დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016487 |
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №9 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 08/02/2018, 010260020.35.153.016403) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და
ინსპექტირების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს დებულება განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) პირველადი სტრუქტურულ ერთეულის, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრას და დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას, არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას, აგრეთვე ფინანსური სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების მართვის გაუმჯობესებას, ხარჯვის და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითების, სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. სამსახური თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად. 5. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა. სამსახურის მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 6. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; დ) შიდა აუდიტის წლიური, სტრატეგიული გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში (მოთხოვნის შესაბამისად); ვ) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება და შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა; ზ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; თ) მერიის სისტემასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი და შეფასება; ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ლ) მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია, მერისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; მ) მერიის მოხელეთა მხრიდან დისციპლინის, კანონიერების დაცვაზე სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. დარღვევის ფაქტის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ნ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება; ო) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის მერისთვის მიწოდება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ. |
მუხლი 3.
სამსახურის უფლებამოსილებანი |
სამსახური უფლებამოსილია:
ა) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში განახორციელოს კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდებო ქმედებები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, განცხადებები და საჩივრები; გ) მერიის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მერის წინაშე დააყენოს საკითხი დამრღვევის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევის თავიდან აცილების მიზნით; დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან/და საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში, მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო დოკუმენტური ან/და სხვა სახის ინფორმაცია, ზეპირი თუ წერილობითი ფორმით, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა. გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან/და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; ე) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
მუხლი 4.
სამსახურის მოვალეობები |
სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, წინამდებარე დებულების მოთხოვნები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე, შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიზანშეწონილია მყისიერი შემოწმების ჩატარება შესამოწმებელი ობიექტის წინასწარი ინფორმირების გარეშე; გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, შუალედური სახით, გადაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარუდგინოს მერს და აუდიტის ობიექტს; ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს და ჰარმონიზაციის ცენტრს, ყოველი მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე; ვ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას აწვდის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შესახებ; ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. |
მუხლი 5.
სამსახურის სტრუქტურა |
სამსახური შედგება სამი განყოფილებისგან:
ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) მონიტორინგის განყოფილება; გ) ინსპექტირების განყოფილება. |
მუხლი 6.
სამსახურის ხელმძღვანელი |
1. სამსახურის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შევებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას, უნაწილებს მათ ფუნქციებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ახორციელებს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენას; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს მერს; ზ) მერს წარუდგენს შუამდგომლობას სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოგოლოგიის გამოყენებაზე; კ) უზურნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის,ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ლ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციას და ინფორმაციას; მ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს; ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ო) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; პ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
მუხლი 7.
სტრუქტურული ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელი |
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებების საქმიანობას წარმართავს განყოფოლების ხელმღვანელი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას, პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის; გ) განყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე; დ) განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
მუხლი 8.
შიდა აუდიტის განყოფილება |
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელებას; ბ) მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას; გ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. |
მუხლი 9.
მონიტორინგის განყოფილება |
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შიდა აუდიტის მიერ განხორციელებული აუდიტორული შემოწმებების შედეგად გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგს და შესაბამისი რეესტრის წარმოებას; ბ) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მონიტორინგის განხორციელების ვადების, ფორმების და მეთოდების შესახებ; გ) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამის ანგარიშის წარდგენას; დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. |
მუხლი 10.
ინსპექტირების განყოფილება |
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის მოხელეთა მხრიდან დისციპლინისა და კანონიერების დაცვაზე სამსახურებრივ კონტროლს, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას; ბ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მერიის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას; გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. |
მუხლი 11.
დასკვნითი დებულებები |
1. დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები