„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 203/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017823
203/ნ
26/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
430030000.22.022.017823
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №203/ნ

2019 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება“ ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული დანართის – „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული დანართის – „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი



„დანართი
პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება (შემდგომში − დებულება) არეგულირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით პროფესიული ტესტირების ჩატარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროფესიული ტესტირება − ამ დებულებით დადგენილი წესით სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირება (შემდგომში − ტესტირება), ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარება, ასევე დაწესებულების მიერ ჩატარებული კონკურსი;

ბ) აპლიკანტი − პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილ დაშვების წინაპირობებს, პროფესიულ ტესტირებაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) დაწესებულება – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;

დ) მულტიდისციპლინური გუნდი − „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ახორციელებს აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას და განსაზღვრავს ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარების ან ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჭიროებას;

ე) მოსაწვევი – სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში − მართვის სისტემა) მიერ გაცემული ბარათი, რომლის საფუძველზეც აპლიკანტი დაიშვება ტესტირებაზე;

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი – აპლიკანტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც/რომლებზეც მას სურს სწავლის გაგრძელება და რომელთათვისაც დადგენილია პროფესიული უნარების ერთი ტესტის ტიპი;

ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაცია − პროცედურა, რომელიც მოიცავს აპლიკანტისათვის, მისი ინტერესების შესატყვისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შერჩევაში დახმარების გაწევას;

თ) რესურსცენტრი − საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

ი) საგამოცდო ცენტრი − ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების − საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობაში განთავსებული ადგილი, სადაც წარიმართება ტესტირება;

კ) საგანი/საგანთა ჯგუფი − ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგანი/საგნები, რომელთა ჩაბარება პროფესიული უნარების ტესტთან ერთად აუცილებელია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;

ლ) საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამა − საკითხთა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც იქმნება საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტი და რომელიც არ სცილდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

მ) საპრეტენზიო კომისია – ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით ამ დებულებით დადგენილი წესით შექმნილი დროებითი ორგანო;

ნ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი − ინტელექტუალური და განვითარების დარღვევის ან/და სენსორული (სმენისა და მხედველობის) ან/და ქცევითი და ემოციური დარღვევის ან/და ფიზიკური შეზღუდვის მქონე აპლიკანტი, რომლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება დასტურდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარებას;

ო) პროფესიული უნარების ტესტი − „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომში − „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“) გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისი უნარების (მაგ.: მექანიკური, საკანცელარიო და სივრცითი უნარები) შესაფასებელი დავალებები, რომლის ჩაბარებაც საგანთან/საგანთა ჯგუფთან ერთად აუცილებელია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად.

მუხლი 3. პროფესიული ტესტირების ჩატარების მიზანი

პროფესიული ტესტირების ჩატარების მიზანია:

ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის აუცილებელ უნარებთან.

მუხლი 4. პროფესიული ტესტირების ენა

1. პროფესიული ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე.

2. ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე, აპლიკანტის მიერ მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი სარეგისტრაციო განაცხადში ტესტირების ენად მიუთითებს რუსულ ენას, იგი არ არის უფლებამოსილი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ენად ჩააბაროს რუსული ენა.

მუხლი 5. პროფესიული ტესტირების სამართლებრივი შედეგები

1. პროფესიული ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის უფლებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.

3. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სწავლის უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ დაწესებულების მიერ ჩატარებული შესაბამისი კონკურსის საფუძველზე.

 

თავი II

პროფესიული ტესტირება

მუხლი 6. პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით პროფესიულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტს, რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მუხლი 7. პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა, აუცილებელია პროფესიული უნარების ტესტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნის/საგანთა ჯგუფის ჩაბარება.

2. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, განისაზღვრება „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი. აღნიშნული აქტი მისი გამოცემისთანავე ეგზავნება მართვის სისტემას, რომელიც აქტში მითითებულ ინფორმაციას ასახავს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში.

3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისად, ტესტირება წესდება შემდეგ საგანში/საგნებში:

ა) ქართული ენა;

ბ) მათემატიკა;

გ) შემდეგი უცხოური ენებიდან ერთ-ერთში:

გ.ა) ინგლისური ენა;

გ.ბ) გერმანული ენა;

გ.გ) რუსული ენა;

გ.დ) ფრანგული ენა;

დ) ისტორია;

ე) გეოგრაფია;

ვ) ფიზიკა;

ზ) ქიმია;

თ) ბიოლოგია;

ი) ხელოვნება.

4. თუ პროფესიული უნარების ტესტთან ერთად განისაზღვრა „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისი საგანთა ჯგუფი, აპლიკანტი აბარებს ამ საგანთა ჯგუფში შემავალ ყველა საგანს.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აპლიკანტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.

მუხლი 8. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა, ტესტირების ჩაბარებამდე შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

2. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა ტესტირებაში მონაწილეობის მიღება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის გავლის სავალდებულობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება.

3. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ტესტირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, გაუგზავნოს მართვის სისტემას. კონკურსის შედეგების შესახებ მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია, მართვის სისტემას უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით.

მუხლი 9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ჩარიცხვის თავისებურებანი

1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, უნდა გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. აღნიშნულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ კონკურსის შედეგების გათვალისწინებით.

2. დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული განრიგით გათვალისწინებული ტესტირების დაწყებამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე გაუგზავნოს მართვის სისტემას. კონკურსის შედეგების შესახებ მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია, მართვის სისტემას უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით.

3. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის განსაზღვრისას, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 15% სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის.

მუხლი 10. პროფესიული ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. ტესტირების კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.

2. პროფესიულ ტესტირებაზე აპლიკანტთა რეგისტრაციას და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში საგამოცდო ცენტრების მიხედვით განაწილებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებებისა და რესურსცენტრების მეშვეობით. ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, უზრუნველყოფს ცენტრი.

 

თავი III

პროფესიული ტესტირების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი

მუხლი 11. პროფესიული ტესტირების დაგეგმვა და ჩატარება

1. პროფესიული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტრო:

ა) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ წარდგენილი საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამის/პროგრამების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენასა და დამტკიცებას;

ბ) ცენტრის წარდგინებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ტესტირების ჩატარების განრიგს;

გ) ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, ცენტრს წერილობითი სახით წარუდგენს ინფორმაციას (მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნას/დასკვნებს) იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა);

დ) ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ახორციელებს საგამოცდო ცენტრების მონიტორინგს;

ე) ტესტირების დასრულებიდან 5 დღის ვადაში მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით ასახავს ამ დებულების 36-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო:

ა) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. პროფესიული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით მართვის სისტემა:

ა) ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს აპლიკანტთა რეგისტრაციას;

ბ) რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს პროფესიულ ტესტირებაში მონაწილე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას;

გ) ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე უზრუნველყოფს ცენტრისთვის იმ აპლიკანტების რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდებას, რომლებიც დარეგისტრირდნენ ტესტირებაზე, მათ შორის მონაცემებს იმ აპლიკანტთა შესახებ, რომლებსაც ტესტირებისთვის ესაჭიროებათ განსხვავებული გარემო (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) ტესტირების პროცესში, საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;

ე) უზრუნველყოფს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრების შერჩევას და საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტთა განაწილებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს ტესტირებისთვის სხვადასხვა სირთულის დავალებების შემუშავებას;

ბ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საგნის/საგნების საგამოცდო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასა და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს საცდელი ტესტირების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც დგინდება დავალებების საბოლოო ფორმატი და დავალებებზე სამუშაო დრო;

დ) უზრუნველყოფს ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;

ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების განრიგს;

ვ) მართვის სისტემის მიერ მიწოდებული ამ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ტესტირებისთვის ადამიანური რესურსის მობილიზებასა და ტესტირების ჩატარებისთვის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხორციელებას;

ზ) ატარებს ტესტირებას;

თ) მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა);

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. პროფესიული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით დაწესებულება:

ა) სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას ამ პროგრამებზე მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ, ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესით;

ბ) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში;

გ) ხელს უწყობს ცენტრს ტესტირების ჩატარებაში;

დ) ვალდებულია გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და შეასრულოს მართვის სისტემის, ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლების მითითებები;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. პროფესიული ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი:

ა) უზრუნველყოფს აპლიკანტთა კონსულტაციას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში;

ბ) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით სამინისტროს სისტემაში შემავალი ის იურიდიული პირი, რომელშიც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი:

ა) ვალდებულია სამინისტროს/მართვის სისტემის მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი;

ბ) ვალდებულია ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს მართვის სისტემისა და ცენტრის თანამშრომლების მითითებები;

გ) ვალდებულია გამოყოს აპლიკანტთა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და შეასრულოს ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლების მითითებები;

დ) ტესტირების პერიოდში ვალდებულია დაიცვას საგამოცდო ცენტრში წესრიგი და არ დაუშვას ტესტირებისთვის გამოყოფილ შენობაში/შენობის ნაწილში სხვა პირების დაშვება, გარდა ცენტრისა და სამინისტროს მიერ მივლინებული პირებისა;

ე) ვალდებულია დაიცვას და არ დააზიანოს საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განთავსებული ქონება;

ვ) მატერიალურად არის პასუხისმგებელი სამინისტროს, ცენტრისა და მართვის სისტემის იმ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე, რომლებიც ინახება და გამოიყენება საგამოცდო ცენტრში;

ზ) ვალდებულია ხელი შეუწყოს ცენტრის მიერ საცდელი ტესტირებების ჩატარებას, მათ შორის, ცენტრის მიმართვის შემთხვევაში ცენტრს გამოუყოს შენობის ნაწილი;

თ) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს/მართვის სისტემის/ცენტრის კონკრეტული მითითებები ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

ი) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ტესტირების ჩატარებას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 12. დაწესებულების მიერ აპლიკანტების მიღების გამოცხადება

1. დაწესებულება სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 15% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის.

3. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ავტორიზებული დაწესებულებების და დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას შეთანხმებული ფორმით აწვდის მართვის სისტემას. მართვის სისტემა აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში. შეთანხმებული ფორმა უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე.ა“, „ე.ბ“, „ე.გ“, „ე.დ“, „ე.ე“, „ე.ვ“, „ე.ზ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას. შეთანხმებული ფორმით მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

ბ) დაწესებულების იურიდიული მისამართი;

გ) დაწესებულების ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი;

დ) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია:

ე.ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, პროგრამის ტიპი;

ე.ბ) მისანიჭებელი კვალიფიკაცია;

ე.გ) პროფესიული განათლების საფეხური/დონე;

ე.დ) კრედიტების რაოდენობა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის;

ე.ე) სწავლების ენა;

ე.ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილი/ადგილები;

ე.ზ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები (განათლება, ასაკი, ჯანმრთელობის ცნობა და სხვა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის (პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის) შესაბამისად;

ე.თ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული სტუდენტთა ზღვრული ოდენობა;

ე.ი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის;

ე.კ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;

ე.ლ) მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და იმ სტუდენტის მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის/საფასურების ოდენობა (მათი არსებობის შემთხვევაში), რომელმაც მოიპოვა სწავლის უფლება მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და გადალახა ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში;

ვ) დაწესებულების მიერ პროფესიული ტესტირებისთვის განსაზღვრული უცხო ენა;

ზ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით;

თ) ინფორმაცია კონკურსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების თავისებურებების შესახებ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში;

ი) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

5. დაწესებულების მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში აისახება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ი“, „ე.კ“, „ე.ლ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

6. დაწესებულება პროფესიული ტესტირების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეავსებს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამას. მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში დაწესებულების მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დაწესებულება.

7. მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპით: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობა და მიღებულ სხვაობას ემატება ამ პროგრამაზე სწავლის დაწყების დროისთვის დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობა. აქტიური და დამამთავრებელი სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობა გამოითვლება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თარიღის მდგომარეობით პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად.

8. მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის საფუძველზე, მართვის სისტემა ამუშავებს დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფორმირებას.

9. მართვის სისტემა სპეციალურ პროგრამაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალზე. განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც პროფესიული ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.

მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაცია

აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაციის მიზნით, დაწესებულება/რესურსცენტრი (შემდგომში – სარეგისტრაციო ცენტრი) სთავაზობს აპლიკანტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს აპლიკანტი.

მუხლი 14. პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაცია

1. პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, აპლიკანტი გადის ავტორიზაციას სპეციალურ ვებგვერდზე და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს სარეგისტრაციო ცენტრს, რომელიც რეგისტრაციას ახორციელებს ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსზე აპლიკანტი რეგისტრირდება შესაბამის დაწესებულებაში. დაწესებულება აპლიკანტის რეგისტრაციას უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით. დაწესებულებას რეგისტრაციის დროს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეაქვს მართვის სისტემის მიერ დადგენილი მონაცემები.

3. აპლიკანტი უფლებამოსილია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით რეგისტრაცია გაიაროს ამ მუხლის როგორც პირველი, ასევე მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუმცა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მიზნით რეგისტრაციისას, აპლიკანტი უფლებამოსილია რეგისტრაცია გაიაროს მხოლოდ ერთ დაწესებულებაში, ამავე დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. აპლიკანტს ან სარეგისტრაციო ცენტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის პირადი ნომერი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

გ) აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობა;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც განსაზღვრულია საერთო ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი. აპლიკანტს უფლება აქვს ტესტირებაზე ჩააბაროს პროფესიული უნარების მხოლოდ ერთი ტესტის ტიპი და შესაბამისი საგანი/საგანთა ჯგუფი;

ე) აპლიკანტის მიერ არჩეული ტესტირების ენა. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს ტესტირების მხოლოდ ერთი ენა;

ვ) აპლიკანტის მიერ ჩასაბარებელი უცხოური ენა. აპლიკანტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა;

ზ) ინფორმაცია აპლიკანტისთვის ადაპტირებული გარემოს/საჭიროების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) მართვის სისტემისა და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

6. აპლიკანტის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით, ხოლო სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება როგორც ერთჯერადი კოდის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე გაგზავნით, ასევე, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელზეც ელექტრონულად დაიტანება სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის მონაცემები (სახელი და გვარი) და გადაეცემა აპლიკანტს.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში, აპლიკანტს ელექტრონულ განაცხადში ცვლილების განხორციელება შეუძლია სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში სარეგისტრაციო ცენტრს/კონკურსის შემთხვევაში − დაწესებულებას ცვლილების განხორციელების უფლება აქვს აპლიკანტის მიმართვის შემთხვევაში, შემდეგი წესის დაცვით:

ა) აპლიკანტს უნდა მოსთხოვოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი კოდი და მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს ერთჯერადი კოდის მეშვეობით;

ბ) მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელება დაადასტუროს ახალი ამონაბეჭდითა და გადასცეს აპლიკანტს.

9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, გარდა ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

10. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მართვის სისტემა იტოვებს შესაძლებლობას ტესტირების მიზნებისთვის აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ქალაქში/მუნიციპალიტეტში.

მუხლი 15. მონაცემთა ბაზა და მოსაწვევები

1. პროფესიული ტესტირების ჩატარების მიზნით, მართვის სისტემა, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას, რომლის საფუძველზეც ხდება პროფესიული ტესტირების დაგეგმვა.

2. ტესტირების დაგეგმვის მიზნით, მართვის სისტემა რეგისტრაციის დასრულებიდან ორი დღის ვადაში, ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრების შესაბამისად აპლიკანტთა განაწილებას. ამ მიზნით:

ა) მართვის სისტემა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების, ტესტირებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობის, აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობისა და მათ მიერ ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტის და საგნის/საგანთა ჯგუფის შესახებ;

ბ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცენტრის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მართვის სისტემას წარუდგენს ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების მიხედვით აპლიკანტთა რაოდენობის განაწილების შესახებ.

3. აპლიკანტის თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ თითოეულ აპლიკანტზე, რომელმაც ამ დებულებით დადგენილი პროცედურებით გაიარა რეგისტრაცია ტესტირებაზე, გაიცემა მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი, რომელშიც აბარებს ტესტირებას, ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტის დასახელება და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

4. აპლიკანტების თაობაზე საბოლოო მონაცემების შეგროვების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 3 დღისა, ტესტირების ჩატარების მიზნით, მართვის სისტემა ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა განაწილების თაობაზე ინფორმაციას (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები).

5. მართვის სისტემა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.

მუხლი 16. პროფესიული ტესტირების ჩატარების დრო

1. პროფესიული ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ − გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ტესტირება ტარდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად, ხოლო კონკურსი − ამ დებულებით დადგენილი ვადების გათვალისწინებით დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში.

2. ფორსმაჟორის, ტესტირების ჩატარების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო მართვის სისტემის/ცენტრის ბრალეულობით ან სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ახალი ვადა და ადგილი.

 

თავი IV

ტესტირების პროცესი

მუხლი 17. ტესტირების მიმდინარეობა

1. აპლიკანტმა მოსაწვევში მითითებულ დაწესებულებაში ტესტირებაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას აპლიკანტი ვალდებულია წარადგინოს დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მართვის სისტემის მიერ გაცემული მოსაწვევი.

3. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურით.

4. ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს, პროფესიული უნარების ტესტის/საგნის/საგნების შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი.

მუხლი 18. აპლიკანტის უფლებები და ვალდებულებები ტესტირებისას

1. ტესტირების ჩაბარების მიზნით აპლიკანტი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

3. ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში/მართვის სისტემაში ან/და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ.

4. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით თუ არა.

5. ტესტირების დროს აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ნივთები, ცენტრის წინასწარი თანხმობით.

6. ტესტირების დროს აპლიკანტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.

7. ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

მუხლი 19. ტესტირების დროს წესის დარღვევა

1. ტესტირების დროს აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აპლიკანტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ოქმით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

მუხლი 20. ტესტირების პროცესზე დასწრება

1. ტესტირების დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ ცენტრის თანამშრომელთა, სამინისტროს უფლებამოსილ დამკვირვებელთა და იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას, მათ ეკრძალებათ ტესტირების შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

 

თავი V

ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა

მუხლი 21. საპრეტენზიო კომისია

1. ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. საპრეტენზიო კომისია იხილავს ტესტირების მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

მუხლი 22. საპრეტენზიო კომისიის რეგლამენტი

1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

4. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომაზე მიიღება საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.

6. საპრეტენზიო კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს საპრეტენზიო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

მუხლი 23. ტესტირების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აპლიკანტი უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადი შეიტანოს საგამოცდო ცენტრის შენობაში ტესტირების დღეს, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო კომისიას.

2. პრეტენზიის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს დაბადების/პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და მოსაწვევი.

3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აპლიკანტის უფლებების დარღვევას ტესტირების სხვა მონაწილის მიერ;

ბ) სხვა აპლიკანტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა აპლიკანტების მიერ (აპლიკანტისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ.).

4. ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აპლიკანტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;

ბ) აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე.

5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აპლიკანტს.

 

თავი VI

პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგები და დაწესებულებაში ჩარიცხვა

მუხლი 24. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლა

1. ცენტრი, ტესტირების დასრულებიდან 5 დღის ვადაში, მართვის სისტემას წარუდგენს ტესტირების შედეგებს, ასევე, ინფორმაციას იმ აპლიკანტების შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდნენ ტესტირებაზე, გამოცხადდნენ, მაგრამ არ დაასრულეს ტესტირება/მოიხსნენ ტესტირებიდან, რომელთა მონაცემები არ იქნება გათვალისწინებული ცენტრისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით მიწოდებულ ინფორმაციაში.

2. მართვის სისტემა ტესტირების შედეგებს ასახავს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში. ამ შედეგების ასახვის შემდგომ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი, მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში, ან დაამატოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში, გარდა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომელზეც დაშვების წინაპირობა არის შიდა კონკურსი, ასევე ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან მომდევნო სამუშაო დღეს, მართვის სისტემა ცენტრს წარუდგენს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახულ სრულ ინფორმაციას, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საბოლოო რეიტინგულ ჩამონათვალსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მისაღები ადგილების რაოდენობას ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის და 26-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას.

მუხლი 25. საბოლოო შედეგები

1. ცენტრი, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 7 დღის ვადაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტების განაწილება ხდება ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინების საფუძველზე.

3. ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების რანჟირების დოკუმენტში აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტესტირებაში აპლიკანტის მიერ მიღებული შედეგის გათვალისწინებით.

4. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, აპლიკანტის გადანაწილება ხდება ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელი, ტესტირების დაწყებამდე არანაკლებ 6 სამუშაო დღით ადრე, აპლიკანტის მიერ კონკურსზე მიღებული ქულის/ქულების გათვალისწინებით ქმნის და მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით მართვის სისტემას შესათანხმებლად წარუდგენს რანჟირების დოკუმენტს, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელმოწერით. მართვის სისტემა რანჟირების დოკუმენტის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს რანჟირების დოკუმენტის სისწორეს. მართვის სისტემის თანხმობის მიღების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 15%-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის განსაზღვრის შემთხვევაში, ამ პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელი, ტესტირების დაწყებამდე არანაკლებ 6 სამუშაო დღით ადრე, აპლიკანტების მიერ კონკურსზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული ფორმით, მართვის სისტემას წარუდგენს კონკურსში მონაწილე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა შესახებ ინფორმაციას. მართვის სისტემა, ამ დებულების 36-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.

7. ცენტრის მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტი დამოწმებული უნდა იქნეს ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით. ცენტრი 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს რანჟირების ამ დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას შესაბამისი დაწესებულებისთვის და მართვის სისტემისათვის.

8. მართვის სისტემა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის მიღებიდან 3 დღეში, უზრუნველყოფს რანჟირების დოკუმენტში ასახულ აპლიკანტთა მონაცემების შეტანას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

9. ტესტირების ან/და კონკურსის შედეგების საფუძველზე, თუ ორ ან ორზე მეტ აპლიკანტს ერთსა და იმავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად ჩასაბარებელ საგნებში/დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსში მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აპლიკანტების ჩასარიცხად.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტს.

მუხლი 26. ტესტირებაში მიღებული ქულების მოქმედების ვადა

1. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტირების საფუძველზე ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვს ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეინახოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ მომდევნო ტესტირების მიზნებისთვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით.

2. ქულის შენახვისა და გამოყენების მიზნით, მომდევნო ტესტირებაზე აპლიკანტი რეგისტრირდება ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი წესით.

3. აპლიკანტი/სარეგისტრაციო ცენტრი, აპლიკანტის ქულის შენახვის მიზნით ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრაციასთან ერთად ავსებს ელექტრონულ განაცხადს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის სახელი;

ბ) აპლიკანტის გვარი;

გ) აპლიკანტის პირადი ნომერი;

დ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ე) მართვის სისტემისა და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის შევსების შემთხვევაში, მონაცემები მომენტალურად აისახება მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში.

5. აპლიკანტს უფლება აქვს განმეორებით გავიდეს ტესტირებაზე ამ დებულებით დადგენილი წესით და სცადოს გააუმჯობესოს წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უფრო დაბალია, ვიდრე ადრე მიღებული შედეგები.

მუხლი 27. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

1. დაწესებულების ხელმძღვანელი ტესტირების დაწყებამდე განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და აფორმებს ხელშეკრულებას აპლიკანტთან/კანონიერ წარმომადგენელთან/მხარდამჭერთან, აპლიკანტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, დაწესებულების მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ აპლიკანტის ჩარიცხვის შემთხვევაში, რომელმაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით, დაწესებულება ვალდებულია ამ პირთათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით.

4. თუ აპლიკანტი პროფესიულ ტესტირებაში მიღებული შედეგების საფუძველზე გათვალისწინებული იქნა ამ დებულებით განსაზღვრულ რანჟირების რამდენიმე დოკუმენტში, მას უფლება აქვს ამავე დებულებით დადგენილი წესით ჩაირიცხოს შესაბამისი რანჟირების დოკუმენტებით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

5. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემებს დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში ასახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.

მუხლი 28. იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია

1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე, ტესტირების/კონკურსის შედეგად ჩაირიცხება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახავს ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, უფლება აქვს:

ა) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული იმ სწავლის სფეროს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც ჩაირიცხა და სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ან მის მიერ ჩაბარებული კონკურსის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება პირადი განცხადების საფუძველზე, ამ დებულების შესაბამისად ჩატარებული შემდგომი პროფესიული ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.

მუხლი 29. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურენოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის გაგრძელება

1. ამ დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტი, ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ა) სწავლა განაგრძოს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი პროფესიული ტესტირების ფარგლებში ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული იმ სწავლის სფეროს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა არ მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.

3. ამ დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის მიერ ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

 

თავი VII

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირება

მუხლი 30. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტისთვის ალტერნატიული წესით ტესტირების საჭიროება და აღნიშნულ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება წარმოიშობა მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 31. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებაზე რეგისტრაციას, ტესტირების საორგანიზაციო საკითხების განხორციელებასა და ტესტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო, მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით.

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციის მიზნით, მართვის სისტემა:

ა) უზრუნველყოფს დაწესებულების კომპიუტერული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით დაწესებულება:

ა) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციას;

ბ) სამინისტროს მიერ მიწოდებული ფორმატის შესაბამისად, უზრუნველყოფს ტესტირებაში მონაწილე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას;

გ) უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ვალდებულია სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში გამოყოს შესაბამისი შენობა ან მისი ნაწილი და სათანადო ადამიანური რესურსი;

ე) ვალდებულია ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს შეასრულოს სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მითითებები;

ვ) ვალდებულია შეასრულოს სამინისტროს კონკრეტული მითითებები ტესტირების დაგეგმვისა და მიმდინარეობის პერიოდში;

ზ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ტესტირების ჩატარებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით რესურსცენტრი:

ა) უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას;

ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 32. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ეტაპები

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) რეგისტრაცია;

ბ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება;

გ) ტესტირება, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის, რომლებსაც სურთ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, მხოლოდ კონკურსი;

დ) დაწესებულებაში ჩარიცხვა.

მუხლი 33. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასება

1. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის მულტიდისციპლინურ გუნდს/გუნდებს.

2. მულტიდისციპლინური გუნდი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას, აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ დასკვნის მომზადებას და განსაზღვრავს ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარების საჭიროებას.

3. აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება არ ხდება, თუ მულტიდისციპლინურ გუნდს აპლიკანტი, მისი პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრაციის მომენტისთვის, ამ დებულებით განსაზღვრული წესით, 2019 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, ერთხელ მაინც შეფასებული ჰყავს, აღნიშნული შეფასების თაობაზე არსებობს შესაბამისი დასკვნა და მულტიდისციპლინური გუნდი მიიჩნევს, რომ აპლიკანტის განმეორებით შეფასება არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებით შეფასება, აპლიკანტის პროფესიული ტესტირების მიზნებისთვის გამოყენებული უნდა იქნას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა.

მუხლი 34. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ტესტირებაზე რეგისტრაციისათვის გადის ავტორიზაციას სპეციალურ ვებგვერდზე და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს სარეგისტრაციო ცენტრს, რომელიც რეგისტრაციას ახორციელებს ელექტრონული ფორმით, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. რეგისტრაციისას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაციის გაწევის მიზნით, სარეგისტრაციო ცენტრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების იმ ჩამონათვალს, რომლისთვისაც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს ან სარეგისტრაციო ცენტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის პირადი ნომერი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები (არაუმეტეს სამისა), სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არსებობა − სპეციალურ გრაფაში.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის დასრულებისთანავე ეცნობება, ხოლო სარეგისტრაციო ცენტრი ვალდებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს განუმარტოს ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში წარდგენის აუცილებლობა, სადაც მას უნდა სწავლა.

6. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით, ხოლო სარეგისტრაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება როგორც ერთჯერადი კოდის ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე გაგზავნით, ასევე, მართვის სისტემის სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელზეც, მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, ელექტრონულად დაიტანება სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის მონაცემები (სახელი და გვარი) და გადაეცემა აპლიკანტს. ამონაბეჭდში ასევე მიეთითება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს განაცხადში ცვლილების განხორციელება შეუძლია სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით ან მიმართვის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ცენტრის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო ცენტრს, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელების უფლება აქვს შემდეგი წესის დაცვით:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს უნდა მოსთხოვოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი უნიკალური კოდი და მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს ერთჯერადი უნიკალური კოდის მეშვეობით;

ბ) მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილების განხორციელება დაადასტუროს ახალი ამონაბეჭდითა და გადასცეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სტატუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში შეიძლება განხორციელდეს ცვლილება, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გასვლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში, სადაც უნდა სწავლა, წარადგენს:

ა) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;

ბ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:

ბ.ა) აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);

ბ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემულ ცნობას (მხედველობის დარღვევისას);

გ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ელექტრონული ფორმით ეგზავნება იმ დაწესებულებას/დაწესებულებებს, რომლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის სურვილსაც გამოხატავს შესაბამისი აპლიკანტი.

12. აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების ან უარყოფის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მიმდინარეობისას მართვის სისტემა უზრუნველყოფს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა შესახებ მონაცემთა ბაზებზე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წვდომას.

მუხლი 35. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა საგამოცდო ცენტრებში განაწილება

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა საგამოცდო ცენტრებში განაწილების მიზნით, რეგისტრაციის დასრულებიდან 7 დღის ვადაში, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ა) განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელშიც განთავსდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის საგამოცდო ცენტრები;

ბ) დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების მონაცემებზე დაყრდნობით, ანაწილებს მათ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო ცენტრებში.

2. დაწესებულება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის.

მუხლი 36. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირება და შედეგები

1. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების განრიგს და ადგენს ტესტირების მაქსიმალურ ხანგრძლივობას.

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარება მოიცავს მათ მიერ შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესატყვისი აქტივობების პრაქტიკულ მოსინჯვას.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ტესტირების უზრუნველსაყოფად, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც განთავსებულია საგამოცდო ცენტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფს საგამოცდო კომისიის/კომისიების შექმნას.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე, მის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი თითოეული აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისიის მიერ ფასდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირებისას გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების, ამ დებულების 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის დროს მიღებული შეფასების, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინტერესების გათვალისწინებით, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას (შემდგომში − რეკომენდაცია) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ რეკომენდაციის შემუშავებისას კომისია მხედველობაში იღებს აპლიკანტის რეგისტრაციის დროს (თვე, რიცხვი, საათი, წუთი, წამი).

7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი აქტივობის პრაქტიკული მოსინჯვისას მიღებული შეფასება, ამ დებულების 34-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ანალიზთან და რეკომენდაციასთან ერთად, ტესტირების დასრულებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადანაწილების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა გადანაწილებას დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში და, ასევე, ამ დებულების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების გადანაწილებას იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გადანაწილების მიზნით, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

10. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ხელმისაწვდომობას შესაბამისი დაწესებულებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინფორმირებას.

მუხლი 37. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

1. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 36-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ დებულების 36-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და აფორმებს ხელშეკრულებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთან/კანონიერ წარმომადგენელთან/მხარდამჭერთან.

3. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები, დაწესებულებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, შეაქვს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 

თავი VIII

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 38. გარდამავალი დებულება

2019 წლის შემოდგომასა და 2020 წლის გაზაფხულზე ჩასატარებელი პროფესიული ტესტირების მიზნებისათვის, ამ დებულების მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, მე-7 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“, ასევე ამ მუხლით გათვალისწინებული მიმართულებები/დარგები/პროფესიული სპეციალიზაციები:

 

 

მიმართულებები

დარგები

პროფესიული სპეციალიზაციები

08 ხელოვნება

0803 დიზაინი

080377 ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი

08 ხელოვნება

0803 დიზაინი

080382 თექის ოსტატი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ინფორმატიკა

040161კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ინფორმატიკა

040162 სისტემების ადმინისტრატორი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ინფორმატიკა

040163 საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ინფორმატიკა

040165 ვებინტერფეისის დეველოპერი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ინფორმატიკა

040166 ვებინტერფეისის დიზაინერი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ინფორმატიკა

040167 ვებპროგრამისტი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ინფორმატიკა

040168 პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

07 სოციალური მეცნიერებები

0703 მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა

070355 ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი

04 ინჟინერია

0406 მშენებლობა

040679 კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი

04 ინჟინერია

0403 ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები

040355 მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი

04 ინჟინერია

0406 მშენებლობა

040680 თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე

11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები

1101 არქიტექტურა

110153 არქიტექტორ-ტექნიკოსი

04 ინჟინერია

0406 მშენებლობა

040676 ზეინკალ-სანტექნიკოსი

04 ინჟინერია

0406 მშენებლობა

040682 ფილამწყობი

08 ხელოვნება

0803 დიზაინი

080360 სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

04 ინჟინერია

0409 სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

040963 საკერავი მანქანის ოპერატორი

04 ინჟინერია

0409 სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

040959 სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

08 ხელოვნება

0803 დიზაინი

080384 ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი

01 აგრარული მეცნიერებანი

0103 მეცხოველეობა

010353 მეფუტკრე

11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები

1120 ტურიზმი

112062 ტუროპერატორი 

11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები

1120 ტურიზმი

112063 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი

11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები

1120 ტურიზმი

112067 ბართენდერი

02 ბიზნესის ადმინისტრირება

0202 მარკეტინგი

020256 კონსულტანტ-გამყიდველი

08 ხელოვნება

0803 დიზაინი

080385 თმის სტილისტი

08 ხელოვნება

0803 დიზაინი

080386 ვიზაჟის სპეციალისტი

02 ბიზნესის ადმინისტრირება

0204 ფინანსები

020453 შემფასებელი

02 ბიზნესის ადმინისტრირება

0202 მარკეტინგი

020253 სარეკლამო აგენტი 

04 ინჟინერია

0406 მშენებლობა

040655 მღებავი

04 ინჟინერია

0407 ტრანსპორტი

040777 მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი,

სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი)

ოპერატორი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ ინფორმატიკა

040169 სამგანზომილებიანი განათების და ვიზუალიზაციის სპეციალისტი

04 ინჟინერია

0401 კომპიუტინგი/ ინფორმატიკა

040170 სამგანზომილებიანი მოდელირების და ტექსტურირების სპეციალისტი

01 აგრარული მეცნიერებანი

0101 აგრონომია

010165 სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი

04 ინჟინერია

0405 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

040568 ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსი