დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.021191 |
|
„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2016, 430210000.10.003.019266) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი
|
სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესსა და ზოგად პირობებს.
მუხლი 2. გრანტის გაცემის მიზანი 1. ცენტრის მიერ გრანტის გაცემის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. 2. ცენტრის ამოცანაა გრანტის გაცემის გზით ხელი შეუწყოს: ა) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების მიერ საზღვარგარეთ განათლების მიღებას; ბ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების მიერ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას; დ) ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო საქართველოს მოქალაქის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით სასტიპენდიო/ საგრანტო პროგრამების განხორციელებას. მუხლი 3. ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი 1. ცენტრის მიერ გრანტი შეიძლება გაიცეს ფიზიკურ პირზე მხოლოდ კონკურსის გზით, ხოლო კონკურსის გარეშე გრანტის გაცემა შესაძლებელია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე – განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაზე მხოლოდ საკონკურსო პროგრამის განხორციელების მიზნით. 2. სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამებს, შესაბამისი პროგრამის კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ცენტრისთვის გამოყოფილი ასიგნებები; ბ) დონორი ან/და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები. მუხლი 4. გრანტის მიმღების ძირითადი უფლება-მოვალეობები 1. გრანტის მიმღებმა, რომელმაც გრანტი მოიპოვა საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების ან კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე სწავლის მიზნით, ცენტრს უნდა წარუდგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების/კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. გრანტის მიმღები, რომელმაც გრანტი მოიპოვა საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნით, უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში. 3. გრანტის მიმღებს, რომელმაც მოიპოვა გრანტი საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნით, უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას თხოვნით, რათა სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლება გრანტის მიმღებს ენიჭება შესაბამისი პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ დაფინანსებული მიმართულებით საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებად და ამ ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. 4. გრანტის მიმღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს საზღვარგარეთ, შესაბამის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ გრანტის მიმღები კარგავს საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის მოთხოვნის უფლებას. 5. გრანტის მიმღებს შეიძლება მიეცეს შემდეგ აკადემიურ საფეხურზე სწავლის უფლება შესაბამისი პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით, თუკი ამ უფლებას არ ანიჭებს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამა. აღნიშნული განიხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებად და ამ ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი აკადემიური პროგრამის დასრულებისთანავე. 6. გრანტის მიმღებმა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 12 თვის განმავლობაში მუშაობა უნდა გააგრძელოს იმ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა გრანტის მოპოვების პერიოდში. 7. ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით. მუხლი 5. პასუხისმგებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და გრანტის დაბრუნების წესი 1. გრანტის მიმღების მიერ ამ გრანტის გაცემის წესით, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. 2. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს მიღებული გრანტი შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 3. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გამოყოფილი გრანტის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს გრანტის აუთვისებელი ოდენობა. 4. მინიჭებული გრანტის შესაბამისი აკადემიური წლისათვის აუთვისებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები კარგავს თანხის გადარიცხვის მოთხოვნის უფლებას. მუხლი 6. გრანტის გაცემის შეზღუდვა 1. გრანტი არ გაიცემა ერთი პირისათვის ორჯერ ერთისა და იმავე საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის ან/და ერთისა და იმავე კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის გავლის მიზნით. 2. გრანტის მიმღებს შესაბამისი სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ აქვს უფლება, მოითხოვოს გრანტი იმავე ან სხვა სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს გამონაკლისს აღნიშნულთან დაკავშირებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები