საქართველოს კანონის პროექტი - „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი - „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 22/03/2019
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016486
0
22/03/2019
ვებგვერდი, 25/03/2019
000000000.00.00.016486
საქართველოს კანონის პროექტი - „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (N816, პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.05.000.230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა (მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში) და მოხმარების, ბაზრის ოპერატორის მომსახურების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ტარიფების, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;“.

2. 414  მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ვრცელდება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები.“;

ბ) მე-3, 32, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.           

3. 43- მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„81. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსპორტირების (მათ შორის, ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) მომსახურების დანახარჯების ანაზღაურებას, სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.“.

4. 463 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 463. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება

1. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ლიცენზიატის ან მიმწოდებლის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის მფლობელობაში მყოფ ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე არის მიერთებული მომხმარებელი. ტექნიკური პირობა ასევე უნდა გასცეს იმ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა, ლიცენზიატმა ან მიმწოდებელმა, რომლის ქსელზე ან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას აპირებს მომხმარებელი.

2. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობები.“.

მუხლი 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                 სალომე ზურაბიშვილი

 

განმარტებითი ბარათი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

კანონპროექტი მიზნად ისახავს ელექტროენერგიის იმპორტის (გარდა ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტისა) სატარიფო რეგულირებიდან გათავისუფლებას, რათა იმპორტიორებს შეეძლოთ თავისუფალ რეჟიმში შესაბამის კონტრაქტორთან შეთანხმებული ფასით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი. გამონაკლისი იქნება ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტი (მ.შ. ავარიულ სიტუაციებში), რომელზეც დარჩება სატარიფო რეგულირება.

კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს ელექტროენერგიის ტრანზიტის სფეროს მოწესრიგების შემდეგ ეტაპზე გადასვლას საქართველოში. ამ მიზნით იგი ადგენს ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ურთიერთობების ერთიან, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე რეგულირების პირობებს, ასევე ტრანზიტის მომსახურებაზე ფასწარმოქმნის ერთიანი სამართლებრივი პრინციპებისა და ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად აქტივებად ასახვის სამართლებრივ საფუძვლებს.

კანონპროექტის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების (ელექტრომობილები და სხვ.) პოპულარიზაციას და შესაბამისი დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სფეროს მოწესრიგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა კანონის დონეზე შეიქმნას ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებული არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე რეგულირების პირობების სამართლებრივი საფუძველი.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

დღეს მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს სემეკის მიერ იმპორტის ტარიფის დადგენის ნორმას, ასევე, ელექტროენერგიის ტრანზიტის ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს. შესაბამისად, ახალი რეგულაციების დანერგვა საჭიროებს ცვლილებების განხორციელებას სწორედ საკანონმდებლო აქტში, რამდენადაც კანონის ჩანაცვლება შესაძლებელია მხოლოდ კანონით.

გარდა ამისა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია არ აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ცალსახა საფუძველს ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად აქტივებად ასახვისთვის, ვინაიდან მიუთითებს, რომ ტრანზიტის უზრუნველყოფისას კომისიის მიერ ელექტროენერგიის გადაცემასა და მომსახურებაზე დადგენილი ტარიფები არ ვრცელდება და ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის საფასურის ოდენობა ხელშეკრულებით განისაზღვრება.

რაც შეეხება ავტონომიურ გადაადგილების საშუალებებს, 2018 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებული იყო ელექტროენერგიაზე მომუშავე 1768 ავტონომიური გადაადგილების საშუალება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ავტომობილების დამტენი პუნქტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 25-მდეა, საიდანაც უმეტესი ნაწილი ქ. თბილისის ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების გრძელვადიან პერიოდში პოპულარიზაციისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასეთი ტიპის დამტენი პუნქტების რაოდენობის ზრდა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ამ პუნქტების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებასთან.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია არ აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ცალსახა უფლებამოსილებას, განსაზღვროს ასეთი ტიპის დამტენი პუნქტების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობები, რათა ხელი შეეწყოს მათი რაოდენობის გაზრდას.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება ელექტროენერგიის გადაცემა-ტრანსპორტირებისთვის უკეთესი გარემო  ერთი მხრივ, როგორც ელექტროენერგიის ტრანზიტის დამკვეთებისთვის ტრანზიტის საფასურის გაანგარიშება/განსაზღვრის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპების დანერგვით, ხოლო მეორე მხრივ, ასევე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიანტებისთვისაც, რამდენადაც მათ საკუთრებაში არსებული ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის მოექცევა რეგულირებადი აქტივების ფარგლებში, რაც შექმნის მათი ექსპლუატაციის, შენახვისა და განვითარების სტაბილურ გარემოს. ასევე იმპორტიორებისთვის შეიქმნება მხარეთა შორის შეთანხმებული თავისუფალი ფასით ვაჭრობის შესაძლებლობა.

ასევე კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რათა მეორადი კანონმდებლობის დონეზე განისაზღვროს ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობები.

 .) კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტის ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ელექტრული ქსელის მოქცევა რეგულირებადი ინფრასტრუქტურის ფარგლებში. მოცემული ხელს შეუწყობს, ტრანზიტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების ანაზღაურებას ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის ტარიფის ფარგლებში, ხოლო მეორე, მხრივ იძლევა შესაძლებლობას ოპტიმიზირებული იქნეს ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური და ჩამოყალიბდეს მოცემული საფასურის განსაზღვრის ერთიანი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პროცედურა.

კანონპროექტის ძირითადი არსია ასევე, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორებს ჰქონდეთ საშუალება მხარეთა შორის შეთანხმებული თავისუფალი საბაზრო ფასით განახორციელონ იმპორტი.

კანონპროექტის ძირითად არსს ასევე წარმოადგენს ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსხვავებული პირობების ფარგლებში რეგულირების ქვეშ მოქცევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს, პირველ რიგში დამტენი პუნქტების/სადგურების რაოდენობის ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება საზოგადოების მიერ ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების გამოყენების მაჩვენებელზე.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების სრულყოფილი ამოქმედებისთვის (რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად აქტივებში ასახვისა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების შესაბამისი გადაანგარიშება) აუცილებელია შეტანილი იქნეს სათანადო კორექტივები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდეგში – „კომისია“) ცალკეულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში. იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად ტარიფის დამტკიცებისთვის (მათ შორის, ტარიფის ცვლილებისას) გათვალისწინებულია 180 დღიანი ვადა, საჭიროა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას განესაზღვროს საკმარისი ვადა (2020 წლის 1 იანვრამდე) სათანადო ცვლილებების მომზადების, საჯარო განხილვებისა და დამტკიცებისთვის (იხ. კანონპროექტის მე-2 მუხლი), რათა ეს ცვლილებები ძალაში შევიდეს მომდევნო სატარიფო წლიდან2020 წლის 1 იანვრიდან.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდეს მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან  2020 წლის 1 იანვრიდან (იხ. კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), როდესაც აღმოფხვრილი იქნება მოცემული ცვლილებების რეალიზებისთვის კანონმდებლობაში არსებული ყველა წინააღმდეგობა. იმავდროულად, კომისიას მიეცეს დავალება: კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყოს მუშაობა შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანისათვის (კანონპროექტის მე-2 მუხლი).

საბოლოო მიზანს, ცვლილებების ზემოაღნიშნული ეტაპობრივი სახით ამოქმედებისთვის წარმოადგენს ახალი დანაწესების უმოკლეს ვადაში გამოყენება მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ტარიფების განსაზღვრის პრაქტიკაში.

კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

კანონპროექტი არ იწვევს ყველა იმ პირთა ხარჯების პირდაპირ ცვლილებას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაძლებელია, მომდევნო ეტაპზე ტარიფის ტექნიკური უზრუნველყოფის საფასურის ჰარმონიზაციამ გადაცემის ტარიფებთან განაპირობოს ზოგიერთი ტრანზიტის დამკვეთის ხარჯების გარკვეული ზრდა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება მრავალ სხვა ფაქტორზეც, მათ შორის, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებებზეც.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პრინციპებსა და მოთხოვნებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოში მოქმედი დისპეტჩერიზაციის და გადაცემის ლიცენზიატების წარმომადგენლები.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არის.

დ.) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არის.

 ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.