„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 06/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021282
265
06/06/2019
ვებგვერდი, 10/06/2019
040030000.10.003.021282
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №265

2019 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საზოგადოების კაპიტალში შენატან(ებ)ის (მათ შორის, ფულადი შენატან(ებ)ის) შეტანა და საზოგადოების კაპიტალიდან ქონების ამოღება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  საწარმოს იურიდიული მისამართი – ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, თბილისი, საქართველო.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი წესით კერძო სექტორიდან მოწვეული არაუმეტეს 4 პირისა.

2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

3. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:

ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ, განსაზღვროს/ მოიწონოს პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი და მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილება;

ბ) განახორციელოს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგი;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის კაპიტალში არსებული კომპანიების წილების გირავნობის შესახებ;

დ) მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ აქციათა რეესტრის წარმოებისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;

ე) მისცეს გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) ამა თუ იმ პირს. პროკურა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა);

ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი შესათანხმებლად წარუდგინოს პარტნიორს;

ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ, ხოლო ფონდის საკუთრებაში არსებული იმ წილის/აქციების გასხვისების შესახებ, რომელიც ფონდის კაპიტალში შეტანილია სახელმწიფოს მიერ ამ წესდების ან/და საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღოს პარტნიორთან შეთანხმებით.

4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს სხდომაზე განხილვის შემდეგ. სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს აგრეთვე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ან გადაწყვეტილების პროექტის შემოტარების გზით. სამეთვალყურეო საბჭოს ამ წესდებით განსაზღვრული წესით, აგრეთვე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებით საჭიროა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.

5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – ინიციატორი) უფლებამოსილია, მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. მოწვევა ხდება წერილობით ან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხორციელებული შეტყობინების ფორმით, რომელშიც მიეთითება სავარაუდო დღის წესრიგი. შემოტარების წესით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოწვევის წერილობითი შეტყობინება არ ხორციელდება. სხდომის ჩატარების ფორმას ირჩევს ინიციატორი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ შეიძლება იქნენ წარმოდგენილი სხვა პირებით, მათ შორის, სხვა წევრებით.

6. შემოტარების წესით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის შემოტარების გზით ხელმოწერით. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ოქმის ხელმოწერის დღეს. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ოქმი წარდგენილ, უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა (გარდა თავმჯდომარისა) რაოდენობის არანაკლებ ნახევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ.

7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია საბჭოს მოქმედ წევრთა რაოდენობის ნახევარი მაინც, სადაც გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების უმრავლესობით, გარდა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევისა, როდესაც გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. წერილობითი შეტყობინებით მოწვევის გარეშე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარებისას, გადაწყვეტილების ელექტრონული წესით ან შემოტარების წესით მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისია საბჭოს მოქმედი წევრების რაოდენობის ნახევარზე მეტის ხელმოწერა (ელექტრონული დასტური – „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებისას). წევრის ხელმოწერა შესაძლებელია შესრულდეს აგრეთვე ფაქსიმილეს გამოყენებით. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს შეუძლია, არა უგვიანეს 8 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა რაოდენობის მესამედი მაინც. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა.

8. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის კონტროლი;

ბ) ფონდის ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და შემოწმება;

გ) ფონდის მთავარი აღმასრულებლის (აღმასრულებელი დირექტორის) თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება, ამასთან, აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურისა და წევრთა რაოდენობის შეთანხმება;

დ) აღმასრულებელი ორგანოს წევრ(ებ)ისთვის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭება და გაუქმება, უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა.

9. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ამოცანები და კომპეტენცია შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ.“;

გ) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ელექტრონული წესით გადაწყვეტილების მიღების წესი

1. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – პროექტი)  ელექტრონული ფორმით სამეთვალყურეო საბჭოს წე­ვ­რებს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – წევრები) შესათანხმებლად უგზავნის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით გათვალისწინებული „ელექ­ტ­რო­ნული მთავრო­ბის“ პროგ­რამის მეშვეობით. ამ პროგრამის გამოყენების მიზნებისთვის პროგრამაში იქმნება ცალკე ჯგუფი, რომელთან წვდომაც მომხმარებლის სახით ექნებათ შემდეგ პირებს:

ა) ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეს;

ბ) წევრებს;

გ) მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირ(ებ)ს.

2. წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:

ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;

ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ მიიჩნევა მასთან შეთანხმებულად.

4. პროექტი შეთანხმებულად მიიჩნევა, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ნახევარზე მეტი რაოდენობის წევრთა დადებითი პოზიცია. ამ პროცედურის გაუვლელობა არ ზღუდავს უფლებას, ხელახლა აიტვირთოს იგივე პროექტი.

5. წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ფონდი, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, დააკორექტიროს პროექტი, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, ატვირთოს პოზიცია, რომელშიც აისახება ფონდის არგუმენტები და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა წევრისთვის.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პროექტი განიხილება და მიიღება ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით, რა დროსაც წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ამ პუნქტის შესაბამისად პროექტის ატვირთვიდან 48 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“).

7. წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი მიიჩნევა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულად და იგი წარედგინება პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ხელმოსაწერი დედანი სამ ეგზემპლარად, მატერიალური ფორმით (წერილს თან უნდა დაერთოს გადაწყვეტილების განხილვის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, წარდგენილი პროექტები), რომელიც ამოიბეჭდება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამიდან) წარედგინება პრემიერ-მინისტრს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ან მისი მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილით. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მატერიალურ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მისი მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. ხელმოწერილ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ფონდი რეკვიზიტებს (გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი) ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს და წერილობით უგზავნის მთავრობის ადმინისტრაციასა და წევრებს. ამასთან, ფონდი იტოვებს გადაწყვეტილების ორ დედანს, მესამე დედანი ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ხოლო წევრებს ეგზავნებათ გადაწყვეტილების ასლი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია, გამოისახოს აგრეთვე ფონდის ლოგო. გადაწყვეტილების გამოცემის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესით.“.

მუხლი 2
1. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეყვანის მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდმა“ 3 თვის ვადაში წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებები შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით.

2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის ახალი წარმომადგენლების შეყვანამდე კერძო სექტორის წარმომადგენელთა მოქმედ შემადგენლობას შეუწყდეს უფლებამოსილება ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მართვის ხელშეკრულების მხარედ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე