დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების-ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 მაისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016412 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი 01/06/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016296) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისათვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.“. |
2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 2020 წლის 1 მარტამდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს პარკირების ორგანიზებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა“. |
3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების“: |
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პარკირების ორგანიზება 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, წინამდებარე წესის შესაბამისად. 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს: ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა); ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას; გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისთვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას; დ) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას. 3. ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე პარკირების ორგანიზება გულისხმობს: ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას; ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას; გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას; დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას; ე) პარკირების ადგილების მოწყობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის წერილით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას; ვ) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.“. |
ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა 1. პარკირების ორგანიზების უფლება პირდაპირი წესით, უსასყიდლოდ გადაეცემათ: ა) სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე; ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე; გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე; დ) ავტონომიური რესპუბლიკების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელია ავტონომიური რესპუბლიკები, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე; ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისიებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. 2. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნასთან ერთად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45- გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისთვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისთვის გადაცემული ადგილების, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად კეთილმოწყობა განახორციელონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ თანხმობის წერილით დაწესებულ ვადაში. 4. დაუშვებელია უსასყიდლოდ გადაცემულ იქნეს პარკირების სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება. 5. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობისთვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება. 6. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელებსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.“. |
გ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.“. |
დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერების წესი 1. აკრძალულია ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე პირველ და მეორე ზოლში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება ხუთ წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას. 2. ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე პირველ ზოლში ნებადართულ იქნეს მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, მერის პირველი მოადგილის/მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება. 3. ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მეორე ზოლში ნებადართულია მხოლოდ მერიის/საკრებულოს თანამშრომელთა და საკრებულოს წევრთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება. 4. აღნიშნულ ზოლებში დგომა/გაჩერების უფლების მქონე ავტომობილებზე გაიცემა დადგენილი ნიმუშის საშვი.“. |
ე) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საცნობი ნიშნის გაცემა 1. საცნობი ნიშნის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით მიმართოს მერიას და მას დაურთოს „სამედიცინო − სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 2. საცნობი ნიშნის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით მიმართოს მერიას და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 3. საცნობი ნიშნის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით მიმართოს მერიას და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმა №IV- 50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, მშობლობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. მერია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკურ/იურიდიულ პირზე გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც მას აქვს საკუთრებაში. 6. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად – 2 წლის ვადით, მე-2 პუნქტის შესაბამისად – არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სრულწლოვანობამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირის რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე (ამასთან, საშვის მოქმედების ვადა ყოველ გაცემაზე არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს), ან იმგვარი გარემოების დადგომამდე, რომლის არსებობისას საშვი არ გაიცემოდა. 7. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა. 8. საცნობი ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლისთვისაც ის გაიცა. 9. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობითი ფორმით ახალი საცნობი ნიშნის აღების თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ჩათვლის საჭიროდ, მფლობელი/არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადით. 10. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას. 11. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით. 12. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად. 13. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. 14. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე; ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას; გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა
|
საცნობი ნიშანი არის კვადრატის ფორმის 80X80 მმ, ლურჯ ფონზე (კიდეებზე თეთრი ზოლით) განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი თეთრი ფერის სიმბოლოთი, ასევე სატრანსპორტო საშუალების ნომრისა და საცნობი ნიშნის მოქმედების ვადის აღმნიშვნელი რეკვიზიტებით.
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები