„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.021291
275
12/06/2019
ვებგვერდი, 12/06/2019
040170020.10.003.021291
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2019 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040170020.10.003.017740) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

 

1. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“:

 

ა) მე-2 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში − დაწესებულება) – საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში − სსიპ), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში − ა(ა)იპ), 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;“;

„ე) გათანაბრებული თანამდებობის პირი − აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელსაც განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“;

 

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 6. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის.

3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი,  ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

4. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი − ჰიბრიდი), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.

5. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა  და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ზღვრული ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლების ხარჯი;

თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;

კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

6. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის.

7. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში,   მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა − სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა − სულ მცირე, ოთხჯერ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ  არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

9. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული  ფლობის ღირებულებაში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

11. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი), ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში.

12. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.

13. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს.

14. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.

15. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

16. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას − ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

17.  ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევასა და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით.

18. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული  ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ფასი).

19. მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

20. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: I, II, III, IV კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                                                                                                                     

     „დანართი

 

კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

მუხლი 1. ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მისი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს.

მუხლი 2. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

მუხლი 3

1. IV კლასის ავტომობილი გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:

ა) საკურიერო-საფელდეგერო;

ბ) მცირე მომარაგების;

გ) ქალაქის შიგნით თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის.

2. IV კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ის შესაბამისად.

3. IV კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 19000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 4

1. III კლასის მსუბუქი ავტომობილი გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:

ა) ზოგადი დანიშნულებით:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ბ) განპიროვნებული:

ბ.ა) რეგიონული და/ან რაიონული/მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

ბ.ბ) სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილისთვის ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირისთვის, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

ბ.გ) სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილისთვის ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირისთვის, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

ბ.დ) სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დეპარტამენტის უფროსისთვის ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირისთვის, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთეულს.

2. III კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №2-ის შესაბამისად.

3. III კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №3-ის შესაბამისად.

5. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 5

1. II კლასის ავტომობილი განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

ა) დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

ბ) სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

გ) რეგიონული და/ან რაიონული/მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

დ) სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე, თუ საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთეულს.

2. II კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №4-ის შესაბამისად.

3. II კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 26600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია − ცხრილი №5-ის შესაბამისად;

5. II კლასის  მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 32500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 6

1. I კლასის ავტომობილი განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

ა) მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;

დ) სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა აღემატება 500 საშტატო ერთეულს.

2. I კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილ №6-ის შესაბამისად.

3. I კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 35300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. I კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილ №7-ის შესაბამისად.

5. I კლასის  მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 50200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

შენიშვნა: I კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი ასევე შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ზამთრის პერიოდში, ასევე მძიმე რელიეფური პირობებისათვის. სეზონური ავტომობილის საჭიროების დადგენა ხდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით.

მუხლი 7

1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:

ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ) პიკაპი;

გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით.

2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილ №8-ის შესაბამისად.

3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

მუხლი 8. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

მუხლი 9. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

მუხლი 10. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება  ელექტრომობილების შესყიდვაზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის №1 – №8 ცხრილები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
საქართველოს სამინისტროებმა 2020 წლის 30 აპრილამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას წარუდგინონ სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმები.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე