შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის„ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის„ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/10410-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/10410-19
06/08/2019
ვებგვერდი, 22/08/2019
შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის„ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმის №330210319002989911 (2/10410-19)

 საქართველოს სახელით

 განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2018 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე


განმცხადებელი შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვის“ (ს/ნ405124477)

წარმომადგენელი შორენა ბაცანაძე

მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ წარმომადგენელმა შორენა ბაცანაძემ საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.

განმცხადებლის განმარტებით, რომ საწარმო რეგისტრირებულია 2015 წლიდან და ის ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა მხოლოდ 2018 წლის ჩათვლით, რის გამოც საწარმოს 100-პროცენტიანი წილის მფლობელმა, შპს „G&A GROUP“-მა მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების საქმის დაწყების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით, შპს ,,ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა დაევალა.

 2019 წლის 17 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა განმცხადებელმა და წარმოადგინა მტკიცებულებები, მათ შორის, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საწარმოს საბანკო ანგარიშების შესახებ და ცნობა საწარმოს ანგარიშებზე განთავსებული თანხის ოდენობის შესახებ (ს.ფ. 23, 27-28).

2019 წლის 22 ივლისის განჩინებით განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 14 დღის ვადით.

2019 წლის 2 აგვისტოს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ წარმომადგენელმა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა სს „თიბისი ბანკიდან“.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ამდენად, ვინაიდან, შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისს“ არ გააჩნია ქონება, მას უარი უნდა ეთქვას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ (ს/ნ 405124477) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ (ს/ნ 405124477) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან/გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                                   ანა ჩოგოვაძე