ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ

ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016588
41/28
22/03/2018
ვებგვერდი, 23/09/2019
480610000.03.030.016588
ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველო და ბელარუსის რესპუბლიკა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი);

 

ითვალისწინებენ რა საერთო ინტერესს, ყველა სფეროში განამტკიცონ მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობები;

 

ადასტურებენ რა ორმხრივ მისწრაფებას განავითარონ ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა;

 

ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, სუვერენული თანასწორობის პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობა;

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

მხარეები განამტკიცებენ ურთიერთქმედებებს ყველა იმ დონეზე და ყველა იმ სფეროში, რომელიც მათ საერთო ინტერესს წარმოადგენს, მხარეთა შორის თანასწორობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საფუძველზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.

 

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ დიალოგს ყველა დონეზე, განავითარებენ საპარლამენტო და დარგობრივი ურიერთქმედების მექანიზმს. მხარეები ხელს შეუწყობენ  ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვითარებასა და ბიზნეს, სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დასამყარებლად ხელსაყრელი პირობების შექმნას.

 

მუხლი 3

1. მხარეები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ჩაერთვებიან კონსტრუქციულ თანამშრომლობაში გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკვანძო საკითხებზე.

2. მხარეები შემდგომშიც გააფართოებენ თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიგრანტებისა და ლტოლვილთა საკითხებში ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერის კუთხით, და სხვა გლობალურ და რეგიონულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირების მიმართულებით.

3. მხარეები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო არენაზე და ხელს შეუწყობენ საერთაშორისო არენაზე მხარეების იმ ინიციატივებს, რომლებიც საერთო საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება და, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, მათი ვალდებულებებისა და შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევენ ურთიერთმხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში წარდგენილ მხარეთა კანდიდატურებს.

 

მუხლი 4

1. მხარეები ხელს შეუწყობენ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

2. მხარეები გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას არსებული ორმხრივი ეკონომიკური ინსტიტუტების ფარგლებში, დარგთაშორისი ურთიერთქმედებების გაღრმავების, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა და მხარეთა ეკონომიკურ სუბიექტებს შორის პირდაპირი კონტაქტების განვითარების მიზნით.

3. მხარეები ხელს შეუწყობენ დარგობრივ სამინისტროებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას, საშუალო და მცირე ბიზნესის დონეზე პირდაპირი კონტაქტების აქტივიზაციას და ორმხრივი ბრუნვის გაზრდის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის მხარეთა ტერიტორიებზე ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

4. მხარეები ითანამშრომლებენ ორი სახელმწიფოს სატრანზიტო პოტენციალის აქტიური გამოყენების მიმართულებით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტების რეალიზაციის გზითა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში ჩართვით.

5. მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში რეგიონთაშორისო თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებებს.

 

მუხლი 5

1. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის გაფართოებასა და განვითარებას განათლების, მეცნიერების, კულტურის, ინფორმაციისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში.

2. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას მხარეთა სამეცნიერო-ინოვაციური პროგრესის ინტერესებიდან გამომდინარე ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადებისა და რეალიზაციის მიზნით.

3. მხარეები განავითარებენ რეგიონებს შორის კავშირებს, დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების გაცვლის, რეგიონების დონეზე თანამშრომლობის ერთობლივი პროგრამების რეალიზაციისა და რეგიონული მასშტაბის საგამოფენო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

4. მხარეები ხელს შეუწყობენ უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებებს ადამიანური რესურსების მომზადების სფეროში იმ სპეციალობებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.

 

მუხლი 6

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 7

წინამდებარე ხელშეკრულებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა აღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად. შესაბამისი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 8

წინამდებარე ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

 

მუხლი 9

თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, მეორე მხარისათვის, ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2018 წლის 22 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბელარუსულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ ხელშეკრულების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს სახელით

 

(ხელმოწერილია)

ბელარუსის რესპუბლიკის სახელით

 

(ხელმოწერილია)