„მოსახლეობაზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ“

„მოსახლეობაზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3-6
დოკუმენტის მიმღები მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 15/02/1994
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/02/1994
სარეგისტრაციო კოდი 250.013.000.015
3-6
15/02/1994
გამოუქვეყნებელი, 0, 15/02/1994
250.013.000.015
„მოსახლეობაზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ“
მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტი
საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება № 3-6

1994 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი 

მოსახლეობაზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა შესახებ

აღინიშნოს, რომ რესპუბლიკის უმეტეს რაიონებში არადამაკმაყოფილებლად ხორციელდება მოსახლეობისათვის მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის № 503 და 20 ოქტომბრის № 750 დადგენილებებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რაიონების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მიწის რეფორმის კომისიები მიღება-ჩაბარების აქტის ფორმებით, არ განახორციელეს მოსახლეობიდან თანხების ამოღება და მათი ჩარიცხვა საპროექტო - საძიებო სამუშაოებისათვის; ხელშეკრულებების გაფორმება საპროექტო ორგანიზაციებთან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის № 503 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც საპროექტო ორგანიზაციებმა დროულად ვერ მოავლინეს სპეციალისტები დავალების შესასრულებლად.

რაიონების ხელმძღვანელი ორგანოები აყენებენ საკითხს, მიეცეთ უფლება მათ ტერიტორიაზე არსებულ საპროექტო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, აგრეთვე მიწის რეფორმის კომისიებს, თვით შეასრულონ მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემის სამუშაოები.

მოსახლეობაზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის № 503 და 20 ოქტომბრის № 750 დადგენილებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით,

ვბრძანებ:

1. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის 1993 წლის 11 ნოემბრის № 3-37 ბრძანების მე-2 პუნქტში შეტანილი იქნეს ნაწილობრივი ცვლილება და დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებად იქნეს მიჩნეული მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა ადგილობრივი მიწის რეფორმის კომისიების ხელმძღვანელობით და პასუხისმგებლობით, რაიონში არსებული საპროექტო ორგაიზაციების და ცალკეული ჯგუფების საშუალებით, ხელშეკრულების საფუძველზე“.

2. მიღება-ჩაბარების აქტების გაცემისათვის ანაზღაურება მოხდეს საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტისა და საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს 1993 წლის 2 ივლისის №3-23/67 ბრძანების №2 დანართის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების სახეების შესაბამისად.

3. კონტროლი მიწის მიღება-ჩაბარების აქტების სწორად გაცემაზე დააწესონ მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, ხოლო პასუხისმგებლობა დაეკისროთ სამუშაოების შემსრულებლებს: საპროექტო ორგანიზაციებს, კერძო ჯგუფებსა და ორგანიზაციებს და რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის სამსახურებს.

4. „საქმიწპროექტმა“/ ა. ჩარქსელიანი /მიმდინარე წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს მიღება - ჩაბარების აქტების გაცემისათვის საპროექტო-საძიებო სამუშაოების შესრულება აბაშის, ხონის, კასპის, დედოფლისწყაროს, გორისა და თერჯოლის რაიონებში, ხოლო „საქქალაქგროსერვისმა“ /ი. შენგელია/- ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში.

5. რაიონულმა და სოფლის მიწის რეფორმის კომისიებმა უზრუნველყონ მოწვეული სპეციალისტები ყველა აუცილებელი მასალით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ სამუშაოების მიმდინარეობაში სათანადო ანაზღაურების საფასურად.

6. დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებმა, ბატონებმა ო. კობახიძემ, ი. მელაშვილმა, ა. კალანდიამ სისტემატური კონტროლი დააწესონ მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემის მიმდინარეობაზე და ყოველი თვის ბოლოს წარმოუდგინონ ანგარიში დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

7. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დააწესონ ბატონებმა გ. ჩიკვილაძემ და ე. ლობჟანიძემ.

 

დეპარტამენტის თავმჯდომარე                                                  ზ. გეგეჭური