საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016712
21
22/05/2019
ვებგვერდი, 23/05/2019
040030000.22.026.016712
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №21

2019 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016299) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპიუტერული ინციდენტების, სისუსტეებისა და მტკიცებულების დამუშავება, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და კორდინაცია;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) კომპიუტერული ინციდენტების, სისუსტეების შესწავლა, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და მისი კოორდინაცია;“.

2. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტი;

ბ) საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება.“.

4.  მე-9 მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტი

1.  კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების კონტროლისა და აუდიტის სამმართველო;

ბ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველო;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და რისკების შეფასების სამმართველო;

დ) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის განყოფილება.

2. კიბერუსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული სისტემების ტესტირება, ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების შემოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის რეკომენდაციებისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) კომპიუტერული ინციდენტებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების  იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

დ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა, რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სტანდარტების დანერგვა;

ვ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია;

ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია, ანალიზი და ამგვარი ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა;

თ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელება;

ი) რისკების ანალიზი, არსებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების მოწყვლადობების დადგენისა და საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით;

კ) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადება;

ლ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებთან.

3. ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება, სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) ინფორმაციული და კომუნიკაციების სისტემების ტესტირება, სისუსტეების შესწავლა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

ე) ინფორმაციული და კომუნიკაციების სისტემების  ინფრასტრუქტურული და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისას უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;

ვ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია;

ზ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმიზაციის მიზნით დახმარების გაწევა;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა;

ი) ბიუროს ვებ-გვერდის ადმინისტრირება;

კ) ბიუროში ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების  სამმართველოს ფუნქციებია:   

ა) კიბერშეტევების და კომპიუტერული ინციდენტების  დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) კომპიუტერული ინციდენტებზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია;

გ) კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;

დ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების დანერგვაში დახმარების გაწევა;

ე) განხორციელებული კიბერშეტევებისა და კომპიუტერული ინციდენტების შესწავლა და ანგარიშის მომზადება;

ვ) კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირებისა და კვლევისათვის აუცილებელი მონიტორინგის სისტემების დანერგვა და მართვა;

ზ) კომპიუტერულ და  ქსელურ ინფრასტრუქტურაში არსებული სხვადასხვა რისკის შემცველი ჯგუფების კატეგორიზაცია და მონიტორინგი;

თ) კიბერსავარჯიშოების მეშვეობით სხვადასხვა ტიპის და სირთულის კიბერშეტევების და კომპიუტერული ინციდენტების მოდელირება;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა;

კ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგნებზე წვდომა (თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე სათანადო რეაგირებისათვის);

ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი უსაფრთხოების სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა;

ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

5. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და რისკების შეფასების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაციის (პოლიტიკის, პროცედურების, სახელმძღვანელოების) მომზადება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;

ბ) რისკების მართვის მეთოდოლოგიების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და დანერგვა;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;

ე) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესში შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა;

ვ) ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება;

ზ) თავდაცვის სფეროს ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

თ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტის შეფერხების ან/და მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმისა და მასშტაბის განსაზღვრა;

ი) თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებთან ან/და კომპიუტერულ ინციდენტებთან დაკავშირებულ მოვლენათა სავარაუდო განვითარების სცენარების დამუშავება და შესაბამისი მოქმედების სარეზერვო გეგმების და პროცედურების გაწერა;

კ) კომპიუტერული ინციდენტებისაგან დაცვის ახალი მეთოდების შემუშავებისათვის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;

ლ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით  სიტუაციურ სცენარებზე მორგებული კიბერსავარჯიშოების ჩატარება და საგანმანათლებლო/ ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელება;

მ) ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატებში მონაწილეობა;

ნ) საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატების შემუშავებასა და განხორციელებაში, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

ო) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;

პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

6. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გავრცელება, ასევე ინოვაციური იდეების მოძიება და სათანადო  ღონისძიებების დაგეგმვა; 

ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის კიბერუსაფრთხოების კუთხით სატრენინგო მასალებისა და ტესტების შემუშავება;

გ)  სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგების ჩატარება;

დ)  სამინისტროს სისტემაში განხორციელებული კიბერინციდენტების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;

ე) ბიუროს მიერ სიმულაციური სწავლების შედეგად მიღებული შედეგების ანალიზის მიხედვით, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება;

ვ) ღია წყაროების მონიტორინგის მეშვეობით, კიბერსივრცეში არსებული ტენდენციებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ანალიტიკური მასალის მომზადება;

ზ) კიბერსივრცეში მომხდარი მნიშვნელოვანი სიახლეებისა ან ინციდენტების შესახებ, პერიოდული საინფორმაციო კიბერდაიჯესტის მომზადება და შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისათვის მიწოდება;

თ) თავდაცვის სფეროში განხორციელებული კიბერინციდენტების ანალიზი და დამუშავება;

ი)  სამინისტროს სისტემაში ჩასატარებელ სხვადასხვა სწავლებების დაგეგმვაში მონაწილეობა;

კ) კიბერშეტევის ან/და კომპიუტერული ინციდენტების არსებობისას უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;

ლ) ბიუროში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) შესაძლო კიბერსაფრთხეების შესახებ მომხმარებელთა გაფრთხილება და მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ნ) საინფორმაციო მომსახურება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;

ო) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის დამუშავება;

პ) კიბერშეტევებისა ან/და კომპიუტერული ინციდენტების დროს გამოყენებული  კიბერსაშუალებების სპეციფიკის შესწავლა, ინფორმაციის შეკრება და ანალიზი;

ჟ) მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების კიბერშეტევითი  შესაძლებლობების შესწავლა, ინფორმაციის სისტემატური შეკრება  და ანალიზი;

რ) ბიუროს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგი,  ბიუროს ცხელი ხაზის ელექტრონულ მისამართზე შემოსული კორესპონდენციის მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ს) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 10. საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო

საფინანსო და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის  საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ)  ბიუროს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის  მართვა;

გ) სახელმწიფო  შესყიდვების ორგანიზება;

დ) ბიუროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

ე) ბიუროს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ზ) ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

თ) ბიუროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ი) საბუღალტრო დოკუმენტების  და სააღრიცხვო რეგისტრების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

კ) ბიუროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი აქტივის შეფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების, მათ შორის ხელშეკრულების  პროექტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება;

ნ) ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა და ჩამოწერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) ბიუროს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, საწვავით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით და მათი ხარჯვის კონტროლი;

პ) ბიუროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, ბიუროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

ჟ) ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) საჭიროებისამებრ ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ს) ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ტ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

უ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის  საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვა;

დ) საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;

ე) საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ვ) ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ზ) ბიუროს მიერ გამოსაცემი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა,  მათი ვიზირება;

თ) ბიუროს წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე;

ი) ბიუროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენა, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, დარღვევის ფაქტების პრევენცია, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენა;

კ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების ანალიზი. ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების მომზადების მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ლ) კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი  მომზადება და ექსპერტიზა;

მ) ბიუროს ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი, არქივის მართვა, კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო  საქმისწარმოებისა  და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება;

ნ) ბიუროს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;

ო) საკონტროლო დავალებების და  ბიუროს დირექტორის სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმება და კონტროლი;

პ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება და შესრულების კონტროლი;

ჟ) ბიუროს საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების: სტაჟირება, პრაქტიკა, დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;

ს) პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და  შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ტ)  ბიუროს დებულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განსახორციელებლად  საშტატო ნუსხის,  საკვალიფიკაციო მოთხოვნების და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება;

უ) ბიუროს თანამშრომლების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;

ფ) ბიუროს თანამშრომლების სამუშაოს შესრულების შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;

ქ) ბიუროს ადამიანური რესურსების რაოდენობრივი შემადგენლობის და მონაცემების აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, ადამიანური რესურსების  მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება;

ღ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ყ) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება; 

შ) ბიუროს თანამშრომელთა სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ჩ) ადამიანური რესურსების თანამედროვე მიდგომების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ექსპერტების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ც) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, პოლიტიკების შემუშავება, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების ინიცირება;

ძ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

წ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 12. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება

განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციებია:

ა) კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი, ახალი პროექტები, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ბიუროს საგარეო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო კავშირების კოორდინაციის უზრუნველყოფა: ეროვნულ კიბერაქტორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება, ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობა, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა/კოორდინაცია, ევროკავშირთან და რეგიონალურ ფორმატში თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

გ) ბიუროს სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების წარმართვა, სასწავლო კურსების და ტრენინგების მოძიების და  განხორციელების მიმართულებით;

ვ) სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების და კიბერსავარჯიშოების ორგანიზება და დაგეგმარება;

ზ) სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) ბიუროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ი) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიუროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

კ) ბიუროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება;

ლ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

მ) ბიუროს განვითარების უზრუნველსაყოფად დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;

ნ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

5. მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შემუშავება;“.

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის  1 ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი