დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 22/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №186
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2006 წელი, №117, მუხლი 1581) და მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია.
2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ,,ენერგოგენერაცია“, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება და ორგანიზება;
ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის შეხვედრების, თათბირების, სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და პროტოკოლის საქმიანობა;
ვ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ი) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
კ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ნ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ენერგეტიკული დარგების მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი თავისი კომპეტენ-ციის ფარგლებში;
დ) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად ენერგეტიკის დარგში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის დარგის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ე) ენერგეტიკის დარგში მიზნობრივი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და მათი ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ენერგეტიკის დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
ლ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;
მ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;
პ) საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;
ჟ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში);
გ) სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) სხვადასხვა პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
6. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ენერგეტიკის დარგში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა;
დ) ენერგეტიკის დარგში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
7. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის ლიცენზიატებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ზ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
9. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმათველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა, მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;
ზ) მინისტრის დავალების საფუძველზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა იმ ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება, ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრისა და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 9 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები