დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20722
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 25/06/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2019
ძალაში შესვლის თარიღი 25/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016505
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20722
25/06/2019
ვებგვერდი, 28/06/2019
000000000.00.00.016505
დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 10.12.19, №43074)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №20722

2019 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ბუნებრივი, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვახტანგ ლაშქარაძე – შემოსავლების სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) მამუკა ტერაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

გ) ზურაბ ძნელაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;

დ)  დინარა ჩუბინიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ე) მერაბ არახამია – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ვ) შალვა კოპალეიშვილი – დავების დეპარტამენტის უფროსი;

ზ) შოთა ვალიშვილი – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

თ) დავით მულაძე – საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ი) ლევან ბაინდურაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

კ) ლევან სირანაშვილი – საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი (კომისიის მდივანი).

2. დამტკიცდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის საქმიანობის წესი“ თანდართული რედაქციით (დანართი №1).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 მაისის № 15747 ბრძანება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი      ვახტანგ ლაშქარაძე

დანართი №1

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის საქმიანობის წესი

მუხლი 1

1. დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის შემოსავლების სამსახურის სათათბირო ორგანო და მისი შექმნის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების (შემდგომში – ტექნიკური ნორმები) შემუშავება.

2. კომისია ტექნიკური ნორმების შემუშავებას ახორციელებს:

ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით;

ბ) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე.

მუხლი 2

1. კომისიის სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.

2. კომისიის სხდომის შედეგების გათვალისწინებით დგება კომისიის სხდომის ოქმი.

3. განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

4. კომისიის მიერ გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვის ვადაა არაუმეტეს 2 თვე.

5. კომისია ტექნიკურ ნორმებს ადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების, შემოწმების მასალების, საგადასახადო მონიტორინგის შედეგების, ექსპერტიზის დასკვნის ან/და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.

მუხლი 3

1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით ტექნიკური ნორმების დადგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:

ა) განცხადება ტექნიკური ნორმების დადგენის თაობაზე;

ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

გ) ტექნიკური ნორმების შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

2. ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, კომისიას უფლება აქვს:

ა) გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნის) წარდგენა;

ბ) გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაციის სისწორე.

3. კომისიის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია კომისიას წარუდგინოს არაუმეტეს 1 თვის ვადაში.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ჩერდება ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის ვადის დინება.

მუხლი 4

1. ტექნიკური ნორმის დადგენის თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის შედეგად კომისიას უფლება აქვს:

ა) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით;

ბ) შეიმუშაოს ტექნიკური ნორმა გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილისაგან განსხვავებული ოდენობით;

გ) უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე.

2. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას ტექნიკური ნორმის შემუშავებაზე, თუ:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულია;

ბ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას;

გ) საწარმოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა შეუძლებელია;

დ) წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა ტექნიკური ნორმის დადგენის შესაძლებლობას;

ე) ექსპერტიზის დასკვნიდან/საგადასახადო შემოწმების მასალებიდან, საგადასახადო მონიტორინგის შედეგებიდან ან სხვა მონაცემებიდან გამომდინარე, ტექნიკური ნორმის დადგენა მიზანშეუწონელია;

ვ) მოთხოვნა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.

 მუხლი 5

კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ტექნიკური ნორმა მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.