შპს „ევარ“-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს „ევარ“-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/22653-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/22653-19
18/09/2019
ვებგვერდი, 23/09/2019
შპს „ევარ“-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/22653-19

 

ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2019 წლის 18 სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ევარ“

(საიდენტიფიკაციო კოდი 432544605, დირექტორი – თამარ ცაგურიშვილი)

მოთხოვნა – შპს ,,ევარის“ მიმართ  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ გამოარკვია:  

2019 წლის 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ევარის“ დირექტორმა თამარ ცაგურიშვილმა და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და მე-17 მუხლების შესაბამისად მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ევარის‘’ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარეცხი, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე მათი ბითუმად რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, კომპანია დგას გადახდისუუნარობის წინაშე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საწარმოს არ აქვს თანხები საბანკო ანგარიშებზე. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით შპს ,,ევარის" სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, არავითარი მოძრავი ქონება და მოთხოვნები მესამე პირების მიმართ არ გააჩნია.

საწარმოს კრედიტორები არიან: 1) შპს “ევარ ქოზმეთიქ ინშაათ თაჰჰუნ სანაი ვე თიჯარეთ; 2) ალუდა ალიევი; 3) ინგა არახამია; ასევე არსებობს მიმდინარე ვალდებულებები – დირექტორის თამარ ცაგურიშვილის და ბუღალტერ შორენა ფეიქრიშვილის მიმართ სახელფახო დავალიანების სახით. ამჟამად, მოვალის ვალდებულებების ჯამური ოდენობა, გარდა მიმდინარე ვალდებულებებისა შეადგენს 360773.8 ლარს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,ევარი“ ვერ უზრუნველყოფს როგორც კრედიტორების, ასევე გაკოტრების დაწყების შემთხვევაში საპროცესო ხარჯების დაფარვას. შესაბამისად, მოვალის მოთხოვნას წარმოადგენს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ევარის’’ დირექტორს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან).

კომპანიას, საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ერიცხება და არ აქვს დებიტორული მოთხოვნები. რაც შეეხება ვალდებულებებს, მის კრედიტორებს წარმოადგენენ: 1. შპს “ევარ ქოზმეთიქ ინშაათ თაჰჰუნ სანაი ვე თიჯარეთ’’ – დავალიანება 13.09.2019-ის მდგომარეობით შეადგენს 324 773.8 ლარს; 2. ალუდა ალიევი – დავალიანება შეადგენს 31 000 (ოცდათერთმეტი ათას) ლარს. 3. ინგა არახამია – დავალიანება შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს. ასევე, არსებობს მიმდინარე დვალიანებები: დირექტორის თამარ ცაგურიშვილის და ბუღალტერ შორენა ფეიქრიშვილის მიმართ ყოველთვიური 500-500 ლარის ოდენობით.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით შპს ,,ევარის“ საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს ,,ევარის" (ს/ნ 432544605) წარმომადგენელს თამარ ცაგურიშვილს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ელექტრონულ სიტემაში და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                     თინა ვაშაყმაძე