საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 184/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016571
184/1
22/10/2018
ვებგვერდი, 22/03/2019
480610000.03.030.016571
საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს  სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობა (შემდგომში წოდებული როგორც „მალტის სუვერენული ორდენი“), ერთად წოდებულნი როგორც „მხარეები“,

ითვალისწინებენ რა მხარეთა შორის 1998 წელს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომ არსებულ ეფექტურ ურთიერთობებს;

ითვალისწინებენ რა ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების გამოვლენ მზარდ ტრანსსასაზღვრო ხასიათს, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გზით დროულად და ეფექტიანად რეაგირების საჭიროებას და აღნიშნულ სფეროში ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციის მნიშვნელობას;

მხარს უჭერენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ძალისხმევას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის სფეროში;

ხაზს უსვამენ რა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების სიხშირისა და სიმძიმის ზრდა;

კისრულობენ რა ვალდებულებას, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში წაახალისონ და განავითარონ თანამშრომლობა საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და მალტის სუვერენული ორდენის საშუალებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.;

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

საგანი

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი (შემდგომში წოდებული როგორც „წინამდებარე მემორანდუმი“) აყალიბებს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის ძირითად წესებს, აგრეთვე მალტის სუვერენული ორდენის მიერ მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების მეშვეობით  ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენის პირობებსა და პროცედურებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში.

 

მუხლი 2

განსაზღვრებები

წინამდებარე მემორანდუმის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

„საგანგებო სიტუაცია“: სტიქიური უბედურების, ავარიის ან სხვა საგანგებო გარემოებების შედეგად წარმოქმნილი მოვლენა ან მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც  გავლენას ახდენს მოსახლეობის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე, ქონებაზე ან გარემოზე, ან საფრთხეს უქმნის მათ ისეთი მასშტაბით, რაც წარმოშობს ზომების გატარების ან სპეციალიზებული ძალების ჩართვისა და სპეციალური რესურსების გამოყენების საჭიროებას;

„მაშველთა ჯგუფი“: მალტის სუვერენული ორდენის მიერ გამოყოფილი, სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალისტების არასამხედრო ჯგუფი, რომლის მიზანია შესაბამისი აღჭურვილობით, სამაშველო ძაღლებითა და მხარდაჭერის საშუალებებით დახმარების აღმოჩენა;

„დახმარების მასალები“: მალტის სუვერენული ორდენის მიერ გამოყოფილი ნივთები და მატერიალური რესურსები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე გადასახადისგან გათავისუფლებული განაწილებისთვის;

„ექსპერტი“: საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში სპეციალისტი,  რომელიც გაგზავნილია საქართველოში დახმარების აღმოსაჩენად;

„საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება“: საგანგებო სიტუაციისას ან მის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია სიცოცხლის გადარჩენა, ქონების დაცვა ან დახმარების მასალების მიწოდება და რომელიც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციის იმავდროული ეფექტის კონტროლს;

„კომპეტენტური ორგანო“: თითოეული მხარის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახორციელებს წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში ქმედებების მართვასა და კოორდინაციას.

 

მუხლი 3

კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო ორგანოები

1. წინამდებარე მემორანდუმის მიზნებისთვის, მხარეები უშუალოდ თანამშრომლობენ მათი კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მალტის სუვერენული ორდენის საშუალებებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

2. წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოები არიან:

  • საქართველოს მთავრობის მხრიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
  • მალტის სუვერენული ორდენის მთავრობის მხრიდან: მთავარი ჰოსპიტალიერის დეპარტამენტი, ჯანმრთელობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი და მათ მიერ დანიშნული წარმომადგენელი(ები).

3. წინამდებარე მემორანდუმის განხორციელებისას ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან დაუყოვნებლივ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი.

4. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი საკონტაქტო ორგანოების უწყვეტ ფუნქციონირებას:

  • საქართველოს მთავრობის მხრიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

  • მალტის სუვერენული ორდენის  მხრიდან: საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის საელჩო.

5. მხარეები დიპლომატიური არხებით, წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს კომპეტენტურ ორგანოებსა და საკონტაქტო ორგანოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას.

 

მუხლი 4

თანამშრომლობის ფორმები

1. წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში და საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მალტის სუვერენული ორდენის საშუალებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, მხარეები თანასწორობის, ნაცვალგებისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე თანამშრომლობენ  შემდეგი ფორმებით:

a) ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენა და ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნისთანავე, საგანგებო სიტუაციის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში;

b) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებასთან, მასზე მზადყოფნასა და რეაგირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ტექნიკური და სამართლებრივი დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიური და სხვა ლიტერატურის, ვიდეო და ფოტომასალების გაცვლა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;

c) მაშველთა ჯგუფების აღჭურვილობით მომარაგება;

d) ექსპერტთა ერთობლივი შეხვედრების, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და წვრთნების ორგანიზება/ჩატარება;

i) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა;

f) ექსპერტთა ტრენინგის ორგანიზება, მათ შორის, ლექტორებისა და ინსტრუქტორების გაცვლა შესაბამისი სასწავლო ცენტრებიდან და დაწესებულებებიდან თითოეული მხარის მოთხოვნის საფუძველზე;

g) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, მასზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში პროექტებისა და კვლევითი სამუშაოების ერთობლივი დაგეგმვა, განვითარება და განხორციელება.

2. წინამდებარე მემორანდუმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დაამყარონ თანამშრომლობა ასევე სხვა ფორმებით და შექმნან სამუშაო ჯგუფები.

3. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მალტის სუვერენული ორდენი აღმოუჩენს საქართველოს დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში.

4. მალტის სუვერენული ორდენის ორგანიზაციებში ექსპერტთა გაგზავნის და სხვა ხარჯების დაფარვის წესს მხარეები ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით შეათანხმებენ. ეს წესი ასევე გამოიყენება მალტის სუვერენული ორდენის ორგანიზაციების ექსპერტების საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებთან მიმართებით.

5. იმ ამოცანების შესასრულებლად და იმ პროგრამების იმპლემენტაციისთვის აუცილებელი აღჭურვილობის, მასალების და სხვა მარაგებისა და მომსახურების გაცვლა, რომლებთან დაკავშირებითაც იქნა მიღწეული შეთანხმება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მხარეთა საშუალებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

 

მუხლი 5

ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენის პროცედურა

1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების ჩართვით, აგრეთვე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებისთვის დახმარების მასალების მიწოდებით.

2. დახმარების შესახებ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით ინგლისურ ენაზე და მასში უნდა მიეთითოს:

a) საქართველოში მომხდარი საგანგებო სიტუაციის სახეობა, მასშტაბი, მდებარეობა, დრო და მიმდინარე სტატუსი და იმ დაწესებულებებისა და პირთა მონაცემები, რომლებთანაც უნდა მოხდეს დაკავშირება;

b) ინფორმაცია საგანგებო სიტუაციის მართვისათვის გასატარებელი გეგმებისა და ქმედებების შესახებ;

c) დახმარების სახეობა და პრიორიტეტები, რომლებიც მოთხოვნილია მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების, აღჭურვილობის და დახმარების მასალების თვალსაზრისით.

3. მალტის სუვერენული ორდენი აგზავნის გაწვრთნილ და აღჭურვილ ჯგუფს საგანგებო სიტუაციის მართვის მიზნით ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული მოთხოვნის შესაბამისად.

4. დახმარების აღმოსაჩენად გაგზავნილი მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების, აგრეთვე აღჭურვილობისა და დახმარების მასალების ტრანსპორტირება შეიძლება განხორციელდეს სახმელეთო, საჰაერო ან საწყლოსნო გზით.

 

მუხლი 6

მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტებისთვის გათვალისწინებული საზღვრის კვეთის პროცედურები და ყოფნის წესები

1. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა ხელი შეუწყოს მალტის სუვერენული ორდენის მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების მიერ საქართველოში საზღვრის კვეთას.

2. მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ოფიცრებს ინგლისურ ენაზე წარუდგენს მალტის სუვერენული ორდენის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებულ შემდეგ დოკუმენტებს:

a. მალტის სუვერენული ორდენის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული, სტანდარტული ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების უფლებამოსილებას და საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე მათი ჩასვლის მიზანს;

b. მაშველთა ჯგუფების წევრების ან/და ექსპერტების სია და აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების სია;

c. დახმარების მასალების სია.

მალტის სუვერენული ორდენის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში, ის წინასწარ გაუგზავნის აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშებს საქართველოს მთავრობას დიპლომატიური არხების მეშვეობით.

3. მძღოლები წარადგენენ შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობებს და მათ სარეგისტრაციო მოწმობებს. მართვის მოწმობებისა და სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშები გაეგზავნება წინასწარ საქართველოს მთავრობას დიპლომატიური არხების მეშვეობით.

4. მაშველთა ჯგუფების წევრებს ან/და ექსპერტებს შეუძლიათ შევიდნენ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე ორივე მხარისთვის ძალაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მას შემდეგ, რაც ისინი წარადგენენ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს და მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებს.

5. მაშველთა ჯგუფების მიერ სამაშველო ძაღლებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის და საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე მათი ყოფნის პროცედურა განისაზღვრება საქართველოს მიერ დადგენილი საკარანტინო წესების შესაბამისად.

6. მაშველთა ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ატარონ უნიფორმა საქართველოში. მალტის სუვერენული ორდენის მაშველთა ჯგუფი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალებებზე გამოიყენოს თავისი განმასხვავებელი ემბლემები საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე.

 

მუხლი 7

აღჭურვილობისა და დახმარების მასალების საზღვარზე გადატანა

1. საქართველო უზრუნველყოფს აღჭურვილობისა და დახმარების მასალების საზღვარზე გადატანისათვის გამარტივებულ პროცედურას.

2. მაშველთა ჯგუფის წევრებს ან/და ექსპერტებს, რომლებიც გაგზავნილნი არიან დახმარების აღმოსაჩენად, არ აქვთ უფლება ატარონ იარაღი და საბრძოლო მასალები საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე.

3. მხარეები თანხმდებიან, რომ აღჭურვილობა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება გარკვეული ვადით, უფასოდ და საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მხარეთა შეთანხმებით, საქონლის საზღვარზე გადატანისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები ან აკრძალვები არ გამოიყენება წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში აღჭურვილობასთან და დახმარების მასალებთან მიმართებაში. საქართველოს მთავრობამ უნდა დააბრუნოს აღჭურვილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული აღჭურვილობა განადგურდა მისი გამოყენებისას, ან თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. ნებისმიერი აღჭურვილობა, რომელიც დატოვებულ იქნა როგორც დახმარების მასალა, დეტალურად აღირიცხება მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ ოქმში, სადაც განისაზღვრება მისი სახეობა, რაოდენობა და მდებარეობა და დამოწმდება წინამდებარე მემორანდუმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საქართველოს მთავრობის კომპეტენტური ორგანოს მიერ. აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან შეატყობინონ უფლებამოსილ საბაჟო სამსახურებს ოქმის შესახებ, რომელიც წარედგინება საბაჟო კონტროლის თანამშრომლებს მისიის დასრულების შემდეგ.

5. წინა პუნქტის დებულებები, გარდა ამისა, გამოიყენება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმპორტის დროს და მათი გამოუყენებელი რაოდენობის მალტის სუვერენული ორდენისთვის უკან დაბრუნების დროს. საქონლის ნებისმიერი ასეთი გადაადგილება არ განიხილება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ იმპორტად და ექსპორტად. აღნიშნული მედიკამენტების იმპორტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა სამედიცინო დახმარების მიზნებით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ საქართველოს სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევებში, მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს წარუდგენს დეკლარაციას, სადაც მოცემული იქნება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების დასახელებათა ჩამონათვალი და მათი რაოდენობა. მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ადგენს ოქმს მედიკამენტების გამოუყენებელი რაოდენობის შესახებ, რომელიც დამოწმდება წინამდებარე მემორანდუმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საქართველოს მთავრობის კომპეტენტური ორგანოს მიერ და წარედგინება საბაჟო კონტროლის თანამშრომლებს მისიის დასრულების შემდეგ.

6. საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გააკონტროლოს ზემოაღნიშნული მედიკამენტების, აღჭურვილობისა და დახმარების მასალების გამოყენება და შენახვა.

 

მუხლი 8

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების კოორდინაცია და მართვა

1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების კოორდინაცია და მართვა განეკუთვნება საქართველოს კომპეტენტური ორგანოს კომპეტენციას.

2. საქართველოს კომპეტენტური ორგანო მაშველთა ჯგუფების ხელმძღვანელებს ან/და ექსპერტებს აცნობებს საგანგებო სიტუაციის ზონასა და ქმედებების განხორციელებისთვის განსაზღვრულ ადგილებში მოვლენათა განვითარების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თარჯიმნებით დახმარებასა და ოპერატიულ შტაბთან კომუნიკაციის საშუალებებს.

3. მაშველთა ჯგუფებს ან/და ექსპერტებს, თავიანთ აღჭურვილობასთან ერთად, უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად ოპერაციის წარმოება საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.

 

მუხლი 9

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების ხარჯები

1. მალტის სუვერენული ორდენის მიერ გაწეული დახმარების ხარჯები არ დაიფარება საქართველოს მთავრობის მიერ. მხარეებმა აღნიშნული ხარჯების დასაფარად შეიძლება ითანამშრომლონ მესამე მხარეებისგან ფინანსური სახსრების მოძიების საკითხში.

2. საქართველოს მთავრობა მალტის სუვერენული ორდენის მიერ გაგზავნილ მაშველთა ჯგუფებს ან/და ექსპერტებს უზრუნველყოფს უსაფრთხოებით და სამედიცინო დახმარებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე ლოგისტიკური მხარდაჭერით თავიანთი მისიის განხორციელების პერიოდში.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დახმარების აღმოსაჩენად, თავისუფლდება მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯებისგან და სხვა საფასურისგან.

 

მუხლი 10

ზიანი და ანაზღაურება

1. მალტის სუვერენული ორდენი უარს განაცხადებს ზიანის ანაზღაურების შესახებ ნებისმიერ საჩივარზე, რომლითაც შეიძლება მიმართონ აღნიშნულ მხარეს ან დახმარების აღმოსაჩენად მის მიერ გაგზავნილ ნებისმიერ ექსპერტს, თუ:

a) ქონება დაზიანდა მაშველთა ჯგუფების ან ექსპერტების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას;

b) მაშველთა ჯგუფის წევრს ან/და ექსპერტს ფიზიკური ზიანი, ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ან მათი სიკვდილი დადგა თავიანთი მოვალეობების განხორციელების პროცესში.

2. თუ მალტის სუვერენული ორდენის მაშველთა ჯგუფის რომელიმე წევრი ან/და ექსპერტი საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე მიაყენებს რაიმე ზიანს მესამე მხარეს წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების პროცესში, აღნიშნული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ისეთი შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც ასეთი ზიანი გამოწვეულია მალტის სუვერენული ორდენის მაშველთა ჯგუფის და/ან ექსპერტის მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას.

3. მაშველთა ჯგუფების რომელიმე წევრის ან/და ექსპერტის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი ანაზღაურდება მალტის სუვერენული ორდენის მიერ, იმის გათვალისწინებით, თუ ასეთი ზიანის ფაქტი დამტკიცდება საქართველოს საერთო სასამართლოში ან ზიანის მიმყენებელი თავად აღიარებს აღნიშნულს.

4. მხარეები მე-3 მუხლისა და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ ზიანთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. მხარეები ცვლიან ყველა მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას ზიანის გამოწვევის ყველა შემთხვევაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის ფარგლებში მოცემული მნიშვნელობით.

 

მუხლი 11

კომუნიკაცია საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების დროს

წინამდებარე მემორანდუმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი ზომის მიღებას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების განხორციელების ადგილას საიმედო კომუნიკაციის დასამყარებლად მაშველთა ჯგუფების ან/და ექსპერტების საჭიროებებისათვის.

 

მუხლი 12

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ოპერაციების შეწყვეტა

მაშველთა ჯგუფები ან/და ექსპერტები დაუყოვნებლივ წყვეტენ თავიანთ მოქმედებებს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.

 

მუხლი 13

დავების მოგვარება

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 14

სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები

წინამდებარე მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ მხარეების მიერ დადებული ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებიდან.

 

მუხლი 15

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მალტის სუვერენული ორდენის მიერ წინამდებარე მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ საქართველოს მხრიდან დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც წინამდებარე მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

3. წინამდებარე მემორანდუმი იდება ათი (10) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ათწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს მისი მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე მემორანდუმი წყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2018 წ. 22 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე მემორანდუმის დებულებების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

ხელმოწერილია

იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს  სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობის

 სახელით

ხელმოწერილია