დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 287 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021304 |
|
„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2017, 300160070.10.003.020186) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოები ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლს ახდენენ ერთობლივად, შრომის/ტექნიკური/მშენებლობის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების ფარგლებში, ზედამხედველობა ხდება მხოლოდ ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით: ა) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები − აკონტროლებენ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 − მე-10 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი − აკონტროლებს ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, მე-11−მე-14 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი − დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მიწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.“. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამსაქმებელი ვალდებულია, გამოყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისას დაიცავს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები