დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4605-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016057 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 228-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2019 წლის 10 მაისამდე: ა) პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურების წარდგენიდან 14 დღის ვადაში 3 წლით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა; ბ) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 მარტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლით დადგენილი წესით; გ) თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა ან დაიკავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, პარლამენტის ინიციატივით ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე მას უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით; ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“. 2. 230-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ რეგლამენტის 169-ე და 181-ე მუხლები და 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 8 მაისი 2019 წ. N4605-რს |
დოკუმენტის კომენტარები