დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-31/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.22.035.016599 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/04/2019 - 04/07/2019)
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“, „ბ.გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „დ1“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის გათვალისწინებით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №246 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სამინისტროს მიერ შესაბამისი გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; ბ) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისთვის საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში საკითხების გადასაწყვეტად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით; გ) გრანტის გამცემი – სამინისტრო; დ) გრანტის მიმღები – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; ე) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად; ვ) საგრანტო განაცხადი – საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია; ზ) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისათვის; თ) საგრანტო კომისია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ, სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი კომისია; ი) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას; კ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დატოვებული განუხილველად; ლ) საგრანტო პროგრამა – მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ; მ) საგრანტო წინადადება – ამ წესის შესაბამისად, შესაბამისი გრანტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების პირობები; ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
მუხლი 3. გრანტის გაცემის პრინციპები გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო 1. სამინისტროს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 2. სამინისტროს საგრანტო პროგრამა ასევე შეიძლება დაფინანსდეს დონორი ორგანიზაციის მიერ გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტროსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადმოცემული გრანტის სახსრებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო გრანტის სახსრებს ამ ბრძანებით გათვალისწინებული კონკურსის გარეშე გასცემს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ გრანტის ხელშეკრულებაში მითითებულია ამ გრანტის კონკრეტული მიმღები.
მუხლი 5. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება 1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 2. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიმართულებით იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია სამინისტროს მიერ გრანტის გაცემა; ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას; გ) საგრანტო ვადას; დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას; ე) თითოეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას; ვ) დაფინანსების წყაროს. 3. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს საგრანტო კომისის გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ასევე პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 7. საგრანტო კომისია 1. სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, მინისტრი ქმნის საგრანტო კომისიას (შემდგომში - კომისია). 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურე. 4. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ან/და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები. 5. კომისია თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 6. კომისია: ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ადგენს დამატებით კრიტერიუმებს წარმოდგენილ საგრანტო წინადადებათაგან გამარჯვებულის გამოსავლენად; გ) ადგენს და აქვეყნებს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ; დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან; ე) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადისა და წინადადების განუხილველად დატოვების შესახებ; ვ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; ზ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს. 7. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას: ა) ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტების და/ან წარმოდგენის თაობაზე; ბ) სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტის მოწვევის თაობაზე.
მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს კომისიის წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ: ა) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავი ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია; ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან. 2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა; დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 3. კომისიის წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს კომისის წევრმა ან განმცხადებელმა. კომისიის წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისია კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს კომისის ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. კომისიის წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
მუხლი 9. კომისიის საქმიანობის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე. 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრი. 3. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. 4. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, კომისიის ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
მუხლი 10. კომისის სხდომის ოქმი 1. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი ამ წესის შესაბამისად. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 2. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) კომისიის წევრების სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი; ე) დღის წესრიგი; ვ) განხილვის აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება დეპარტამენტში.
მუხლი 11. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტი. 2. დეპარტამენტი: ა) ამზადებს განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს კომისიის სხდომაზე განსახილველად; ბ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას; გ) ასრულებს კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების მითითებებს; დ) ახორციელებს კომისიის მუშაოებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკურ სამუშაოებს.
მუხლი 12. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება 1. კომისია, სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისათვის, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შემდგომ აქვეყნებს განცხადებას სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების განცხადებაში მითითებულ ვადაში. 3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გრანტის გამცემის დასახელება; ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით; გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები; დ) შეფასების კრიტერიუმები; ე) საგრანტო ვადა; ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა; ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა; თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი.
მუხლი 13. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. კომისია საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. ორგანიზაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით დეპარტამენტის უფროსის მიერ. 3. კომისიას უფლება აქვს საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით.
მუხლი 14. საგრანტო განაცხადი და მისი წარდგენის წესი 1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ კომისიაში შეტანილ პაკეტს, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან: ა) საგრანტო წინადადება; ბ) განმცხადებლის დებულება/წესდება; 2. საგრანტო განაცხადში უნდა მიეთითოს: ა) გრანტის გამცემის დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი); გ) მოთხოვნა გრანტის მიღების შესახებ; დ) განაცხადზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი; ე) განაცხადის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა. 3. საგრანტო განაცხადი კომისიას წარედგინება სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის 144.
მუხლი 15. საგრანტო წინადადება საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს: ა) თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას; ბ) გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას; გ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს; დ) შესრულების ვადას; ე) მოსალოდნელ შედეგს; ვ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების, მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ; ზ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასებას.
მუხლი 16. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. კომისია საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში, სამინისტროს ოფიცილურ ვებგვერდზე. 3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია: ა) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი; ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა; გ) ადამიანური რესურსების გამოცდილება. 4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისიამ შეიძლება დააზუსტოს და/ან დაადგინოს დამატებითი შეფასების კრიტერიუმები. 5. საგრანტო წინადადებები ფასდება კომისიის მიერ ცალ-ცალკე, საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით.
მუხლი 17. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ კომისია იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. შერჩევის პროცესში კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საგრანტო განაცხადის განსახილველად მიღების ან განუხილველად დატოვების თაობაზე; ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვს განმცხადებელს დოკუმენტაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას. 4. თითოეული განაცხადის განუხილველად დატოვების თუ განსახილველად მიღების საკითხს კომისია წყვეტს კენჭისყრით. 5. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. განაცხადი რჩება განუხილველად, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან: ა) განმცხადებელმა არ წარადგინა საგრანტო წინადადება; ბ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა კომისიამ ან, ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე; გ) განმცხადებელმა, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი და/ან არ დააზუსტა და/ან არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია; დ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე. 6. კომისია უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადის შერჩევისას, კომისიის სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი, მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის დაზუსტების/განმარტების მიზნით. 7. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ ეცნობება წერილობით.
მუხლი 18. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება კომისიის ყველა წევრის მიერ, ამ წესის მე-16 მუხლითა და კომისიის მიერ საგრანტო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. 2. საგრანტო წინადადება ფასდება კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საფუძველზე. 3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს. 4. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა, მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით. 5. კომისია გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის წერილით. 6. საგრანტო კონკურსის შედეგები საჯაროდ ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 19. გადაწყვეტილების მიღების ვადა საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 20. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით. 2. საგრანტო დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს წინასწარი თანხმობის მისაღებად (თუ გრანტის ოდენობა არ აღემატება 50 000-ს) ან განსახილველად საქართველოს მთავრობას, მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით (თუ გრანტის ოდენობა აღემატება 50 000 ლარს). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ მხარეები ხელს აწერენ საგრანტო ხელშეკრულებას.
მუხლი 21. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ; გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ე) სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას და მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს; ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს; თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს; ი) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს; კ) ანგარიშგების წესს; ლ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს; მ) დავის გადაწყვეტის წესს; ნ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას); ო) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის წესს; პ) საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის პირობების, გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადებს.
მუხლი 22. მონიტორინგი 1. გრანტის გამცემი, დეპარტამენტის მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დასრულებული გრანტების შესახებ, მათ შორის: ა) გრანტის მიმღების შესახებ; ბ) გრანტის გაცემის სფეროს, მიზნების, ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ; გ) გრანტის მოცულობის შესახებ; დ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ; ე) გრანტით მიღწეული მიზნების შეფასების შესახებ; ვ) დანახარჯების შესახებ. 3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 4. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირი შემოწმების შედეგად მომზადებულ მონიტორინგის დასკვნის პროექტს წერილობით წარუდგენს კომისიას საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომისიის თავმჯდომარე კომისიის გადაწყვეტილებას შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს. 5. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას.
მუხლი 23. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა 1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით. 2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. დარღვევის აღმოფხვრამდე გრანტის გამცემი ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა, თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად. 3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით. 4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები.
მუხლი 24. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება თუ საგრანტო ვადის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი, თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები