„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31338
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/09/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016520
31338
11/09/2019
ვებგვერდი, 13/09/2019
000000000.00.00.016520
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №31338

2019 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 ოქტომბრის №27897 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესის“:

ა) მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომსახურების გაწევის მოთხოვნით საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის მიმართვისას (განცხადების წარდგენისას), დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (გარდა ასეთი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარდგენისას), გარდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ ან როდესაც პირი გათავისუფლებულია დადგენილი საფასურის გადახდისაგან ან ასეთი მომსახურების გაწევა უფასოა.

5. პირი უფლებამოსილია განცხადება, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები საგადასახადო/საბაჟო ორგანოში წარადგინოს ელექტრონული (CD-დამგროვებლის მეშვეობით) ან მატერიალური ფორმით. ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი ერთი სახისა და შინაარსის მქონე ყველა დოკუმენტი გაერთიანებული უნდა იყოს ერთ ფაილში.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დაწესებული ვადის ათვლა იწყება საგადასახადო/საბაჟო ორგანოში განცხადების/დეკლარაციის რეგისტრაციის ან ხელშეკრულების გაფორმების ან სხვა მოქმედების განხორციელების (შესაბამისი პირობების შექმნის) მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“;

ბ.ბ) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით მომსახურების გაწევისათვის ვადა დადგენილია საათებით, მისი ათვლა იწყება საგადასახადო/საბაჟო ორგანოში განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან, თუ ასეთი მომსახურებისათვის დადგენილი ვადა იწურება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სამუშაო დროის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში მომსახურების გაწევისათვის საათებით დადგენილი ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღის დაწყებისთანავე.

4. თუ პირის მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის სავალდებულოა გარკვეული სახის დოკუმენტების წარდგენა ან პირობების შექმნა, ასეთი დოკუმენტების წარუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში ან/და შესაბამისი პირობების შექმნამდე ან/და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისას, საგადასახადო/საბაჟო ორგანო, განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადის ბოლოს წინა დღისა, პირს წერილობით უთითებს წარმოსადგენი დოკუმენტების ან/და პირობების შექმნის თაობაზე (ადგენს ხარვეზს) და აძლევს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5. თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით მომსახურების გაწევისათვის დადგენილია ერთი დღე ან ვადა დადგენილია საათებით, საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირს ხარვეზს უდგენს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში.“;

ბ.გ) მე-8 – მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ პირს გადახდილი აქვს საფასური კონკრეტულ ვადაში მომსახურების გაწევისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში მას მომსახურება უნდა გაეწიოს აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე (მ.შ. საგადასახადო/საბაჟო ორგანოში განცხადების რეგისტრაციის დღესაც), თუ ამ სახის მომსახურებისათვის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

8​1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, შესაძლებლობის შემთხვევაში პირს მომსახურება გაუწიოს მოთხოვნილ ვადაზე უფრო ადრე, თუ გასულია ამ მომსახურებისათვის დადგენილი ფასიანი მომსახურების მაქსიმალური ვადა.

9. თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით შესაბამისი მომსახურების გაწევა მხოლოდ ფასიანია (არ არის გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უფასოდ), ასეთი მომსახურება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გაწეული უნდა იქნეს მხოლოდ პირის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ (თუ ამავე საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ამ დადგენილებაში მითითებული ვადების დაცვით.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ საგადასახადო/საბაჟო ორგანომ ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო დაჩქარებული მომსახურების გაწევა;“;

გ.ბ) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ უარი თქვა მომსახურების გაწევაზე, მას გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომსახურების გაწევის მოთხოვნით საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის შემდგომი მიმართვისას, პირი ვალდებულია დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს მომსახურების საფასური.

4. თუ პირის მიერ საფასური გადახდილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადახდილ თანხასა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით მომსახურებისათვის განსაზღვრულ განაკვეთს შორის სხვაობის ან არასწორად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით პირმა უნდა მიმართოს იმ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს, რომლისგანაც მიიღო მომსახურება და განცხადებაში მიუთითოს მისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, წარმოადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა, ასეთი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენისას).

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი, პირის მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში, საგადასახადო ან საბაჟო ორგანოს/სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელშიც ასევე უნდა აღინიშნოს თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომსახურების გაწევის შემდეგ გადასახდელი მომსახურების საფასური საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ აღირიცხება პროგრამულად, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე“ (შემდგომში – ბარათი) საფასურის თანხის დარიცხვისა და გადახდის ოპერაციებით.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იმპორტის გადასახდელის ოდენობას და შესაბამის სახაზინო კოდს, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში.“;

დ.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მომსახურების საფასურის მესამე პირის მეშვეობით გადახდისას, თუ ვერ დასტურდება, რომ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების საფასური გადაიხადა მესამე პირის მეშვეობით, მან თანხის გადატანის მოთხოვნით წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს, რომელმაც გაუწია მომსახურება. ამ შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს აგრეთვე წარედგინება მესამე პირის წერილობითი განცხადება მომსახურების საფასურის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადახდის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს დაინტერესებული პირის და მესამე პირის ბარათების კორექტირებას – მესამე პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის თანხის გადატანას დაინტერესებული პირის დავალიანების დასაფარად (დაინტერესებული პირის/მესამე პირის განცხადებაში მითითებული თანხის ოდენობით).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი                                                  ვახტანგ ლაშქარაძე