დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 303 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017246 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. 642 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით);“. |
2.
643 მუხლის: |
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – მომდევნო კალენდარული წლის პირველ მაისამდე პერიოდზე) ბოლო თვის (მომდევნო კალენდარული წლის აპრილის) ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით;“; |
ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა: 2019 წლის პირველ მაისამდე კალენდარული თვეების (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) მიხედვით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტები განისაზღვრება 643-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, 2019 წლის აპრილი ჩაითვლება არასრული საანგარიშო წლის (2019 წლის პირველი იანვრიდან - პირველ მაისამდე პერიოდის) ბოლო თვედ.“; |
გ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: დ.ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით; დ.ბ) მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად.“; |
დ) 643 მუხლის მაგალითი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაგალითი №1 ფაქტობრივი გარემოება ნეტო მრიცხველის მონაცემების მიხედვით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის (შემდგომში – საცალო მომხმარებელი) მიერ კალენდარული თვეების მიხედვით გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობამ საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდზე) მონაცემებით შეადგინა შემდეგი:
ანალიზი იმის გათვალისწინებით, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატს შორის გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის გაანგარიშება რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით, მოცემული მაგალითის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, უნდა ვიხელმძღვანელოთ აღნიშნული დადგენილების 252 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების მიხედვით. 1. წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით, პირველ, მე-2 და მე-10 თვეებში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. შესაბამისად, ელექტროენერგიის ქსელში გადადინების შედეგად მიღებული სხვაობები ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების ლიცენზიატის მიერ ხდება საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რაც წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. ამასთან, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი მხოლოდ დადებითი სხვაობები, კერძოდ: მაისში – 210 კვტ/სთ ივნისში – 50 კვტ/სთ თებერვალში – 30 კვტ/სთ. 2. მე-4, მე-7 და მე-9 თვეებში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობები ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშსწორებო ქვითარში საცალო მომხმარებელს წინა საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჭარბი ელექტროენერგიის გადადინების შედეგად უფიქსირდება ელექტროენერგია კრედიტის სახით, გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობები აღემატება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებულ და კრედიტის სახით არსებულ ჯამურ რაოდენობას. შესაბამისად, მიღებული სხვაობები ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების ლიცენზიატის მიერ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება, რაც წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. ამასთან, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი მხოლოდ დადებითი სხვაობები, კერძოდ: აგვისტოში – 90 კვტ/სთ ნოემბერში – 30 კვტ/სთ იანვარში – 50 კვტ/სთ. 3. მე-3, მე-5, მე-8 და მე-11 თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდებში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში არ უფიქსირდება კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია მეტია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წარმოშობილი ჭარბი ელექტროენერგიები ჩაითვლება როგორც საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და შემდგომი თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ მოცემულ საანგარიშო პერიოდებში ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგია ითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად და საცალო მომხმარებლის მიერ მიწოდებულად (საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში). ამდენად, საცალო მომხმარებელს არ წარმოეშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების ლიცენზიატის მიერ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. 4. მე-6 თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდებში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში უფიქსირდება მე-5 თვეში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია – 35 კვტ/სთ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია მეტია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წარმოშობილი ჭარბი ელექტროენერგია ჩაითვლება, როგორც საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და წინა საანგარიშო პერიოდში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის გათვალისწინებით აისახება შემდგომი თვის ანგარიშსწორების ქვითარში – კრედიტის სახით. მოცემულ საანგარიშო პერიოდებში: საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგია ითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად და საცალო მომხმარებლის მიერ მიწოდებულად (საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში). ამდენად, საცალო მომხმარებელს არ წარმოეშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. განაწილების ლიცენზიატის მიერ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. 5. საანგარიშო წლის ბოლო თვეში – აპრილის თვეში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში უფიქსირდება მარტის თვეში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია – 50 კვტ/სთ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წინა თვის საანგარიშსწორებო ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, საცალო მომხმარებელს საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აესახება ელექტროენერგია კრედიტის სახით, რომელიც ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. მოცემულ საანგარიშო პერიოდში: ხდება საცალო მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. თუმცა, გასათვალისწინებელია საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ც“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება გათავისუფლდება დღგ-ისგან. განაწილების ლიცენზიატის მიერ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები