საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 180/2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016573
180/2
14/03/2018
ვებგვერდი, 17/04/2019
480610000.03.030.016573
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეთანხმება
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

საქართველო და საუდის არაბეთის სამეფო, სურთ რა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება

  1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
  2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
  3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
  1. საქართველოს შემთხვევაში:
  1. მოგების გადასახადი;
  2. საშემოსავლო გადასახადი;
  3. ქონების გადასახადი;

   (შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).

  1. საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში:
  1. ზაკატი;
  2. საშემოსავლო გადასახადი, ბუნებრივი აირის საინვესტიციო გადასახადის ჩათვლით;

    (შემდგომში „საუდის გადასახადი”).

  1. ამ შეთანხმების დებულებები ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

  1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
  1. საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
  2. ტერმინი “საუდის არაბეთის სამეფო” ნიშნავს საუდის არაბეთის ტერიტორიას, რომელიც ასევე მოიცავს მის ტერიტორიულ წყლების ფარგლებს გარეთ არსებულ სივრცეს, რომლის მიმართ საუდის არაბეთი ახორციელებს სუვერენულ და იურისდიქციულ უფლებებს მისი წყლების, ზღვის ფსკერის, წიაღისა და ბუნებრივი რესურსების მიმართ, თავიანთი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში;
  3. ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან საუდის არაბეთის სამეფოს, კონტექსტის შესაბამისად;
  4. ტერმინი “პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ქვედანაყოფებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ჩათვლით;
  5. ტერმინი “კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
  6. ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი  სახელმწიფოს  საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
  7. ტერმინი “საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას  საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ეფექტური მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
  8. ტერმინი “ნაციონალური პირი” ნიშნავს:
  1. ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან ეროვნება;
  2. ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.
  1. ტერმინი “კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
  1. საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
  2. საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა მინისტრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.

მუხლი 4

რეზიდენტი

  1. ამ შეთანხმების მიზნებისთვის ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს:
  1. ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, რეგისტრაციის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;
  1. იურიდიულ პირს, რომელიც შეიქმნა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე და არ ექვემდებარება დაბეგვრას ან, როგორც წესი, გათავისუფლებულია გადასახადისგან ამ სახელმწიფოში, და რომელიც დაარსდა ან იმართება ამ სახელმწიფოში:
  1. რელიგიური, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სხვა მსგავსი მიზნებისთვის; ან
  2. უზრუნველყოფს პენსიების ან სხვა მსგავსი სარგებლის გაცემას თანამშრომლებისთვის.

ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
  1. ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
  2. თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
  3. თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
  4. თუ ის  არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
  1. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ეფექტური მართვის ადგილი.

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

  1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
  2. ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ:
  1. მართვის ადგილს;
  2. ფილიალს;
  3. ოფისს;
  4. ქარხანას;
  5. სახელოსნოს, და
  6. ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
  1. ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ასევე მოიცავს:
  1. სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, საამწყობო ან სამონტაჟო ობიექტს ან მათთან დაკავშირებულ საზედამხედველო საქმიანობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოედანი, პროექტი ან საქმიანობა ხორციელდება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;
  2. მომსახურების გაწევას, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, რომელსაც ამგვარ საქმიანობაში ჩართული საწარმო გაუწევს თავისი თანამშრომლების ან ამ მიზნებისთვის ამ საწარმოს მიერ მოწვეული პერსონალის მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საქმიანობა ამ სახელმწიფოში ხორციელედება (იმავე ან დაკავშირებულ პროექტებთან მიმართებით) პერიოდით ან პერიოდები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში. 
  1. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს:
  1. შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;
  2. საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;
  3. საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
  4. საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
  5. საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
  1. ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a) e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
  1. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის გაწეულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირს:
  1. გააჩნია და ჩვეულებრივი იყენებს საწარმოს სახელით ხელშემკვრელ სახელმწიფოში კონტრაქტების დადების უფლებამოსილებას, თუ ამგვრი საქმიანობა არ შემოიფარგლება ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის  ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად; ან
  2. არ გააჩნია ამგვარი უფლებამოსილება, მაგრამ ჩვეულებრივ უზრუნველყოფს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში საქონლის ან პროდუქციის მარაგის დასაწყობებას, საიდანაც ის რეგულარულად ახორციელებს საწარმოს კუთვნილი საქონლის ან პროდუქციის მიტანას. 
  1. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
  2. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  2. ტერმინს “უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ეს ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.
  4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე.

მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება (a) ამ მუდმივ დაწესებულებას; (b) ამ მუდმივი დაწესებულების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გაყიდული საქონლის ან პროდუქციის იმავე ან მსგავსი საქონლის ან პროდუქციის რეალიზაციას; ან (c) ამ მუდმივი დაწესებულების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის იმავე ან მსგავსი ხასიათის მქონე საქმიანობას.
  2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.
  3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. ამასთან ამგვარი გამოქვითვა არ დაიშვება იმ თანხებთან მიმართებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც მუდმივი დაწესებულება უხდის (რეალურად გაწეული ხარჯების ანაზღაურების გარდა) საწარმოს სათავო ოფისს ან მის ნებისმიერ სხვა ოფისებს როიალტის, საფასაურის ან მსგავსი ხასიათის გადახდების სახით, რომელიც დაკავშირებულია პატენტების ან სხვა უფლებების სარგებლობასთან, ან გაწეულ კონკრეტულ მომსახურებასთან ან მენეჯმენტთან საკომისიოს სახით, ან, საბანკო საქმიანობის გარდა, სავალო მოთხოვნასთან დაკავშირებული შემოსავლის სახით, რომელიც უკავშირდება მუდმივი დაწესებულებისთვის სესხის სახით გაცემულ თანხებს. ანალოგიურად, მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული თანხები, რომელსაც მუდმივი დაწესებულება იღებს (რეალურად გაწეული ხარჯების ანაზღაურების გარდა) საწარმოს სათავო ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისებისგან როიალტის, საფასაურის ან მსგავსი ხასიათის გადახდების სახით, რომელიც დაკავშირებულია პატენტების ან სხვა უფლებების სარგებლობასთან, ან გაწეულ კონკრეტულ მომსახურებასთან ან მენეჯმენტთან საკომისიოს სახით, ან, საბანკო საქმიანობის გარდა, სავალო მოთხოვნასთან დაკავშირებული შემოსავლის სახით, რომელიც უკავშირდება საწარმოს სათავო ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისთვის სესხის სახით გაცემულ თანხებს.
  4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; ამასთან განაწილების მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი შესაბამისობაში მოდიოდეს ამ მუხლის პრინციპებთან.
  5. წინა პუნქტების მიზნებისთვის, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.
  6. ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს ხელშემკრელ სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს არარეზიდენტების მიერ სადაზღვეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადების დაწესების საკითხს.
  7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.

 

მუხლი 8

საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი

  1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.
  2. თუ სანაოსნო საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ სახელმწიფოში მდებარედ, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს გემის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი.
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
  2. ერთი და იმავე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,

და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

  1. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იმავე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

მუხლი 10

დივიდენდები

  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანობი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვის გამოყენების საკითხს.

  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობისთვის გადახდილი დივიდენდები დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი „მთავრობა“ მოიცავს:
  1. საქართველოს შემთხვევაში:
  1. მთავრობას, ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს;
  2. საქართველოს ეროვნულ ბანკს; და
  3. ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელსაც სრულიად ფლობს მთავრობა;
  1. საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში:
  1. საუდის არაბეთის მონეტარულ სააგენტოს (SAMA);
  2. საუდის განვითარების ფონდს;
  3. საჯარო საინვესტიციო ფონდს;
  4. საჯარო საპენსიო სააგენტოს;
  5. სოციალური დაზღვევის გენერალურ ორგანიზაციას; და
  6. ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელსაც სრულიად ფლობს მთავრობა.
  1. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „დივიდენდები” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, jouissance აქციებიდან ან jouissance უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
  2. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს იმ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ადგილის მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ადგილს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
  3. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ადგილს. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

მუხლი 11

შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან

  1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  2. ამასთან, ამგვარი შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც ის წარმოიშობა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ ამგვარი შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამგვარი შემოსავლის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვის გამოყენების საკითს.

  1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობისთვის გადახდილი შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი „მთავრობა“ მოიცავს:
  1. საქართველოს შემთხვევაში:
  1. მთავრობას, ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს;
  2. საქართველოს ეროვნულ ბანკს; და
  3. ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელსაც სრულიად ფლობს მთავრობა;
  1. საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში:
  1. საუდის არაბეთის მონეტარულ სააგენტოს (SAMA);
  2. საუდის განვითარების ფონდს;
  3. საჯარო საინვესტიციო ფონდს;
  4. საჯარო საპენსიო სააგენტოს;
  5. სოციალური დაზღვევის გენერალურ ორგანიზაციას; და
  6. ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელსაც სრულიად ფლობს მთავრობა.
  1. ტერმინი „შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებისთვის, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე სავალო მოთხოვნიდან მიღებულ შემოსავლად არ განიხილება.
  2. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ადგილს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
  3. სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავალი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ ამგვარი შემოსავლის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი ამგვარი შემოსავალი და ამგვარი შემოსავლის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი, მაშინ ამგვარი შემოსავალი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი.
  4. თუ სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 12

როიალტი

  1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  2. ამასთან, ამგვარი როიალტი აგრეთვე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იგი წარმოიშობა, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
  1. როიალტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, რომელიც გადახდილი იქნა სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული აღჭურვილობით სარგებლობის ან სარგებლობის უფლებისთვის;
  2. როიალტის საერთო რაოდენობის 8 პროცენტს სხვა დანარჩენ შემთხვევაში.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვების გამოყენების საკითხს.

  1. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ან რადიო ან სამაუწყებლო გადაცემისთვის გამოყენებული ფილმების ან ჩანაწერების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული აღჭურვილობით სარგებლობის ან სარგებლობის უფლებისთვის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით (ნოუ-ჰაუ) სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის ან ნებისმიერი მომსახურებისთვის ან ტექნიკური ხასიათის მქონე დახმარებისთვის.
  2. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ადგილთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
  3. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი, მაშინ ჩაითვლება, რომ ამგვარი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი.
  4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

  1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ ფიქსირებულ ადგილთან დაკავშირებული მოძრავი ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ადგილის გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
  3. საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.
  4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომელიც წარმოადგენს წილობრივ მონაწილეობას მეორე ხელშემკვრელი სახელწიფოს რეზ(?)იდენტ კომპანიაში, გარდა იმ კომპანიებისა, რომელთა აქციებით ვაჭრობა დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახლემწიფოში.
  5. ამ მუხლის წინამდებარე პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

მუხლი 14

დამოუკიდებელი პირადი მომსახურება

  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა ქვემოთ მოყვანილი იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი შემოსავალი ასევე შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:
  1. თუ თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ადგილი; ამ შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაიბეგრება შემოსავლის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ადგილს; ან
  2. თუ ის იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომლის ხანგრძლივობა უდრის ან არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის ფისკალურ წელს; ამ შემთხვევაში, შემოსავალი დაიბეგრება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ სახელმწიფოში განხორციელებულ საქმიანობას.
  1. ტერმინი „პროფესიული მომსახურება“ მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.

მუხლი 15

დამოკიდებული პირადი მომსახურება

  1. ამ შეთანხმების მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
  1. ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
  2. ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
  3. ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
  1. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.

მუხლი 16

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 

მუხლი 17

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

  1. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
  3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ვიზიტი ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში სრულიად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილია პირველად ხსენებული სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს საჯარო ფონდებით, ან გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ შეთანხმების ან პროგრამის ფარგლებში. 

მუხლი 18

პენსიები

  1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების მიუხედავად, საჯარო პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ნაწილს, გაცემული პენსია და სხვა გადახდები დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

მუხლი 19

საჯარო სამსახური

1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიების გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

  1. არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
  2. არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b)   ამასთან, ასეთი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე  ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

  1. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, პენსიებზე სხვა მსგავს ანაზღაურებაზე.

მუხლი 20

სტუდენტები

  1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის, მოსწავლის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
  2. სტუდენტის, მოსწავლის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება ორ წელს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას, პრაქტიკის ან სტაჟირების გავლას პირველად ხსენებულ სახელმწიფოში. 

მუხლი 21

პროფესორები და მკვლევარები

პროფესორის ან მკვლევარის მიერ, რომელიც არის ან მეორე ხელშემკრელ სახელმწიფოში ჩასვლამდე ან მიწვევამდე იყო ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იღებს შემოსავალს  საგანმანათლებლო საქმიანობიდან ან კვლევითი სამუშაოებიდან და რომლის ვიზიტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში უკავშირდება სწავლებას ან კვლევის ჩატარებას, არ დაიბეგრება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი ამ სახელმწიფოში პირველი ვიზიტიდან 6 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 22

სხვა შემოსავლები

  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ადგილს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

მუხლი 23

კაპიტალი

  1. კაპიტალი, წარმოდგენილი ამ შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე სახელმწიფოში არსებულ ფიქსირებულ ადგილთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
  3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის მიერ ექსპლუატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.
  4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 24

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდები

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება შემდეგი სახით:

  1. საქართველოს შემთხვევაში:
  1. როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საუდის არაბეთის სამეფოში, საქართველო დაუშვებს:
  1. ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
  2. ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.

  1. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
  1. საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში:
  1. როდესაც საუდის არაბეთის სამეფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, საუდის არაბეთის სამეფო დაუშვებს:
  1. ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
  2. ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საუდის არაბეთის სამეფოში.

  1. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდი წინააღმდეგობაში არ მოდის ზაკატის გადასახადების აკრეფის რეჟიმის დებულებებთან.

მუხლი 25

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

 

  1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს. საქმე წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
  2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.
  3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.
  4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ  ერთმანეთთან კონტაქტი იქონიონ.

მუხლი 26

ინფორმაციის გაცვლა

  1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
  2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მიუხედავად ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია სხვა მიზნებისთვისაც, როდესაც ამგვარი ინფორმაციის ამ მიზნებისთვის გამოყენება შესაძლებელია ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ინფორმაციის მიმწოდებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვის საფუძველზე.
  3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
  1. გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
  2. მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
  3. მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს  ნებისმიერი  სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).
  1. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას არ გააჩნია შიდასახელმწიფოებრივი ინტერესი ამ ინფორმაციის მიმართ.
  2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან ეხება პირთან დაკავშირებულ წილობრივ მონაწილეობას.

მუხლი 27

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

 

მუხლი 28

სხვა დებულებები

  1. ამ შეთანხმების არცერთი მუხლი ხელს არ შეუშლის რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების გამოყენებას გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადების გადახდის თავიდან აცილების აღკვეთის მიზნით.
  2. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა მუხლის დებულების მიუხედავად, აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული შეღავათები არ მიენიჭება რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიას, თუ ამგვარი კომპანიის შექმნის მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა, რომლებიც არ იქნებოდა მათთვის ხელმისაწვდომი სხვაგვარად.

მუხლი 29

ძალაში შესვლა

  1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დასრულების თაობაზე. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მეორე თვის პირველ დღეს.
  2. ამ შეთანხმების დებულებები იმოქმედებს:
  1. წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ თანხებზე, რომლებიც გადახდილი ან ჩათვლილი იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
  2. სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო წლებში, რომლებიც იწყება ამ  შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

 

მუხლი 30

მოქმედების შეწყვეტა

  1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, ამასთან თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის წლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კალენდარული წლის არაუგვიანეს 30 ივნისისა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით.
  2. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
  1. წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ თანხებზე, რომლებიც გადახდილი ან ჩათვლილი იქნა ამგვარი შეტყობინების მიღების კალენდარული წლის დასრულების შემდეგ;
  2. სხვა გადასახადების მიმართ საგადასახადო წლებში, რომლებიც იწყება ამგვარი შეტყობინების მიღების წლის დასრულების შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.      

შესრულებულია 2018 წლის 14 მარტს, ქ. რიადში, რომელიც შეესაბამება 26 ჯუმადა II 1439 ჰიჯრის წელიწადს (H), ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

სახელით

მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრი

საუდის არაბეთის სამეფოს

სახელით

მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაან

ფინანსთა მინისტრი

 

ოქმი

„საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. ამ შეთანხმების მე-3 მუხლთან მიმართებით:

საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „ადმინისტრაციული ქვედანაყოფები“ ან  „ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები“  ნიშნავს, „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს“ ან „ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს“. 

2. ამ შეთანხმების მე-7 მუხლთან მიმართებით:

მხარეები თანხმდებიან, რომ

a) ხელშემკვრელი სახელწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პროდუქციის ექსპორტირების შედეგად ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება არ დაიბეგრება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. როდესაც ექსპორტის კონტრაქტი ითვალისწინებს სხვა საქმიანობის წარმართვას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამგვარი საქმიანობიდან მიღებული მოგება შეიძლება დაბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

b) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება“ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, წარმოების, სავაჭრო, საბანკო, სადაზღვევო საქმიანობიდან, ასევე შიდა ტრანსპორტირების ოპერაციების და მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ მოგებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ფიზიკური პირის მიერ, როგორც დაქირავებითი მოსამსახურის ან დამოუკიდებელი პირის სახით პირადი ხასიათის საქმიანობის წარმართვას.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2018 წლის 14 მარტს, ქ. რიადში, რომელიც შეესაბამება 26 ჯუმადა II 1439 ჰიჯრის წელიწადს (H) ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

სახელით

მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრი

საუდის არაბეთის სამეფოს

სახელით

მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაან

ფინანსთა მინისტრი