საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/6/770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 02/08/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016444
1/6/770
02/08/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
000000000.00.000.016444
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწვეტილება

№1/6/770

2019 წლის 2 აგვისტო

ქ. ბათუმი 

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

 

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი – მიხეილ შარაშიძე. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და გიორგი ჩიფჩიური.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №770) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1/22/770 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 4 მაისს.

2. №770 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის გასაჩივრებული რედაქციის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია დასახელებული ქმედების ჩადენისთვის სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სადავოდ გამხდარი რედაქცია წარმოდგენილი იყო შემდეგი სახით – „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის)“.

5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის ღირსების უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით, უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და მოხმარება არ წარმოშობს იმგვარ რისკებს, რაც გაამართლებდა დასახელებული ქმედებების ჩადენისთვის დაწესებულ ისეთ სანქციებს, როგორებიცაა – ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა.

7. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმების მოქმედების არეალში ექცევა როგორც მძიმე, ასევე – მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები. მისი აზრით, აღნიშნულზე მეტყველებს ის გარემოება, რომ კანონმდებელი ერთნაირი საფრთხის მატარებელ ქმედებად მიიჩნევს როგორც მსუბუქი, ასევე ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით დამზადებას, შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. ის განსხვავებები, რაც მდგომარეობს ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალებების ბუნებასა და თავისებურებებში, ასახვას პოვებს მათთვის დადგენილ განსხვავებულ მცირე ოდენობებში. კერძოდ, რაც უფრო მძიმეა ნარკოტიკული საშუალება, მით უფრო მცირეა ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის დაწესებული მცირე ოდენობის ზედა, მაქსიმალური ზღვარი. მისი აზრით, სადავო ნორმების რეგულირების ქვეშ ექცევა ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მძიმე ნარკოტიკული საშუალებების იმდენად მცირე ოდენობები, რომ არ წარმოიშობა გასაჩივრებული რეგულაციებით აკრძალული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობა.

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სადავოდ გამხდარი რედაქციის დისპოზიცია ჩამოყალიბდა 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებით, რის შედეგადაც ნორმის ტექსტში არსებული ტერმინი „ხმარება“ ჩანაცვლდა ტერმინით „მოხმარება“. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დასჯადი გახდა არა ნარკოტიკული საშუალების რეგულარული მოხმარება, არამედ მისი მოხმარების ცალკეული შემთხვევა, ქმედების თავისებურების გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, სადავო ნორმით დაწესებული სანქცია – ადმინისტრაციული პატიმრობა მიზნად ისახავს არა იმდენად ნარკომანიის როგორც სოციალური საფრთხის თავიდან აცილებას, ნარკომომხმარებლის განკურნებას და მის რესოციალიზაციას, არამედ მხოლოდ რეპრესიას და სადავო ნორმებით აკრძალული ქმედებების ზოგად პრევენციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებთან.

9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ნარკოტიკების გლობალური კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოში დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლდეს სოციალური და სამედიცინო ღონისძიებებით, რათა ნარკომომხმარებლებმა არ იგრძნონ თავი კრიმინალებად და არ შეუწყონ ხელი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას. მისი თქმით, მკურნალობაზე ორიენტირებული ნარკოტიკული პოლიტიკა, მათ შორის შეამცირებდა ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებათა გავრცელების რისკს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სანქციების კონკრეტული სახეები – ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა აშკარად არაპროპორციული სასჯელებია და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

11. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს საზოგადოების და მისი წევრების ჯანმრთელობის დაცვა, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და ნარკომანიის პრევენცია. მისი თქმით, სადავო ნორმები ითვალისწინებს ალტერნატიული სახის სანქციებს, რაც სამართალშემფარდებელს შესაძლებლობას აძლევს, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით თავად გადაწყვიტოს, რა სახის სანქციის გამოყენება იქნება ყველაზე ადეკვატური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

12. მოპასუხე მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმებით არ ხდება ნარკოტიკული საშუალებების დიფერენცირება და მათი რეგულირების ქვეშ ექცევა, მათ შორის, ე.წ. „მძიმე“ ნარკოტიკული საშუალებები (ჰეროინი, კოკაინი...). ამგვარი სახის ნარკოტიკული საშუალებები იწვევს მათზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას და განსაკუთრებით საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა პირს შეიძლება შეეფარდოს სწორედ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ე.წ. „მძიმე“ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ აკრძალულ ქმედებებს, ხოლო სხვა შემთხვევებში მოსამართლეს საშუალება აქვს, სამართალდამრღვევს შეუფარდოს ალტერნატიული, უფრო მსუბუქი სახის სანქცია.

13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლი აპელირებს „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ“ გაეროს 1988 წლის კონვენციაზე და აცხადებს, რომ აღნიშნული კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, ავალდებულებს სისხლის სამართლის წესით დასაჯოს მთელ რიგ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული, მათ შორის სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედებები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები სრულ შესაბამისობაში არიან საქართველოს კონსტიტუციასთან.

14. მოპასუხე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები

1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომელთაც მსგავსი/იდენტური შინაარსი გააჩნიათ.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ადამიანის ღირსებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა

4. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

5. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის შემდგომ – ცვლილება განხორციელდა სადავო ნორმებში. კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1221-რს კანონის თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. ანალოგიურად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1222-რს კანონის მიხედვით, ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლიც.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“), რაც იწვევს შესაბამის შედეგებს, იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზეა საქმე.

7. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებში ცვლილებები განხორციელდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობას.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები

8. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

9. კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17).

10. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების უფლებით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

12. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სასჯელის პოლიტიკის სფეროში კანონმდებელს საკმაოდ ფართო მიხედულება აქვს. კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის. ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან] მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

13. კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს დანიშნულებაა, შემოსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სივრცე. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რამდენად შეესატყვისება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, სადამსჯელო ღონისძიებასა და სასჯელის მიზნებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა. სწორედ სასჯელის მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აძლევს კანონმდებელს სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებისა და, ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი.

4. სადავო ნორმების შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა

15. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვებს „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვებს „ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).

16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის გასაჩივრებული რედაქციის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო).

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გასაჩივრებული რედაქციის მიხედვით კი, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო).

18. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება განიმარტება, როგორც – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამავე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი – ნარკოტიკული საშუალების ანალოგი არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის უცნობი ნივთიერება, რომლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედება მსგავსია ამ კანონით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედებისა. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეკურსორი არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა IV სიის №1 და №2 ცხრილებში.

19. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები განისაზღვრება კონკრეტული მასებით და არ არის დაკავშირებული მოხმარებისთვის საჭირო ოდენობის ეკვივალენტურ ოდენობებთან. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები განსაზღვრულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით. აღნიშნული დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობად ითვლება ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რომელიც ნაკლებია ამავე დანართის მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე. დასახელებული დანართის მე-2 ვერტიკალურ გრაფაში მოცემულია ნარკოტიკული საშუალების დასახელებები, რომელთა მცირე ოდენობებსაც შეესატყვისება მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე ნაკლები ოდენობები. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, დასახელებული დანართის მე-3 ვერტიკალურ გრაფაში ნაცვლად კონკრეტული ოდენობისა მითითებულია „-“, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე ოდენობა. შესაბამისად, ამგვარი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი, მათ შორის ერთი მოხმარებისთვის საჭირო ან უფრო მცირე ოდენობა საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის კვალიფიცირდება როგორც დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

20. ამასთან, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების კანონმდებლობით დადგენილი მცირე ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობას. მაგალითისთვის, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ერთი მოხმარებისთვის საჭიროა 1 გრამამდე მარიხუანა, მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობად ითვლება 5 გრამზე ნაკლები ნებისმიერი ოდენობის მარიხუანა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-92).

21. ყოველივე ზემოხსენებული ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოადგენდეს დიდ ან განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობა შესაძლოა რამდენჯერმე აღემატებოდეს მისი მოხმარებისთვის საჭირო ერთჯერად დოზას, რაც დაკავშირებულია მისი გასაღების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხესთან.

22. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების და პრეკურსორების, ფსიქოტროპული ნივთიერებების საკმაოდ მრავალრიცხოვან ჩამონათვალს. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგისა და პრეკურსორის სხვადასხვა სახეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან მათი დანიშნულების, მოქმედების ეფექტის, მიღების ფორმის, მიჩვევისა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი საფრთხის ხარისხის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სახელდებით არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით დაწესებული სასჯელის არაკონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების კონსტიტუციურობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოცემული დავის ფარგლებში შეაფასოს თითოეული ნივთიერების სპეციფიკა და მისი გავლენა დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე. ამგვარი მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოთხოვნას დააყენებს კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით და წარმოადგენს სათანადო არგუმენტაციას.

23. მოსარჩელისთვის პრობლემურია დასახელებული სამართალდარღვევებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის (ადმინისტრაციული პატიმრობის) გამოყენება. იგი მიიჩნევს, რომ მითითებული სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული სასჯელი აშკარად არაპროპორციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.

24. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება ცალკეული ნარკოტიკული სამართალდარღვევების ჩამდენი პირების მიმართ. აღნიშნული სამართალდარღვევები ერთმანეთისგან განსხვავებულ ქმედების შემადგენლობებს შეიცავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება, შეძენა, დამზადება თუ გასაღება სრულიად განსხვავებული შინაარსის საფრთხეებს შეიცავს. სწორედ ამიტომ განსხვავდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლის, მისი შემძენისა და შემნახველის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები. თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მის როლს, ბრალის ხარისხს, ხოლო როდესაც ეს როლი უმნიშვნელოა, უმნიშვნელოა ის საფრთხეებიც, რომლებსაც ესა თუ ის ქმედება ქმნის, მათ შორის, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის პროპორციულობის სათანადოდ შესაფასებლად მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული თითოეული სამართალდარღვევის შემადგენლობის სპეციფიკური მახასიათებლები, გაანალიზდეს მათგან მომდინარე საზოგადოებრივი საფრთხეები და შეფასდეს ამ ქმედებების როლი და ხარისხი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობის კუთხით.

25. სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, შესაძლოა, პირობითად დაჯგუფდეს ორ კატეგორიად – (ა) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგისა და პრეკურსორის პირად მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები – კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის მოხმარება და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით) შეძენა, შენახვა და დამზადება (ბ) ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენა, შენახვა და დამზადება.

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების კატეგორიების დამდგენი ნორმატიული შინაარსების კონსტიტუციურობას ცალ-ცალკე შეაფასებს. შეფასებისას, ცხადია, მხედველობაში იქნება მიღებული მოცემული სამართალდარღვევების კატეგორიების სპეციფიკა, მათგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.

5. სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის მოხმარების და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის

27. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების მიხედვით, სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი საშიშროება და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების სიმძიმისა და გამოყენებული სასჯელის (ადმინისტრაციული პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა) ურთიერთმიმართება.

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას „პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზების მიზნები. ხოლო ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ვარგისი და პროპორციული საშუალება და უზრუნველყოფს თუ არა თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმური მიზნებია ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67). შესაბამისად, „სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა მათი მოხმარებისგან მომდინარე ჯანმრთელობის დაზიანების თუ სხვა საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვის მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).

30. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა რეპრესიულ მექანიზმს. განსხვავებულია როგორც დასჯადი ქმედებების შინაარსი, ასევე გამოყენებული სასჯელის ზომები. შესაბამისად, კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიება შესაძლოა, სხვადასხვა ხარისხით იყოს მიმართული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის შემცირების მიზნის მიღწევისკენ. სწორედ აკრძალული ქმედების ხასიათის შეფასებით არის შესაძლებელი იმის დადგენა, თუ რა საზოგადოებრივი საფრთხის აცილებას და, შესაბამისად, რა სამართლებრივი სიკეთის დაცვას ემსახურება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტულად ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის მოხმარების და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის სასჯელის დაწესება.

5.1. ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის მოხმარების და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის სასჯელის დაწესების მიზნები

31. ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ქმედების სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, სრულად გამორიცხავს მისი გასაღების და ამ გზით სხვა ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. სწორედ ამიტომ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ სხვა დასჯად ქმედებებთან შედარებით (დამზადება, შეძენა, შენახვა), ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი ქმედებაა. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება თავისთავად მიუთითებს მის დამზადებაზე ან შეძენასა და შენახვაზე. აშკარაა, რომ პირი საკუთარი ნებით ნარკოტიკულ საშუალებას ვერ მოიხმარს, თუ მასზე გარკვეული ფორმით მფლობელობა არ განახორციელა. ამდენად, ერთი მოხმარებისთვის საკმარისი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა მისი მოხმარების განუყოფელი ნაწილია.

32. ცხადია, სასამართლო არ აიგივებს ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისგან გამოწვეულ საფრთხეებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დამახასიათებელ საფრთხეებთან. ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა, თუნდაც ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით, შეიცავს მისი გავრცელების ჰიპოთეტურ შესაძლებლობას, მაშინ როდესაც მსგავსი შესაძლებლობა სრულად გამორიცხულია მოხმარების ფაქტის არსებობისას. თუმცა ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვისას ნარკოტიკული საშუალების გავრცელების რისკი მინიმალურია. ამდენად, დასახელებული ქმედებებიდან წარმომდგარი რისკები მნიშვნელოვნად არ აღემატება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებიდან წარმოშობილ რისკებს. უმთავრესი განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ როდის მოხდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა – ნარკოტიკული საშუალების მოხმარებამდე თუ მისი მოხმარების შემდეგ. თავად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არსებითად არ ცვლის იმ პირის ქმედების სიმძიმეს, რომელიც ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას აპირებს, თუმცა გამოვლენამდე ვერ მოასწრო მისი მოხმარება. ამდენად, ერთი მოხმარებისთვის საჭირო ნარკოტიკული საშუალების ოდენობა არის ის ოდენობა, რომელიც მაქსიმალურად მიმართულია პირადი მოხმარებისკენ და რომლისგანაც წარმომდგარი გასაღების რისკი მინიმალურია. შესაბამისად, მსგავსი ქმედების დასჯის მიზნები არსებითად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯის მიზნების მსგავსია.

33. ზოგადად, არსებობს მაღალი ხარისხის ვარაუდი, რომ სახელმწიფოს მიერ სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მიმართაც არსებობს შესაბამისი სპეციალისტების მიერ სათანადოდ დადასტურებული მონაცემები, რომ მათი არადანიშნულებისამებრ მოხმარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს ეს გარემოება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილული საქმეების ფარგლებში გაანალიზდა კიდეც რამდენიმე ასეთი ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებული აქვს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"), კანაფის სხვა პროდუქტებისა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და დეზომორფინის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებები, სხვა ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, აკონტროლოს მათი ბრუნვა. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო მოხმარებისა და ბრუნვის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესია. ცხადია, სახელმწიფო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ – ვალდებულიც არის მიიღოს ეფექტური ზომები ამგვარი ნივთიერებების უკანონო მოხმარებისა და ბრუნვის აღსაკვეთად, რათა დაცული იყოს საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

34. ამა თუ იმ ქმედების მიმართ სასჯელის დაწესებას შემაკავებელი ეფექტი აქვს და მისი ჩადენის პრევენციას ემსახურება. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯადობა თავად მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული. აშკარაა, რომ ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების მართლსაწინააღმდეგოდ გამოცხადება და მისი მოხმარებისთვის სასჯელის დაწესებას გააჩნია შემაკავებელი ეფექტი მოხმარების მიმართ. ამ თვალსაზრისით, სასამართლოსათვის ნათელია ლოგიკური კავშირი გამოყენებულ ღონისძიებასა და ამ კონკრეტულ მიზანს – უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას შორის.

35. ამავდროულად, სადავო ღონისძიების ეფექტი მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვით არ შემოიფარგლება. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს სხვადასხვა ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები. ამ ბრუნვის მონაწილეა როგორც ნარკოტიკული საშუალების დამამზადებელი, მწარმოებელი, მომყვანი, ასევე მისი გამსაღებელი, შემძენი და მომხმარებელი. ბრუნვის ნებისმიერი მონაწილე, გარკვეული ხარისხით, ხელს უწყობს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას. აკრძალული ნივთიერების შეძენით მისი მომხმარებლები ქმნიან „საბაზრო მოთხოვნას“, რაც ასეთი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მამოძრავებელი ძალაა. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების შემძენი, უკანონო ბრუნვის მონაწილე სხვა პირების მსგავსად, მოქმედებს საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ – იგი, დამამზადებელთან, მწარმოებელთან და გამსაღებელთან შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც უწყობს ხელს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას. აკრძალული ნივთიერებების ბრუნვიდან რომელიმე მამოძრავებელი მონაწილის გამოთიშვა კი – აფერხებს ბრუნვას და ქმნის მის შემზღუდველ ეფექტს.

36. ბუნებრივია, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის აუცილებელია, იგი რაიმე ფორმით მოხვდეს მომხმარებელთან. შესაბამისად, ასეთი ნივთიერების მოხმარების წინარე ქმედებაა მისი შეძენა, დამზადება, მოყვანა ან წარმოება. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების შემაკავებელი ეფექტი აქვს და, საბოლოდ, აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებაა. ამასთანავე, ცალკე აღებული მოხმარების ან/და აშკარად მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვის ფაქტი, მისი გავრცელების დაბალი რისკებიდან გამომდინარე, აკრძალულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებთან შედარებით, შესაძლოა, ნაკლები საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა ეს ვერ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ამ ქმედებებისათვის დაწესებული სასჯელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებაა.

37. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ სადავო სადამსჯელო ღონისძიებები ასევე მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისაკენ. ამდენად, უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი უსაფრთხოების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს და რამდენად რეალურია, რომ აღნიშნული ნივთიერებების მოხმარების მომეტებულმა მოთხოვნილებამ ბიძგი მისცეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. სადავო ნორმები პასუხისმგებლობას ადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მრავალი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის. ამასთანავე, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათი დანიშნულებით, ზემოქმედების ეფექტით, მიღების ფორმით, მიჩვევისა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანის ხარისხით, აგრეთვე სხვა სპეციფიკური მახასიათებლებით.

38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე შეფასებული აქვს რიგი ნარკოტიკული საშუალებების, მაგალითად, კანაფის პროდუქტების მოხმარების ეფექტები და ის საფრთხე, რასაც ამგვარი ნივთიერებების მოხმარება წარმოშობს საზოგადოებისთვის. ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „არ არსებობს დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36), ასეთივე დასკვნა გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნული ნივთიერებების მოხმარებასა და მიჩვევასთან დაკავშირებით კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „№732 სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა, ისევე როგორც №592, №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა და სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანის მოხმარებამ მასზე შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჭარბი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში. მარიხუანის პერიოდული, შედარებით ნაკლებ ინტენსიური გამოყენება შეჩვევას, მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არ იწვევს. ზოგადად, ხანგრძლივი პერიოდით და დიდი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმაც. თუმცა ალკოჰოლის მოხმარების პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მოიხმარს კულტურული ან/და გასართობი მიზნებისათვის, ხოლო ალკოჰოლზე დამოკიდებულება კი მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვითარდება. ამდენად, ალკოჰოლის მსგავსად, მარიხუანის შემთხვევაშიც ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ მისი მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებას გამოიწვევს და აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).

39. ამრიგად, ხანგრძლივი ვადით მოხმარების შემთხვევაში შესაძლებელია, შეჩვევა და აბსტინენციის მდგომარეობა გამოიწვიოს ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების, მათ შორის, ალკოჰოლისა და კოფეინის მოხმარებამ. თუმცა საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით, გამოწვევებს უკავშირდება არა ნებისმიერი, არამედ – იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, რომლებიც სწრაფად იწვევს შეჩვევას და აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას. იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ახასიათებს სწრაფი შეჩვევა და ხანმოკლე ვადაში არ იწვევს აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას, ასევე იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთა ზემოქმედების ქვეშ პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე ჰიპოთეტურია.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების – თავისუფლების აღკვეთის და ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება ისეთი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, შეძენის, შენახვისა და დამზადების ჩამდენ პირებთან მიმართებით, როგორებიც არის კანაფის პროდუქტები, აგრეთვე სხვა ნივთიერებები, რომელთა მოხმარებაც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას, აბსტინენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას ან/და რომელთა ზემოქმედების ქვეშ პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, არ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.

41. აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სადავო ნორმები სასჯელს აწესებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის, მათ შორის არის არაერთი ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელთა არადანიშნულებისამებრ მოხმარება საკმაოდ ხანმოკლე ვადაში იწვევს შეჩვევას. ასევე, შესაძლოა, არსებობდეს ისეთი ნივთიერებები, რომელთა შემთხვევაშიც არსებობს მომეტებული რისკი, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ პირი იყოს აგრესიული და ქმნიდეს მყისიერ საფრთხეს საზოგადოებისათვის.

42. ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც ადვილად იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში პირი ხდება აგრესიული და სჩადის ძალადობრივ ქმედებებს, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. აბსტინენციის პირობებში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები მიდრეკილი არიან დანაშაულისა თუ სხვა ანტისოციალური ქმედებების ჩადენისკენ. შესაბამისად, ამგვარი ნივთიერებების მოხმარებისათვის ან/და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (მოხმარების ერთი ოდენობა) შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესება ნამდვილად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ანალოგიურად, სასჯელი საზოგადობის უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული ისეთი ნივთიერებების მოხმარების, შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში, რომელთა მოხმარება მყისიერ რისკებს აჩენს საზოგადოებისათვის. ამგვარი ნივთიერების მოხმარების ან/და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით (ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის) შეძენისა და შენახვის დასჯა და ამ გზით მისი პრევენცია აღკვეთს დასახელებულ საფრთხეებს და იცავს საზოგადოებას.

43. ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, შეძენის, შენახვისა და დამზადების დასჯის ნაწილში არის მიმართული საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისაკენ, თუმცა ეს ღონისძიებები საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას არ ემსახურება იმ ნივთიერებების მოხმარების ან/და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის შეძენის, შენახვის ან/და დამზადების ნაწილში, რომელთა მოხმარებაც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის აგრესიულ, საზოგადოების უსაფრთხოების ხელყოფისკენ მიმართულ ქცევას. სწორედ ხსენებულის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, რამდენად წარმოადგენს სადავო სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა) ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აშკარად არაპროპორციულ საშუალებას.

5.2. სასჯელის პროპორციულობა

44. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული სანქციის პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ურთიერთობის სპეციფიკა და ის ფართო მიხედულების ფარგლები, რომლებიც კანონმდებელს გააჩნია სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას. სასჯელის პოლიტიკის შემუშავების პროცესში კანონმდებლის მაღალი დისკრეციის გათვალისწინებით, სასჯელის ესა თუ ის სახე და ზომა მხოლოდ მაშინ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, როდესაც დადგინდება, რომ ჩადენილი სამართალდარღვევით ხელყოფილი საზოგადოებრივი სიკეთის გათვალისწინებით, იგი აშკარად, არაგონივრულად მძიმე ღონისძიებაა.

45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ზომები. მან შეიძლება გაატაროს რეპრესიული პოლიტიკა და სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით ებრძოლოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ან შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელთა მკურნალობაზე, ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნის შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ა.შ. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს, თუ რომელი ღონისძიებაა უკეთესი, ან უფრო მეტად მიზანშეწონილი. სასამართლომ უნდა შეაფასოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული რეგულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).

46. ამასთან, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმოადგენს ყველა კატეგორიის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯა მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას. შესაძლებელია, ე.წ. „მსუბუქი“ ნარკოტიკული საშუალებების სხვა ნარკოტიკებისგან განცალკევებამ და მათი ბრუნვის ლეგალურ ფარგლებში მოქცევამ შეამციროს „მძიმე“ ნარკოტიკული და სხვა ნივთიერებების მოხმარება. „მსუბუქი“ ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობის ალტერნატიული წყაროების შექმნამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს საზოგადოების წვდომა სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკებზე. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ეჭვგარეშეა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხეები, სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, ებრძოლოს მის გავრცელებას. ამავე დროს, იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნას, რომ სადამსჯელო ინსტრუმენტების გამოყენება არ არის მიზნის მიღწევის აუცილებელი ღონისძიება, საჭიროა არსებობდეს მეცნიერულ ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცალსახა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სხვა, ნაკლებადმზღუდველი მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია იმავე ეფექტის მიღება. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვისას მსგავსი მტკიცებულებები არ გამოკვეთილა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას სახელმწიფოს მხრიდან სადამსჯელო მექანიზმების გამოყენების საჭიროება.

47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია. თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება. ცხადია, ამ პროცესში სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება ამა თუ იმ ქმედების აკრძალვის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხიც ადამიანის თავისუფლების სფეროს, სახელმწიფოს მხრიდან, შევიწროებას თავისთავად გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, რამდენად დაცულია ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხომ არ ხდება პირის დასჯა გადამეტებულად, ისეთი ინტერესის დასაცავად, რომელიც არ არის თავისუფლების აღკვეთის საპირწონე.

48. როგორც აღინიშნა, ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით დაწესებული სადამსჯელო ღონისძიებები ემსახურება როგორც მომხმარებლის, ისე ზოგადად, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს. კერძოდ, გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიებები, როგორც შემაკავებელი ეფექტის მქონე მექანიზმები, უზრუნველყოფს უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე ამცირებს „საბაზრო მოთხოვნას“ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ხელს უშლის მათ უკანონო ბრუნვას და, შესაბამისად, მიმართულია, ზოგადად, ნარკოტიკული საშულების მოხმარების შემცირების, მაშასადამე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისაკენ. ამასთანავე, რიგ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით (რომელთა მოხმარება იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და მომხმარებლის მხრიდან აგრესიულ, ანტისოციალურ ქცევას) სასჯელის დაწესება აგრეთვე ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. თუმცა ამგვარ ვითარებასთან არ გვაქვს საქმე ყველა ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, შეაფასებს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ადეკვატურობას იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, შეძენის, შენახვის ან/და დამზადებისათვის, რომელიც არ იწვევს შეჩვევას ან/და ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივად საშიშ ქცევას. ასევე ცალკე უნდა შეფასდეს საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის გამოყენების ადეკვატურობა იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, შეძენის, შენახვის ან/და დამზადებისათვის, რომელიც იწვევს შეჩვევას ან/და ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივად საშიშ ქცევას.

5.2.1. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მომხმარებლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით

49. თავისუფლების აღკვეთის მზღუდავი ღონისძიების სიმკაცრიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მისი გამოყენება ხდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).

50. ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს, რამდენად თავსდება უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მისთვის სასჯელის დაწესება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ღირებულებათა წესრიგში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50). „ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებათა წესრიგში, სადაც ადამიანის ღირსება და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აღიარებულია როგორც უზენაესი და წარუვალი ღირებულებები, სრულწლოვანი პირის დასჯა საკუთარი ჯანმრთელობისათვის გაცნობიერებულად ზიანის მიყენებისათვის გაუმართლებელია. შესაბამისად, განსახილველ საქმეზეც, პირისათვის თავისუფლების აღკვეთას ვერ გაამართლებს სახელმწიფოს მიზანი – ამ გზით დაიცვას პირი საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისაგან.

51. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებისა და აშკარად პირადი მოხმარებისათვის შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესება, აგრეთვე ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით უნდა შეფასდეს თავად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ინდივიდუალური ფაქტით გამოწვეული საფრთხეები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ისიც ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75).

52. ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, აგრეთვე ამგვარი ნივთიერებების (ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის) აშკარად პირადი მოხმარების მიზნით შემძენი და შემნახველი პირები მონაწილეობენ აკრძალული ნივთიერებების ბრუნვაში და ხელს უწყობენ მას. დასახელებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია და სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ მიზნის მისაღწევად მიიღოს ზომები, მათ შორის, უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი ქმედებების აკრძალვისა და სასჯელის დაწესების სახით. ამავე დროს, თითოეული აკრძალული ქმედების მიმართ დაწესებული სასჯელი და მისი სიმკაცრე უნდა შეესატყვისებოდეს იმ საზოგადოებრივ საშიშროებას, რომელსაც ეს ქმედება წარმოშობს. მნიშვნელოვანია, ავტონომიურად შეფასდეს უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი აკრძალული ქმედება და მისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი საშიშროება, აგრეთვე სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე და მისი პროპორციულობა სასჯელის მიზნებთან.

53. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად ღირებული ინტერესია. ამასთან, აუცილებელია, დასახელებული მიზნის მისაღწევად გამოყენებული თითოეული ღონისძიება ავტონომიურად იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი და მისი საშუალებით მიღებულმა დადებითმა ეფექტმა გადაწონოს შეზღუდვით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მომხმარებლის (ერთად აღებული) მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოხმარების ფაქტი ქმნის ე.წ. „საბაზრო მოთხოვნას“ და ახალისებს მათ უკანონო ბრუნვას, როგორც წესი, ინდივიდუალური მომხმარებლის როლი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობის პროცესში არის ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო. შესაბამისად, აკრძალული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობაში მომხმარებლის უმნიშვნელო როლიდან გამომდინარე, ასევე მინიმალურია მისი დასჯით გამოწვეული დადებითი ეფექტი უკანონო ბრუნვის აღკვეთის თვალსაზრისით.

54. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება გასაღების მიზანი, ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა და შენახვა წარმოშობს მისი გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მინიმალურ, ჰიპოთეტურ რისკებს. პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ნივთიერება, როგორც წესი, უშუალოდ მოხმარებისთვის არის გამიზნული. შესაბამისად, ამ მხრივაც დაბალია დასახელებული ქმედებით სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის მიყენების რისკები. ცხადია, არ გამოირიცხება სახელმწიფოს ლეგიტიმური შესაძლებლობა, აღკვეთოს ამ ნივთიერებების გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მიზნით მათი შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის შემთხვევები, თუმცა გასაღების მიზნის დადასტურების გარეშე ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა თავისთავად არ მიუთითებს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში ხელახლა მოქცევისა და სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომობის საფრთხეზე.

55. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა შეიცავს სხვა ადამიანების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის დაბალ რისკებს. ამრიგად, მინიმალურია ის დადებითი ეფექტი, რასაც სახელმწიფო აღწევს ამ ქმედების ჩამდენი პირებისათვის თავისუფლების აღვეთით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალებების (თუნდაც მრავალჯერადი) მოხმარებისა და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით ამ ნივთიერების (ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით) დამზადებით, შეძენითა და შენახვით გამოწვეული საფრთხე როგორც წესი, არ აღწევს იმ დონეს, რომ გაამართლოს პირის მიმართ ისეთი მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენება, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა.

56. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეს მესამე პირებისათვის, მაგალითად, როდესაც მას მოიხმარენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სამხედრო ნაწილში და ა.შ. ამგვარი ნივთიერებების მოხმარებიდან მოსალოდნელი მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დასაცავად, ისევე, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, გამართლებული იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაგ., სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულებებში, სკვერებში) და არასრულწლოვანთა თანდასწრებით ამგვარი ნივთიერებების მოხმარებისათვის ისეთი მკაცრი სასჯელის დაწესება, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა. ასევე, რა თქმა უნდა, გამართლებულია ნარკოტიკული საშუალებით თრობის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის სასჯელის დაწესება. თუმცა აღნიშნული წარმოადგენს სხვა, ცალკე დასჯად ქმედებას და იგი რეგულირებულია სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმით.

5.2.2. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით

57. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა წარმოშობს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. კერძოდ, ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამგვარ ნივთიერებებთან მიმართებით აშკარაა, ერთი მხრივ, ის მყისიერი საფრთხე, რასაც აგრესიის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება წარმოშობს, მეორე მხრივ კი, ანტისოციალური, არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის რისკი, რომელსაც ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობა იწვევს. ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში სასწორზეა საზოგადოების უსაფრთხოება და მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, დაცული იყოს თითოეული საზოგადოების წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის მიერ გამოხატული ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან.

58. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ინტერესის მიღწევას ემსახურება სახელმწიფოს მიერ იმგვარი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დასჯა, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას და ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობას. გონივრულია იმის ვარაუდი, რომ აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი მომხმარებელი, მიდრეკილი იყოს ანტისოციალური, არამართლზომიერი და ხშირად დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისკენ. შესაბამისად, მაღალია როგორც ამგვარი ნივთიერებების მოხმარებით შექმნილი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, ისე – ასეთი ქმედების დასჯით დაცული საჯარო ინტერესის მნიშვნელობაც. ამგვარი საფრთხეების აღკვეთის მიზნით, სახელმწიფოს გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, დააწესოს სადამსჯელო ღონისძიებები, გამოიყენოს შემაკავებელი მექანიზმები და ამ გზით მოახდინოს მათი პრევენცია. შესაბამისად, ამ ტიპის ნივთიერებებთან მიმართებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის დაცვის მიზნების დაცვის ინტერესი წარმოშობს პირის კერძო ინტერესების შეზღუდვის მომეტებულ საჭიროებას.

5.2.3. სადავო ნორმების ბლანკეტურობა

59. როგორც უკვე დადგინდა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება შესაძლებელია კონსტიტუციური იყოს იმ ნივთიერების მოხმარების ან/და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის, რომელიც იწვევს შეჩვევას ან/და ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივად საშიშ ქცევას. თუმცა, იგივე ღონისძიების გამოყენება კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოა იმ ნივთიერებებთან მიმართებით, რომლებსაც არ გააჩნია დასახელებული თვისებები. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებაშემზღუდველი სადამსჯელო ღონისძიებები აშკარად არაპროპორციულია სამართალდარღვევის სიმძიმესთან მიმართებით, მათი ბლანკეტურობის გამო. სადავო ნორმები ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სასჯელს ნებისმიერი კატეგორიის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისა და აშკარად პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის. დაწესებული სადამსჯელო ზომები გამოიყენება განურჩევლად იმისა, რომელი ნივთიერება მოიხმარა პირმა და უქმნის თუ არა აღნიშნული ნივთიერების მოხმარება რეალურ საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს და ჯანმრთელობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

6. სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის

60. როგორც უკვე დადგინდა, ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მსგავსი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების, ისევე როგორც ერთჯერადი მოხმარებისათვის საკმარისი ოდენობის შეძენის, შენახვის ან/და დამზადებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. აშკარაა, რომ მსგავსი ნივთიერების ერთი მოხმარებისათვის საკმარისზე მეტი ოდენობით შეძენა, შენახვა ან/და დამზადება უფრო მეტ საფრთხეებს შეიცავს. შესაბამისად, ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ასევე ვერ იქნება მიჩნეული აშკარად არაპროპორციულ სასჯელად.

61. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო სასჯელის ზომა რამდენად შეიძლება იქნეს მიჩნეული არაპროპორციულად ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენის, შენახვის ან/და დამზადებისათვის, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის საზოგადოებრივად საშიშ ქცევას.

62. როგორც უკვე დადგინდა, ხსენებული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების დასჯა ემსახურება მომხმარებლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზანს. ამავე დროს, სასამართლომ უკვე არაერთხელ მიუთითა, რომ მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა ვერ გაამართლებს მის მიმართ სასჯელის გამოყენებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50). ამდენად, სანქციის პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამართალდარღვევის გავლენა ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის ხელშეწყობაზე და, შესაბამისად, საზოგადოების ჯანმრთელობის დაზიანებაზე.

63. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თავისთავად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ინდივიდუალური ფაქტი მინიმალურად უწყობს ხელს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვას და ამ ტიპის საფრთხის შექმნა ვერ გაამართლებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. ასევე, მსგავსია აშკარად პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ნივთიერების შენახვიდან წარმოშობილი საფრთხეები და ასეთ ქმედებად, უდავოდ, იქნა მიჩნეული ერთი მოხმარებისათვის საკმარისი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შენახვა.

64. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევებში ნარკოტიკული საშუალების ბუნებიდან, მისი მოხმარების პირობებიდან გამომდინარე, ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობაზე მეტი ნარკოტიკული საშუალების შენახვაც მიჩნეული იქნეს აშკარად პირადი მოხმარების მიზნით ჩადენილად და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მსგავსად მინიმალურ გავლენას ახდენდეს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვაზე. თუმცა, აღნიშნულის დასადგენად საჭიროა კონკრეტული ნივთიერებების თვისებების ანალიზი და მათი მოხმარების პირობების დადგენა, რაც არსებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში აკრძალული ნივთიერებების სიმრავლიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე შეუძლებელია.

65. ამავე დროს, რიგ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალების გავრცელებიდან მომდინარე საფრთხეებისა და თავად ნარკოტიკული საშუალების მავნეობის ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლებელია, აშკარად პირადი მოხმარებისთვის გამიზნულ ოდენობაზე მეტის შენახვისთვისაც იყოს თავისუფლების აღკვეთა მიჩნეული არაპროპორციულ სასჯელად. მაგალითად, მარიხუანის შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ წარმოადგენდა იმ ოდენობას, რომელიც მიუთითებდა გასაღების მიზნის აუცილებლად არსებობაზე. შესაბამისად, ამ ოდენობის მარიხუანის შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციულ სასჯელად იქნა მიჩნეული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის გამოყენებული სასჯელის პროპორციულობას აფასებს არა კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით, არამედ ზოგადად. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ კონსტიტუციური სტანდარტით, რომელიც რელევანტურია ყველაზე მძიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით. შესაბამისად, მარიხუანასთან დაკავშირებით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტები, თავისთავად, ვერ გავრცელდება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე.

66. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მათზე ხელმისაწვდომობა და პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვას. ამავე დროს, ხსენებულ ბრუნვაზე გავლენა, მოხმარებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია ისეთი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და დამზადების შემთხვევაში, რომელიც არ არის აშკარად პირადი მოხმარებისათვის გამიზნული. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობაზე მეტი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ან/და დამზადება ყველა ნივთიერებასთან მიმართებით, ცალსახად პირადი მოხმარებისთვის გამიზნული ქმედებაა და ამ ქმედებიდან მომდინარე საფრთხეები ნარკოტიკული საშუალების მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების მსგავსია.

67. ნარკოტიკული საშუალებების ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადების შემთხვევაში იზრდება როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის ხარისხი, ისე – უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ალბათობაც. ნარკოტიკული საშუალებების ერთ ოდენობაზე მეტის შემძენი და შემნახველი პირები უფრო მეტად ზრდიან მოთხოვნას ნარკოტიკულ საშუალებაზე, შესაბამისად, უფრო მეტად ასაზრდოებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას და აფერხებენ სახელმწიფოს ლეგიტიმურ ღონისძიებებს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანალოგიურად, უფრო მეტად მაღალია ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ დამამზადებელი პირის ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, ვინაიდან მისი ქმედებით, მეტია ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვაში მოქცეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და მისი გავრცელების, სხვა პირებისათვის (მათ შორის, არასრულწლოვნებისათვის) ხელმისაწვდომობის ალბათობა.

68. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობის დამზადება, შეძენა და შენახვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაზე, აქცევს მათ უკანონო ბრუნვაში და აფერხებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ღონისძიებებს დაარეგულიროს, შეზღუდოს საზოგადოების ნარკოტიკულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა ხელმისაწვდომს ხდის ამგვარ ნივთიერებებს საზოგადოების წევრებისათვის, მათ შორის, არასრულწლოვნებისათვის და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

69. აშკარაა, რომ დასახელებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიება – თავისუფლების აღკვეთა უკავშირდება სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა და ამ გზით დაიცვას საზოგადოების ჯანმრთელობა. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო ბრუნვისა და უკანონო მოხმარების აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესია და ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასა და მოხმარებას, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობასა და საჯარო წესრიგს.

70. ისეთ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებელი კრძალავს ამა თუ იმ ქმედებას, შეიმუშავებს სასჯელს საზოგადოების წევრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ასეთი მაღალია აკრძალული ქმედებების ჩადენით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროება, სასჯელის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისათვის კანონმდებელს საკმარისად ფართო მიხედულების ფარგლები უნდა მიეცეს.

71. ამრიგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობა ისეთი ქმედებებით, როგორიც არის ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის (ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით) უკანონო დამზადება, შეძენა და შენახვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია და რამდენადმე აფერხებს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლას. ამგვარი საზოგადოებრივი საშიშროების გამომწვევი ქმედებების დასჯა და პრევენცია ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ნამდვილად ღირებულ ლეგიტიმურ ინტერესს ემსახურება. ასეთი ტიპის საზოგადოებრივი საშიშროების პრევენციისთვის სახელმწიფო უფლებამოსილია, გამოიყენოს ისეთი მკაცრი პასუხისმგებლობის ზომები, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა. ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთა, მისი სიმკაცრის მიუხედავად, ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულ სასჯელის ზომად.

72. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ნარკოტიკული საშუალების, პრეკურსორის, მისი ანალოგის ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 1 1, 1 2, 1 3, 1 4, 1 5, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 8 1, 8 2, მე-11, 12 1, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების, 45-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო,  ადგენს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №770 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.

2. კონსტიტუციური სარჩელი №770 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალების ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით, შეძენისა და შენახვისთვის;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, აგრეთვე ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი