სს „ჯვარი 94-ის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

სს „ჯვარი 94-ის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2358-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2358-19
18/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
სს „ჯვარი 94-ის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

080210319003185084

საქმე №2/2358-19

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2019 წლის 18 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე – მანანა ნიკაჭაძე

განმცხადებელი: სს „ჯვარი 94“ (ს/კ 242728811)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია“, დირექტორი თამარ მუმლაძე

მოთხოვნა: სს „ჯვარი 94“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ჯვარი 94“-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 

სს „ჯვარი 94“-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და აღნიშნა, რომ სს „ჯვარი 94“ წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით კომპანია არ ფუნქციონირებს. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გაგზავნილ 2011 წლის 17 თებერვლის წერილიდან ირკვევა, რომ სს „ჯვარი 94“-ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე ჩატარდა ორი უშედეგო აუქციონი, რის შემდეგაც სადისპეტჩერო შენობა, კაპიტალური შენობა, „ჯვარის“ ბაზის ხის შენობა, ცემენტის საწყობის ტერიტორია, საამქროს ეზო, „ჯვარის“ ბაზის ტერიტორია, ავტოსასწორის შენობა ექვემდებარებოდა სახელმწიფოსთვის ნატურით გადაცემას.

სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 21 ივლისის წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ სს „ჯვარი 94“-ს ზემოთ დასახელებული უძრავი ქონება სახელმწიფოს მიღებული აქვს ნატურით და დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. სსიპ  – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის წერილით ირკვევა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული სს „ჯვარი 94“-ის მოძრავი ქონების გადაბარება. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს წერილის თანახმად, სს „ჯვარი 94“-ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება „ZIL 431410“, სახ. ნომერი LTL-502, არ იძებნება და არც სახელმწიფოსთვის გადასაცემი ქონების ნუსხაში არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ჯვარი 94“-ს საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. საწარმოს სახელზე რიცხული მოძრავი ქონება არ იძებნება. კომპანია ასევე არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. სს „ჯვარი 94“-ს დებეტორული მოთხოვნები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი. საწარმოს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 16748.05 ლარს. სს „ჯვარი 94“-ს მოქმედი საბანკო ანგარიში არ ერიცხება არცერთ ბანკში. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ გააჩნია. სს „ჯვარი 94“ გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების გადახდა.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი უთითებს, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – სს „ჯვარი 94“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც ითხოვს სს „ჯვარი 94“-ის გაკოტრებას.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით – ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ვინაიდან სს „ჯვარი 94“-ს არ გააჩნია ქონება და ფინანსები, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ჯვარი 94“-ს (ს/კ 242728811) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მანანა ნიკაჭაძე  

 მოსამართლე