენტოს ყველა წევრს. მიღება ხორციელდება მიღების სიგელის გენერალური დირექტორისათვის გადაცემის გზით და შეთანხმება თითოეული წევრისთვის ძალაში შედის ამ წევრის მიერ მიღების სიგელის დეპონირების თარიღიდან. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ როდესაც მიღების სიგელის დეპონირება ხდება რომელიმე სახელმწიფოს სახელით, აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობაზე იქნება დამოკიდებული წინამდებარე შეთანხმების დებულებებისთვის შესაბამისი ძალის მიცემა. გენერალური დირექტორი ყველა იმ სახელმწიფოს გადასცემს წინამდებარე შეთანხმების დამოწმებულ ასლს, რომელიც ახლა ან შემდგომ ხდება სააგენტოს წევრი, და აცნობებს ყველა წევრს თითოეული მიღების სიგელის დეპონირების შესახებ, ისევე როგორც 39-ე ნაწილით გათვალისწინებული დენონსაციის შეტყობინების შესახებ. წევრისთვის ნებადართულია წინამდებარე შეთანხმებასთან მიმართებით დათქმის გაკეთება. დათქმების გაკეთება შეიძლება მოხდეს წევრის მიერ მიღების ინსტრუმენტის დეპონირებისას, და გენერალური დირექტორი კი მათ დაუყოვნებლივ გადასცემს სააგენტოს წევრებს. ნაწილი 39 წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს სააგენტოსა და თითოეულ წევრს შორის, რომელმაც მოახდინა მიღების სიგელის დეპონირება იქამდე, სანამ წევრი სააგენტოს წევრად რჩება ან იქამდე, სანამ მმართველთა საბჭო დაამტკიცებს შეცვლილ შეთანხმებას და აღნიშნული წევრი ხდება შეცვლილი შეთანხმების მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ თუ წევრი გენერალურ დირექტორს გადასცემს დენონსაციის შეტყობინებას, წინამდებარე შეთანხმება ამ წევრისთვის მოქმედებას წყვეტს გენერალური დირექტორის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. ნაწილი 40 წინამდებარე შეთანხმების მხარე სახელმწიფოთა ერთი მესამედის მოთხოვნით, სააგენტოს მმართველთა საბჭო განიხილავს შეთანხმების ცვლილებების დამტკიცების საკითხს. საბჭოს მიერ დამტკიცებული ცვლილებები ძალაში შედის მათი მიღებით, 38-ე ნაწილში დადგენილი პროცედურის შესაბამისად. |
|
დოკუმენტის კომენტარები