„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16415
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 23/05/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 23/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016497
16415
23/05/2019
ვებგვერდი, 24/05/2019
000000000.00.00.016497
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №16415

2019 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“.

ბ) ბრძანების მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ განცხადება – დანართი №7;

ზ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესი – დანართი №8;

თ) მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით შეტყობინების ფორმა – დანართი №9.“.

გ) დანართი №7-ის შემდეგ დაემატოს დანართი №8 და დანართი №9 თანდართული რედაქციით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 14 იანვრის №423 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი  ვახტანგ ლაშქარაძე

„დანართი №8

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან (შემდგომში – ოქმის პროექტი) დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე (შემდგომში – სათათბირო საბჭო) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის წერილობითი/ელექტრონული პოზიციის (შემდგომში – გადამხდელის პოზიცია) განხილვის პროცედურებს.

2. სათათბირო საბჭოს რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მისი არყოფნის შემთხვევაში, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას, სათათბირო საბჭოზე განსახილველი გადამხდელთა პოზიციების (დღის წესრიგის) მომზადებას და განხილვის ოქმების (შემდგომში - სხდომის ოქმი) სისტემატიზაციას წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველო (შემდგომში - სამართლებრივ საკითხთა სამმართველო).

5. სათათბირო საბჭო კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს ოქმის პროექტთან დაკავშირებით, დეპარტამენტის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე წარდგენილ გადასახადის გადამხდელის დასაბუთებულ პოზიციას, რომლითაც იგი სრულად ან ნაწილობრივ (ცალკეული ეპიზოდების მიხედვით) არ ეთანხმება ოქმის პროექტს (განხორციელებული მიმდინარე კონტროლის დროს გამოვლენილ შედეგებს) სათანადო საფუძვლებზე მითითებით.

 მუხლი 2. სათათბირო საბჭოს მუშაობის წესი

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ოქმის პროექტს გასაცნობად უგზავნის გადასახადის გადამხდელს და ატყობინებს (№9 დანართის შესაბამისად), რომ მას აქვს უფლება, საწინააღმდეგო პოზიციის არსებობის შემთხვევაში, ოქმის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარმოადგინოს წერილობითი/ელექტრონული პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებთან ერთად.

2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ოქმის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან ელექტრონული ფოსტით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით შესაბამის მასალებთან/მტკიცებულებებთან ერთად (ასეთის არსებობისას) ან მიმართოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით, კონკრეტული ვადისა და კონკრეტული საფუძვლების მითითებით.

3. გადასახადის გადამხდელის პოზიცია ან ვადის გაგრძელების შესახებ მიმართვა ვადაში წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ჩაბარდა ფოსტას ან წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული გადასახადის გადამხდელის პოზიციას ან მიმართვას ვადის გაგრძელებაზე, თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობისას) დაუყოვნებლივ უგზავნის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

4. გადასახადის გადამხდელის პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების თაობაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეცნობება სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს მიერ წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, და სხვა).

5. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, პოზიციასთან ერთად, სათათბირო საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების ვადის გაგრძელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

7. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის პოზიციის და თანდართული მასალების მიწოდებას სათათბირო საბჭოს შემადგენლობისთვის.

8. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს სხდომის თარიღს, მაგრამ არაუგვიანეს გადამხდელის პოზიციის მიღების დღიდან 15 სამუშაო დღისა. სხდომის თარიღს ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო აცნობებს გადასახადის გადამხდელს (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), სათათბირო საბჭოს წევრებს, მიმდინარე კონტორლის პროცედურების განმახორციელებელ პირს და სხვა მოწვეულ პირებს (ასეთის არსებობისას) სხდომამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე.

9. სათათბირო საბჭოს წევრმა, გადასახადის გადამხდელმა/წარმომადგენელმა ან/და სხვა მოწვეულმა პირმა (ასეთის არსებობისას) შესაძლებელია სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

10. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში შესაძლებელია მონაწილეობდეს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (შემდგომში – ოფიცერი) ან/და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კერძო საგადასახადო ინსპექტორი უშუალოდ ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ვიდეო ჩართვის გზით).

11. გადასახადის გადამხდელის პოზიცია სათათბირო საბჭოზე არ განიხილება (გარდა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) თუ სახეზეა ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი პირობა:

ა) გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) წარდგენილია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება ოქმის პროექტთან დაკავშირებით პოზიციის წარდგენის განზრახულობის ან წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ და არ არის მითითებული მისი წარდგენის კონკრეტული ვადა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში არ არის წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

გ) გადასახადის გადამხდელის პოზიცია ან მასზე თანდართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე და არ არის წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;

დ) გადასახადის გადამხდელი სრულად ეთანხმება ოქმის პროექტს;

ე) გადასახადის გადამხდელის პოზიცია წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 მუხლი 3. სათათბირო საბჭოს სხდომა

1. სათათბირო საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სათათბირო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. სათათბირო საბჭო საკითხის განხილვისას ვალდებულია დაეყრდნოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, აგრეთვე სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

4. სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის პოზიცია, მათ მიმართ შედგენილი ოქმების პროექტებთან დაკავშირებით.

5. სათათბირო საბჭოს წევრის, გადასახადის გადამხდელის (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას), სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლის, ოფიცრის ან/და სხვა მოწვეული პირის (ასეთის არსებობისას) მიერ სათათბირო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მონაწილეობისას – ტექნიკური ხარვეზის გამო), საკითხის განხილვა შესაძლებელია გადაიდოს, თუ შესაბამისი პირის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და საკითხის ობიექტურად გადაწყვეტას. ამ შემთხვევაში, ინიშნება საკითხის დამატებითი განხილვა სათათბირო საბჭოს თავჯდომარის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, რაზედაც ფორმდება სხდომის ოქმი. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ საკითხთა სამმართველო აცნობებს გადასახადის გადამხდელს წერილობით ან ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და სხვა).

6. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაესწროს სათათბირო საბჭოს სხდომას) შესაძლებელია, საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.

7. განსახილველი საკითხის სირთულისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი და სხვა სათანადო პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება.

8. სათათბირო საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას განსახილველი საკითხის შესახებ წარადგენს სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი.

9. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება გადასახადის გადამხდელის გარეშე, მხოლოდ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის (ოფიცერი, კერძო საგადასახადო ინსპექტორი) და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს იმ თანამშრომლის მონაწილეობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა საკითხის შესწავლა. განსახილველი საკითხის შესახებ, მათ მიერ სათათბირო საბჭოს წევრებს წარედგინებათ ინფორმაცია და მტკიცებულებები (ასეთის არსებობისას), აგრეთვე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც განხილვაში ერთვება გადასახადის გადამხდელი (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას).

10. სათათბირო საბჭო მოისმენს გადასახადის გადამხდელის ზეპირ განმარტებას სადავო საკითხთან დაკავშირებით თითოეული ეპიზოდის მიხედვით (თუ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი ესწრება სათათბირო საბჭოს სხდომას), რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელი დროებით ტოვებს სათათბირო საბჭოს სხდომას.

11. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება სათათბირო საბჭოს სხდომაზე დამსწრე სათათბირო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ამასთან, დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

12. გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით სათათბირო საბჭო განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს (ასეთის არსებობისსას) და სათათბირო საბჭოს თითოეული წევრის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციების შეჯერებისა და კოლეგიური თათბირის შემდეგ, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე, უფლებამოსილია:

ა) დააკმაყოფილოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

გ) არ დააკმაყოფილოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

დ) განუხილველად დატოვოს გადასახადის გადამხდელის პოზიცია;

ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვა;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.

13. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ცხადდება სხდომაზე. სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვის შედეგების შესახებ, ფორმდება სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ამზადებს სამართლებრივ საკითხთა სამმართველო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

14. სხდომის ოქმს ხელს აწერს სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე სათათბირო საბჭოს თითოეული წევრი.

15. სხდომის ოქმი შეიძლება მომზადდეს როგორც მატერიალური (წერილობითი), ისე ელექტრონული ფორმით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ცენტრალურ აპარატში და სისტემაში შემავალ ზოგიერთ ორგანოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად. სხდომის ოქმზე ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონულად ვიზირება), თუ ხელმომწერის მიერ ოქმში შენიშვნის სახით არ არის დაფიქსირებული განხილულ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია, ვიზირება ნიშნავს ოქმში ასახულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე თანხმობას.

16. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის სათაური;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი და თარიღი (რიცხვი,თვე,წელი);

გ) სათათბირო საბჭოს სხდომის თავჯდომარის, განხილვაში მონაწილე საბჭოს წევრთა, საბჭოს სხდომის მდივნის, მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა;

დ) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, წარმომადგენლის ან/და მოწვეული სხვა პირების მონაცემები (ასეთის არსებობისას);

ე) განხილული საკითხის თითოეული ეპოზოდის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პოზიციის მოკლე შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) სხვა ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში.

17. სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება გადასახადის გადამხდელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

18. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის აქტუალობისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაიცეს ზეპირი დავალება შესაბამისი სიტუაციური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადების თაობაზე.

 მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ან/და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალებით, ოქმის პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისაგან განსხვავებული წესით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში (საკითხის სირთულიდან გამომდინარე) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სათათბირო საბჭო განიხილავს:

ა) შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში მისაღებ/მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებს;

ბ) დეპარტამენტში შემოსულ ცალკეულ საკითხებს ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომისა და სათანადო რეკომენდაციის შემუშავების მიზნით.“.

„დანართი №9

„–––––––––––––––––––––––“ –––––––––––––––

გადამხდელის დასახელება საიდენტ./პირადი ნომერი

მის: ––––––––––––––––––––––––––––

შეტყობინება

მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე

შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით

გასაცნობად გეგზავნებათ „––––––––––“–--ის 20–– წლის „ ––––– “ „ ––––––––––– “- ის

გადამხდელის დასახელება, რიცხვი, თვე

 

მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი.

თქვენ უფლება გაქვთ, მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 68ა/სიმონ ჩიქოვანის №2) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარადგინოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თქვენი/თქვენი წარმომადგენლის მონაწილეობით. საბჭოს სხდომის თარიღისა და დროის შესახებ გეცნობებათ დამატებით.

მითითებულ ვადაში პოზიციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი გაფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით და თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გამოიყენოთ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით მონიჭებული უფლება.

დანართი: მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი --- ფურცლად.

–––––––––––––––––––––––––––––

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

–––––––––––––––––––––––––––––

გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/“.