ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე

ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11/46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 29/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016583
11/46
16/10/2018
ვებგვერდი, 01/08/2019
480610000.03.030.016583
ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობა და რუმინეთის  მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც  „მხარეები“)

2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი „საქართველოსა და  ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“) მე-19 მუხლის საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე,

 


მუხლი 1

კომპეტენტური ორგანოები

1. მხარეები შეთანხმებისა და წინამდებარე ოქმის დებულებების განხორციელებისათვის განსაზღვრავენ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს:

საქართველოს მხარისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტრო:

მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

ტელ: +995 32 241 96 35

ფაქსი: +995 32 241 96 26

ელ. ფოსტა: readmission@mia.gov.ge

რუმინეთის მხარისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტრო:

a) მიგრაციის გენერალური ინსპექტორატი – საქართველოს მოქალაქეების, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის განაცხადების გადაცემისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის განაცხადების მიღებისათვის, აგრეთვე, სახმელეთო ტრანზიტის მოთხოვნისათვის

მიგრაციის დირექტორატი

მისამართი: ბუქარესტი, ოლქი №5, ეფორის ქუჩა №3-5

ტელეფონი: +40 21 314 38 85

ფაქსი: +40 21 314 38 85

ელ. ფოსტა: returnari.igi@mai.gov.ro.

b) სასაზღვრო პოლიციის გენერალური ინსპექტორატი – რუმინეთის მოქალაქეების რეადმისიის განაცხადებისთვის, საჰაერო ტრანზიტის მოთხოვნისთვის, ასევე, შეთანხმების მე-6(3) მუხლის შესაბამისად დაჩქარებული პროცედურით რეადმისიის განაცხადების გადაცემისა და დამუშავებისათვის

ზედამხედველობისა და საზღვრის კვეთის კონტროლის დირექტორატი

მისამართი: ბუქარესტი, ოლქი №6, ჯენიულუის გამზ., №42C

ტელეფონი/ფაქსი: +40 21 312 11 89

ელ. ფოსტა: igpf@mai.gov.ro.

2. კომპეტენტურმა ორგანოებმა დროულად წერილობით უნდა აცნობონ ერთმანეთს საკონტაქტო ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

3. მხარეებმა დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით უნდა აცნობონ ერთმანეთს კომპეტენტურ ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მუხლი 2

სასაზღვრო გამტარი პუნქტები

1. შეთანხმების განხორციელების მიზნებისთვის სასაზღვრო გამტარ პუნქტებს წარმოადგენს:

საქართველოში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ტელეფონი: +995 32 241 96 35

ფაქსი:  +995 32 241 96 26

რუმინეთში:

ბუქარესტის ჰენრი ქოანდას საერთაშორისო აეროპორტი – ოტოპენი

ტელეფონი: +40 21 201 32 19

ფაქსი: +40 21 351 59 93

2. მხარეებმა დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით უნდა აცნობონ   ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში წარმოდგენილი სასაზღვრო გამტარი პუნქტების ჩამონათვალში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

3. სხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გამოყენება კომპეტენტური ორგანოების მიერ ერთობლივად უნდა იყოს შეთანხმებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მუხლი 3

რეადმისიის განაცხადების წარდგენა

1. რეადმისიის განაცხადები უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს ავტორიზებული ელექტრონული სისტემის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის საშუალებით.

2. წარდგენილი რეადმისიის განაცხადის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 4

პასუხი რეადმისიის განაცხადებზე

1. რეადმისიის განაცხადზე პასუხი უნდა გაეგზავნოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ავტორიზებული ელექტრონული სისტემის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ან  ფაქსის საშუალებით შეთანხმების მე-10(2) მუხლის შესაბამისად.

2. შეთანხმების მე-10(3) მუხლის შესაბამისად, წარდგენილი უნდა იქნეს რეადმისიის განაცხადზე უარის თქმის საფუძვლები.

მუხლი 5

რეადმისია დაჩქარებული პროცედურით

შეთანხმების მე-6(3) მუხლით გათვალისწინებული რეადმისია დაჩქარებული პროცედურით უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად:

a) შეთანხმების დანართი 5-ით გათვალისწინებული რეადმისიის განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს შეთანხმების მე-6(3) მუხლით გათვალისწინებულ ვადებში მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის ავტორიზებული ელექტრონული სისტემის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის საშუალებით;

b) მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა ორგანომ რეადმისიის განაცხადის შესახებ უნდა უპასუხოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ავტორიზებული ელექტრონული სისტემის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის საშუალებით შეთანხმების მე-10(2) მუხლის a) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში;

c) რეადმისიაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია რეადმისიის განაცხადზე საკუთარ პასუხში მიუთითოს გადაცემის დრო და ადგილი.

მუხლი 6

სხვა დოკუმენტები

1. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ სხვა ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც არ არის წარმოდგენილი შეთანხმების 1-4 დანართებში, აქვთ არსებითი მნიშვნელობა რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის დასადგენად, ასეთი დოკუმენტები შესაძლოა დაერთოს რეადმისიის  განაცხადს.

2. რეადმისიის განაცხადის დამუშავების პროცესში წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მხედველობაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო.

მუხლი 7

გასაუბრებები

1. თუ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს არ შეუძლია შეთანხმების 1-2 დანართებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა და მოთხოვნის მიმღებ მხარეს არ შეუძლია პირთა მოქალაქეობის სხვაგვარად დადგენა, მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ, მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ჩაატაროს გასაუბრება რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან რეადმისიის განაცხადის მიღებიდან 4 (ოთხი) დღის განმავლობაში. რეადმისიის განაცხადზე პასუხის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობით, შეთანხმების  მე-10(2) მუხლის b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.

2. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა უზრუნველყოს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირის ტრანსპორტირება მოთხოვნის მიმღები მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე  გასაუბრება შესაძლებელია გაიმართოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების გარეთ. ტრანსპორტირების ხარჯები უნდა დაფაროს მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ.

3. თუ პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე გასაუბრება რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან ვერ ჩატარდა წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ ვადებში, მოთხოვნის წარმდგენი მხარის წერილობით მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით გასაუბრების ჩატარების შემდეგ, რეადმისიის განაცხადის მიღებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 8

გადაცემა

1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს პირის გადაცემასთან დაკავშირებით მისი განზრახვის შესახებ გადაცემის თარიღამდე არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე ავტორიზებული ელექტრონული სისტემის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის საშუალებით.

2. თუ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს არ შეუძლია რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემა შეთანხმების მე-10(4) მუხლით გათვალისწინებულ 3 (სამი) თვის ვადაში ან წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ შეტყობინებულ თარიღზე, აღნიშნულის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 9

ტრანზიტის ფორმები და მხარდაჭერა

1. ტრანზიტის განაცხადი წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს ავტორიზებული ელექტრონული სისტემის, სამსახურებრივი ელ-ფოსტის ან ფაქსის საშუალებით ტრანზიტის განხორციელებამდე არანაკლებ 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე, რისთვისაც გამოიყენება შეთანხმების მე-6 დანართში მოცემული ფორმა.

2. მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო ავტორიზებული ელექტრონული სისტემის, სამსახურებრივი ელფოსტის ან ფაქსის საშუალებით, დაყოვნების გარეშე, ტრანზიტის განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, აცნობებს პასუხს თანახმაა თუ არა ტრანზიტის განხორციელებაზე, გადაცემის დროზე, შესვლის განსაზღვრულ პუნქტზე, ტრანზიტის ტიპზე, ესკორტის შესაძლო საჭიროებაზე ან ტრანზიტის განხორციელებაზე მოტივირებული უარის შესახებ და ესკორტის შესაძლო გამოყენებაზე.

3. როგორც წესი, ტრანზიტი ხორციელდება საჰაერო გზით.

4. თუ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს მიაჩნია, რომ კონკრეტული ტრანზიტის განხორციელებისას მისთვის აუცილებელია მოთხოვნის მიმღები მხარის ორგანოთა მხრიდან დახმარება, იგი მიუთითებს საჭირო დახმარების ხასიათსა და არსს ტრანზიტის განაცხადში, რომლის წარდგენა ხდება შეთანხმების მე-6 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით.  მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურმა უწყებამ, ტრანზიტის შესახებ განაცხადის საპასუხოდ, უნდა აცნობოს, შეძლებს თუ არა ის საჭირო დახმარების აღმოჩენას.

მუხლი 10

ესკორტის ვალდებულებები

ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში, მათ შორის, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირების ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:

a) მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ რეადმისიის განაცხადის F ან ტრანზიტის განაცხადის B4  პუნქტში უნდა მიუთითოს თანმხლებ პირთა წოდება, სახელი და გვარი, აგრეთვე, მათი სამგზავრო დოკუმენტების სერია, ნომერი და გაცემის თარიღი;

b) მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს თანმხლებ პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

c) თანმხლებმა პირებმა მათი მოვალეობები უნდა შეასრულონ უიარაღოდ და სამოქალაქო ტანსაცმელში. მათი მოვალეობების განხორციელების პროცესში, მათ უნდა იქონიონ სამგზავრო დოკუმენტები და ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს, რომ მოთხოვნის მიმღები მხარე თანახმაა ესკორტირებული პირის რეადმისიაზე ან ტრანზიტზე;

d) თანმხლები პირები პასუხისმგებელნი იქნებიან ესკორტირებულ პირებზე და  დანიშნულების ქვეყნისთვის მათ გადაცემაზე;

e) თანმხლები პირები ვალდებულნი არიან სათანადოდ დაიცვან დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ ესკორტირებულ პირთა გადაცემის საფუძველს და აღნიშნული დოკუმენტები გადასცენ იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომლისთვისაც ხდება ესკორტირებული პირის გადაცემა;

f) თანმხლებმა პირებმა პატივი უნდა სცენ მოთხოვნის მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. თანმხლები პირის უფლებამოსილება პირის გადაცემის ან ტრანზიტის დროს შემოიფარგლება აუცილებელი თავდაცვით;

g) მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თანმხლებ პირთა დაცვა და მხარდაჭერა იმავე დონეზე, როგორც ეს გათვალისწინებულია მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით მოთხოვნის მიმღები მხარის იმავე მოვალეობის შემსრულებელი სხვა პირებისთვის;

h) თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს არ ჰყავს პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ მხარდაჭერა, თანმხლები პირები უფლებამოსილნი არიან არსებული ვითარების პროპორციულად და მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით თავად უზრუნველყონ პირდაპირი იძულების ზომების მიღება, თუ არსებობს პირდაპირი და სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ესკორტირებული პირი გაიქცევა, თავს დაიზიანებს ან დააზიანებს მესამე მხარეებს ან საკუთრებას;

i) საჭიროების შემთხვევაში, თანმხლები პირები, გარდა მხარეთა ქვეყნებისა, უნდა ფლობდნენ საბოლოო დანიშნულების ქვეყნის და ტრანზიტის ქვეყნების აუცილებელ ვიზებს.

მუხლი 11

ხარჯები

1. მოთხოვნის წარმდგენი მხარე აანაზღაურებს რეადმისიისა და ტრანზიტის ოპერაციების განხორციელებისას მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ გაღებულ ხარჯებს ინვოისის საფუძველზე, შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვით ანაზღაურება უნდა მოხდეს  მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ. ინვოისი უნდა შეიცავდეს მოთხოვნის მიმღები მხარის საბანკო რეკვიზიტებს.

2.  მოთხოვნის წარმდგენი მხარე მოთხოვნის მიმღებ მხარეს აუნაზღაურებს ყველა ხარჯს ევროში ინვოისის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

მუხლი 12

ექსპერტთა შეხვედრა

მხარეები ითანამშრომლებენ შეთანხმებისა და ამ ოქმის განხორციელების ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დაინიშნება ექსპერტთა შეხვედრები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისგან.

მუხლი 13

ენა

მხარეებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა განახორციელონ ინგლისურ ენაზე.

მუხლი 14

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე ოქმში შეიძლება მხარეთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე შევიდეს ცვლილებები და დამატებები. ასეთი ცვლილებები და დამატებები შედგენილ უნდა იქნეს ცალკე დოკუმენტების ფორმით, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან წინამდებარე ოქმის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 15

ძალაში შესვლა,  მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ერთმანეთისთვის შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს, მაგრამ არაუადრეს რეადმისიის ერთობლივი კომიტეტისთვის შეთანხმების მე-19(2) მუხლის შესაბამისად შეტყობინებისა.

2. წინამდებარე ოქმის შესახებ უნდა ეცნობოს რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს რუმინეთის მხარის მიერ. საქართველოს მხარეს უნდა მიეწოდოს აღნიშნული შეტყობინების ასლი.

3. წინამდებარე ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით და შეწყვეტს მოქმედებას შეთანხმების შეწყვეტასთან ერთად.

ხელმოწერილია ქ. თბილისში 2018 წლის 16 ოქტომბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

რუმინეთის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

(ხელმოწერილია)